Lastminute : საქართველო ღვინის მოყვარულებისთვის საუკეთესო ქვეყნებს შორის მე-7 ადგილზეა

მოგზაურებისთვის განკუთვნილი ონლაინ-სერვისის Lastminute.com-ის მიერ შედგენილი რეიტინგის მიხედვით, საქართველო ღვინის მოყვარულებისთვის საუკეთესო ქვეყნების ოცდაათეულში მეშვიდე ადგილს იკავებს.

ქვეყნები რამდენიმე კრიტერიუმით შეაფასდა,  მათ შორისაა, სტუმრებისთვის ღია ვენახები, დეგუსტაციის ხელმისაწვდომობა,  ხარისხიანი ალკოჰოლის გაყიდვების მოცულობა, ღვინის ინდუსტრიაში აღებული საერთაშორისო ჯილდოები და ასევე მგზავრობისა და ცხოვრების ღირებულება ქვეყანაში.

კვლევაში ქართული ღვინის წარმოების რეგიონებად ძირითადად რაჭა და კახეთია განხილული, Lastminute-მა  სტუმრებისთვის ღია სულ 30 ვენახი დათვალა, ღვინის დეგუსტაციის 102 ადგილი,  ფრენის საშუალო ღირებულება 230,13 ფუნტი სტერლინგია, ქართულ ღვინოს სულ 462 ჯილდო აქვს აღებული, სასტუმროში ღამის გათევა საშუალოდ 38,50 ფუნტად შეიძლება, კვების საშუალო ღირებულება კი 5,17 ფუნტია მითითებული.

ამ და სხვა კრიტერიუმებით იტალიამ უმაღლესი ქულა მიიღო იმის გამო, რომ პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსული ტურისტებისთვის ქვეყანაში ხელმისაწვდომია მოგზაურობისა და ღვინის დეგუსტაციის ათასამდე ვარიანტი. ქვეყანაში 21 სავენახე რეგიონი არსებობს, სადაც ყველა ჯიშის ყურძენი მოჰყავთ.

საფრანგეთმა მეორე ადგილი დაიკავა, რაზეც უკმაყოფილო ფრანგებმა უკვე აღნიშნეს, რომ ეს იტალიის ღვინის ხარისხობრივ უპირატესობაზე არ მიანიშნებს. როგორც აღმოჩნდა,  საფრანგეთში ორჯერ ნაკლები ადგილია ღვინის დეგუსტაციისთვის განკუთვნილი, ვიდრე იტალიაში (400-ამდე ასეთი ადგილი). საფრანგეთში ბევრად ნაკლები ვენახია, სადაც ტურისტების მიღება შეიძლება, ანუ  31-33-ის წინააღმდეგ. ერთი ბოთლი ღვინის საშუალო ფასი იტალიაში უფრო იაფია – 4,77 ევრო, თითქმის ერთი ევროთ ნაკლები ვიდრე საფრანგეთში.

თუმცა, ფრანგები თავს იმით იმშვიდებენ, რომ მათ ღვინომ ყველაზე მეტი ჯილდო აიღო ღვინის ინდუსტრიის არსებობის მანძილზე. კვლევამ აჩვენა, რომ ფრანგებს ღვინის ხარისხის კუთხით სულ 28 872 ჯილდო აქვთ აღებული, მაშინ როდესაც იტალიაში სულ 19 160 საერთაშრისო ჯილდო დათვალეს.

მესამე ადგილზე ესპანეთი აღმოჩნდა, მეოთხეზე –  სამხრეთ აფრიკა. ავსტრალიამ მე-15 ადგილი დაიკავა, აშშ ამ სფეროში  27-ე  პოზიციას დასჯერდა, ბოლო,30-ე  ადგილს კი Lastminute.com-ის კვლევაში  დიდი ბრიტანეთი იკავებს. 

მარიამ მორგოშია

https://commersant.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.