NGO-ები: აუცილებელია, გაზპრომთან ახალი ხელშეკრულება გასაჯაროვდეს

23 არასამთავრობო ორგანიზაციის კოალიცია “ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის” ეხმაურება მთავრობის გადაწყვეტილებას, დათანხმდეს გაზპრომის პირობებს და ტრანზიტით გატარებული ბუნებრივი აირის საფასური მიიღოს ფულადი ანაზღაურებით და არა ნედლეულის სახით.

კოალიციის განცხადებით, პირველ რიგში, აუცილებელია, ახალი ხელშეკრულება გასაჯაროვდეს.

“მიგვაჩნია, რომ ახალი პირობები აუარესებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას, ხოლო ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი არგუმენტები ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დამაკმაყოფილებელი არ არის.

შევახსენებთ საზოგადოებას, რომ ეს საკითხი მწვავე დისკუსიის საგანი შარშანაც გახდა, თუმცა, სამოქალაქო საზოგადოებისა და ექსპერტების ერთსულოვანი უარყოფითი შეფასების შედეგად კონტრაქტის პირობები უცვლელი დარჩა. მეტიც, ენერგეტიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრებზე სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა აღიარეს რა შესაძლო რისკები, აღუთქვეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებდნენ კონტრაქტის არსებული პირობების შესანარჩუნებლად.

შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ პირველ რიგში აუცილებელია ახალი ხელშეკრულების გასაჯაროება, რათა საზოგადოებას ჰქონდეს უფრო მეტი ინფორმაცია კონკრეტული დეტალების შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში.

კოალიცის მოსაზრებით, მთავრობის მხრიდან აუცილებელია დამატებითი განმარტება შემდეგ საკითხებზე:

  • რა შეიცვალა გასული წლის შემდეგ, მაშინ როდესაც ეს პოზიცია მიუღებელი იყო მთავრობისთვის შარშან?
  • რატომ უნდა მოხდეს სეზონური დეფიციტის  სწორედ რუსული გაზით შევსება?
  • რა ნაბიჯები გადაიდგა ერთი წლის განმავლობაში იმისათვის, რომ სეზონური დეფიციტის გათვალისწინებით, დამატებითი მოცულობების უზრუნველყოფის   საკითხი განხილულიყო სხვა მომწოდებლებთან?
  • შეესაბამება თუ არა გაზის ტრანზიტის საფასური ენერგოგაერთიანების მოთხოვნების შესაბამისად დათვლილ საფასურს, და დამტკიცებულია თუ არა საფასური სემეკის მიერ.
  • რამდენად იყო მოლაპარაკებები უზრუნველყოფილი სტრატეგიული საექსპერტო გათვლებით და იყვნენ თუ არა ჩართული საერთაშორისო პარტნიორები იმისათვის, რომ მიგვეღო საუკეთესო პირობები.

“ასევე, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ამ საკითხზე პარლამენტში სპეციალური მოსმენის გამართვა, სადაც მთავრობის წევრები გარდა ამ და შესაძლო სხვა კითხვებზე პასუხისა, წარმოადგენენ კომპლექსურ ხედვას ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ, ამ პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიაზე ერთიანი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ფარგლებში”, – ნათქვამია განცხადებაში.

კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები არიან: საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, სამოქალაქო განვითარების სააგენტო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, საქართველოს ატლანტიკური საბჭო, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, მწვანე ალტერნატივა, საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი, მედიის განვითარების ფონდი, საქართველოს გაეროს ასოციაცია, საზოგადოება და ბანკები, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი, სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი, კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი, ხმა საქართველოდან, ლიბერალური აკადემია თბილისი, კავშირი საფარი და მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.
%d bloggers like this: