NASA-მ კოსმოსში პირველად გააგზავნა აპარატი, რომელიც მზეს შეეხება. ეს შესაძლებელია?

კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ 12 აგვისტოს კოსმოსში გააგზავნა რაკეტა-მატარებელი Delta IV Heavy, რომელმაც მზესთან კოსმოსური ზონდი „პარკერი“ უნდა მიიტანოს. აპარატი მცირე ზომის ავტომობილის მოცულობისაა და მას სახელი ასტრო-ფიზიკოსის, იუჯინ პარკერის პატივსაცემად დაარქვეს. პარკერმა 1950-იან წლებში ერთ-ერთმა პირველმა აღწერა მსოფლიოში მზიური ქარი – დამუხტული ნაწილაკების ნაკადი, რომელსაც მზე მუდმივად აფრქვევს; დედამიწაზე მასთან დაკავშირებულია ისეთი ბუნებრივი მოვლენები, როგორებიცაა მაგნიტური ქარები და პოლარული (ჩრდილოეთის) ციალი. მზის კოსმოსური ზონდი „პარკერი“ NASA-ს პირველი პროექტია, რომელსაც ცოცხალი ადამიანის სახელი ჰქვია. იუჯინ პარკერი ახლა 91 წლისაა, ზონდის გაშვებას დაესწრო და „პარკერს“ დაემშვიდობა.

მზესთან შეხება შესაძლებელია?

NASA „პარკერს“ აღწერს, როგორც პირველ კოსმოსურ აპარატს, რომელიც მზეს უნდა „შეეხოს“. მეცნიერების გეგმის თანახმად, მისიის განმავლობაში, რომელიც 7 წელიწადზეა გათვლილი, აპარატი ვარსკვლავს რეკორდულად ახლო მანძილზე, 6,1 მილიონ კილომეტრზე მიუახლოვდება; ამ მომენტისთვის რეკორდი გერმანულ-ამერიკულ ზონდ Helios-2-ს ეკუთვნის, რომელმაც 1976 წელს მზეს 43,4 მილიონ კილომეტრში ჩაუფრინა. დედამიწას და მზეს შორის მანძილი საშუალოდ 149,6 მილიონი კილომეტრია.

ფოტო: NASA
„პარკერის“ ტესტირება

„პარკერი“, პირველი კოსმოსური აპარატია, რომელმაც მზის გვირგვინში (Corona) – ვარსკვლავის ატმოსფეროს ზედა ფენებში უნდა შეაღწიოს. იმისთვის, რომ ზონდი არ გადნეს, მას დაიცავს ნახშირბადის პლასტიკისგან დამზადებული 11 სანტიმეტრის სისქის ეკრანი, რომელიც დაახლოებით 1300 გრადუს ტემპერატურაზეა გათვლილი. სენსორების ავტომატური სისტემა თვალს მიადევნებს იმას, რომ აპარატი მზისკენ სწორედ დაცული მხრიდან მიტრიალდეს. როგორც ამას ზონდის შემქმნელები ამტკიცებენ, წარსულში კოსმოსური აპარატები მზეს იმიტომ ვერ უახლოვდებოდნენ, რომ ტექნოლოგიურად შეუძლებელი იყო მათი საკმარისი თერმული დაცვით აღჭურვა.

მეცნიერების მიზანი რა არის?

მზის ერთ-ერთი მთავარი გამოცანა არის ის, თუ რატომ არის ვარსკვლავის ატმოსფეროს გარეთა ნაწილი ასჯერ უფრო ცხელი, ვიდრე მისი ზედაპირი. დედამიწიდან შეუიარაღებელი თვალით ჩვენ შეგვიძლია თვალი ვადევნოთ მზის გამოსხივების ძალიან უმნიშვნელო ნაწილს, ამიტომ მზეს ჩვენ აღვიქვამთ, როგორც ძალიან მშვიდ და უცვლელ დისკს.

სინამდვილეში მას უწყვეტად ხლეჩს მძლავრი აფეთქებები, რომლის შედეგადაც დამუხტული ნაწილაკების ნაკადები და ელექტრომაგნიტური გამოსხივება, ეგრეთ წოდებული მზიური ქარი – ირგვლივ მილიარდ კილომეტრზე მიმოიფრქვევა. დედამიწაზე მზიური ქარის ნაკადები იწვევს ჩრდილოეთის ციალს, მაგნიტურ ქარებს და სხვა მოვლენებს, რომელთა საერთო სახელწოდება „კოსმოსური ამინდია“. ასეთი ამოფრქვევები აისახება არამხოლოდ ჩვენს ჯანმრთელობაზე, არამედ აფერხებს რადიოკავშირს, არღვევს თანამგზავრების მუშაობას და ზოგჯერ სერიოზულად აზიანებს ელექტროსადენების მუშაობას. მაგალითად, 1989 წელს ქარი იმდენად მძლავრი იყო, რომ ელექტროენერგიის გარეშე დატოვა მთელი კანადური პროვინცია კვებეკი, ხოლო ჩრდილოეთის ციალი დაფიქსირდა ფლორიდასა და ტეხასში, სადაც ის, როგორც წესი, არ არის.

ფოტო: NASA
სინამდვილეში, მზე ასე გამოიყურება

მაგალითად, უახლოეს მომავალში დაგეგმილია მარსზე ადამიანების გაგზავნა. მისია სამ წელსა და ექვს თვეს გაგრძელდება და თუ გაფრენის პროცესში მზეზე საკმარისად ინტენსიური ამოფრქვევები იქნება, ასტრონავტები დაიღუპებიან. დედამიწაზე კოსმოსური გამოსხივებისაგან ჩვენ პლანეტის მაგნიტოსფერო გვიცავს, მაგრამ ღია კოსმოსში მზის ქარს ვერ დაემალები – მისმა მოულოდნელმა ნაკადმა შეიძლება ხომალდის ელექტროსისტემა გაანადგუროს და ეკიპაჟის დეენემში შეუქცევადი ცვლილებები გამოიწვიოს.

მთავარი კითხვა, რომელზეც NASA-ს მეცნიერებს „პარკერის“ მონაცემებით პასუხის მიღება სურთ, არის ის, თუ რის გამო აღწევს მზიური ქარი ზებგერით სიჩქარეს; მეცნიერების ინფორმაციით, ეს სწორედ მზის გვირგვინში ხდება. მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ „პარკერის“ დახმარებით მიღებული ცნობებით მზური ქარის მექანიზმს დაადგენენ, რომელსაც შეუძლია, მაგალითად, დედამიწაზე რადიოკავშირის შეფერხება. „ვიდრე ჩვენ ვერ ავხსნით იმას, თუ რა ხდება მზის სიახლოვეს, ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ წინასწარ კოსმოსურს ამინდს, ამას კი ჩვენს პლანეტაზე ქაოსის გამოწვევა შეუძლია“, – ვკითხულობთ NASA-ს ვებგვერდზე.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.