„აგარის შაქრის“ 500-მდე თანამშრომელი უმუშევარი დარჩა – რა უნდა ისწავლოს საქართველომ ევროკავშირისგან

უკვე ექვსი თვეა, დაბა აგარაში საქართველოში შაქრის მწარმოებელი ერთადერთი ფაბრიკა დაიხურა.

მისი თანამშრომლები საწარმოს შესასვლელთან აქციებს ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მართავენ. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა კომპანიის მფლობელები მათ მოთხოვნებს უერთდებიან.

რა მოხდა?

კომპანიის განცხადებით, ბაზარზე უფრო იაფი შაქარი შემოვიდა და აგარის შაქარმა კონკურენციას ვეღარ გაუძლო.

რატომ მოხდა?

2017 წლის 1-ლი ოქტომბრიდან ევროკავშირში გაუქმდა შაქრის წარმოების კვოტები და დადგენილი მინიმალური ფასები. შედეგად, შაქრის მწარმოებლებმა წარმადობა გაზარდეს და საექსპორტო ბაზრები, საქართველოს ჩათვლით, აითვისეს.

რას ნიშნავს კვოტები და მინიმალური ფასები?

1968 წელს ევროკავშირის ქვეყნები შაქრის წარმოების საერთო წესებზე შეთანხმდნენ. წესების მიხედვით, შაქრის მწარმოებლები პროდუქტში საბაზრო ღირებულებაზე მნიშვნელოვნად მაღალ, ევროკავშირის საბჭოს მიერ კონკრეტულად განსაზღვრულ ანაზღაურებას იღებდნენ. მინიმალური ფასის გარანტიამ და, ამასთანავე, იმპორტის შეზღუდვამ შაქრის სექტორის განვითარებისათვის მათთვის დამატებითი მოტივაცია შექმნა.

ასევე, ბაზრის ეფექტური კონტროლის მიზნით, შემუშავდა კვოტირების სისტემა, რაც წევრ სახელმწიფოებში შაქრის წარმოების ლიმიტს აწესებდა. კვოტირების დასრულების მომენტში, 2017 წელს, ეს ლიმიტი – 13.5 მილიონი ტონა შაქარი – წევრ სახელმწიფოებზე ნაწილდებოდა.

ამ კომლექსური რეგულაციების მიზანი ის იყო, რომ ევროკავშირს საჭირო რაოდენობის შაქარი და საჭირო საკვები მისსავე ტერიტორიაზე ეწარმოებინა. შედეგად, უშუალოდ შაქრის სექტორში ევროკავშირში დღეს 170 000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს და მას მსოფლიოში ჭარხლის შაქრის ბაზრის 50% უჭირავს.

თუმცა, რადგან აღნიშნული სისტემა სხვა ქვეყნებიდან იაფი შაქრის იმპორტის აკრძალვასაც გულისხმობდა, მისი რეგულაციების საპასუხოდ, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას, რომლის წევრი საქართველოცაა, ევროკავშირისთვის სუბსიდირებული შაქრის ექსპორტის ლიმიტი ჰქონდა დაწესებული – ბოლო მონაცემებით, მხოლოდ 1.374 მილიონი ტონა წელიწადში. ეს დანარჩენი მსოფლიოს საპასუხო ქმედება იყო საკუთარი ინტერესების დასაცავად.

2017 წლის 1-ლი ოქტომბრიდან კი, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა კვოტირებისა და მინიმალური ფასების სისტემა გააუქმა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შეზღუდვებიც მოიხსნა.

რა შეიძლება ისწავლოს ევროკავშირისგან საქართველომ?

ნახევარი საუკუნის განმავლობაში ევროკავშირი სტრატეგიული სექტორის განსავითარებლად აგრესიულ პროტექციონისტულ პოლიტიკას მიმართავდა. ეს პოლიტიკა მხოლოდ მას შემდეგ შეიცვალა, რაც შესაბამისი ინდუსტრია განვითარდა და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი გახდა.

ასევე, რეგულაციების გაუქმებამდე წლებით ადრე ევროკავშირმა გარდამავალი პერიოდისთვის შეიმუშავა სტრატეგია, რომელიც გულისხმობდა კომპენსაციების გაცემას, კომპანიებისთვის ბაზართან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას, ფასების მერყეობისას ზომების მიღებას და სხვ.

მსგავსი მიდგომებია რძისა და ხორცის მრეწველობაშიც. მაგალითისთვის, 2015 წელს ამ ორ სექტორში მომუშავე პირებმა ბაზარზე ფასების დავარდნის გამო ევროკავშირისგან ჯამში 500 მილიონი ევროს კომპენსაცია მიიღეს.

საგულისხმოა, რომ რეგულაციები წლების განმავლობაში, ეტაპობრივად უქმდებოდა. მათი საბოლოო გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება 2013 წელს იქნა მიღებული. გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის  2012 წლის კვლევის მიხედვით, ევროკავშირის შაქრის რეფორმის შედეგად მსოფლიოს გარშემო 200 000-მდე ადამიანი შეიძლებოდა სიღარიბეში აღმოჩენილიყო.

ამრიგად, საქართველოს შესაძლო რისკების შესაფასებლად და შესაბამისი ზომების მისაღებად საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა. უცნობია ისიც, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ  ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებისას, ცდილობდნენ თუ არა საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები შაქრის სექტორის დაცვისთვის პრევენციული მექანიზმის გათვალისწინებას.

ასეთი მექანიზმის მაგალითი ისევ აღნიშნული ხელშეკრულებაა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის მოთხოვნით, საქართველოს ბაზარზე წელიწადში 220 ტონაზე მეტი ნივრის უტარიფოდ შეტანა არ შეუძლია.

ამ ან სხვაგვარი მექანიზმების არარსებობის შედეგად დღეს აგარის შაქრის 500-მდე თანამშრომელი სამუშაო ადგილის გარეშე დარჩა. მათთან ერთად ურთულეს ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდა დაბის 3000-ზე მეტი მცხოვრები, რომელთა შემოსავალიც მეტწილად ფაბრიკის მუშაობაზეა დამოკიდებული. დაბა აგარა 1930-იან წლებში შაქრის ქარხანასთან ერთად სპეციალურად გაშენდა.

აგარის შემთხვევა ეკონომიკური გლობალიზაციის შედეგად სტაბილური სამუშაო ადგილების დაკარგვის თვალსაჩინო მაგალითია. მნიშვნელოვანია, მოხდეს ამგვარი რისკების წინასწარი შეფასება და გონივრული ზომების მიღება.

“ლიბერალი”

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.