ISFED: გაუგებარია, როგორ განიხილა ცესკომ 24 სთ-ში საოლქო კომისიების წევრობის 173 განაცხადი

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშის თანახმად, 73 საოლქო კომისიაში შერჩეული დროებითი წევრებიდან 14 შემთხვევაში გამოიკვეთა შერჩეული პირების ნათესაური კავშირები საარჩევნო ადმინისტრაციის თანამდებობის პირებთან, ხოლო 8 შემთხვევაში საოლქო კომისიებში პ/გ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ან აქტივისტი აირჩა.

ორგანიზაციის დაკვირვებით, 8 სექტემბრამდე პერიოდში გამოვლინდა: ფიზიკური დაპირისპირების 1;
სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა -; მუქარის 1; სავარაუდოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობის 8; კამპანიისთვის ხელის შეშლის 2; დაბეჭდვითი
მასალის წესის დარღვევის 1 ფაქტი.

გარდა ამისა, ორგანიზაციის დამკვირვებლებმა დააფიქსირეს სხვადასხვა სახის 7 ინციდენტი საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესში. საყურადღებო იყო საბიუჯეტო რესურსების სავარაუდო მობილიზების შემთხვევები 31 მუნიციპალიტეტში.

ანგარიშის მიხედვით, საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრებით დაკომპლექტებისა და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსები პრობლემური იყო. ცესკომ 1 აგვისტოს საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევი კონკურსები გამოაცხადა. განცხადებების წარსადგენად დაინტერესებულ პირებს ორი დღე – 2 და 3 აგვისტო ჰქონდათ განსაზღვრული. უკვე 4 აგვისტოს კი, ცესკომ 173 კონკურსანტიდან საოლქო საარჩევნო კომისიების 72 წევრი შეარჩია და მათი კომისიაში დანიშვნის შესახებ შესაბამისი განკარგულება გამოსცა.

ორგანიზაციის ცნობით, გაუგებარია, როგორ მოახერხეს ცესკოს წევრებმა 24 საათში 173 კონკურსანტის განაცხადის განხილვა და, გასაუბრების გარეშე, მხოლოდ წარმოდგენილ საბუთებზე დაყრდნობით კონკურსანტთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების შეფასება. დაინტერესებული მხარეებისთვის უცნობი დარჩა კონკრეტულ კანდიდატებთან მიმართებით ცესკოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება და მართებულობა.

“მსგავსი წესით ჩატარებული კონკურსი თავისთავად ეჭვებს აჩენს მიღებული გადაწყვეტილებების სისწორის და სამართლიანობის შესახებ. „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ გასაუბრებისა და კანდიდატების შეფასების შესაბამისი კრიტერიუმების არარსებობის პირობებში, შეუძლებელია კანდიდატის სრულყოფილად შეფასება და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება“, – წერია ანგარიშში.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.