19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე შესაძლოა, სამი „საბურთალოელი“ გაათავისუფლონ. გავრცელებული ინფორმაციით, საბა გოგშელიძეს, საბა ჩხარტიშვილსა და ირაკლი წაქაძეს 18 ნოემბრამდე (შესაძლოა დღესაც) გამოუშვებენ.
როგორც ცნობილია, გოგშელიძე, ჩხარტიშვილი და წაქაძე გიორგი შაქარაშვილის ცემის საქმეში არ მონაწილეობდნენ.
საბურთალოელებს, საბედისწერო წვეულებაზე მომხდარ ინცინდენტის მონაწილეობაში ედებათ ბრალი, რა დროსაც მსუბუქი დაზიანება მიიღო არასრულწლოვანმა ნ.ხ-მ და ამჟამად ბრალდებულმა ვახტანგ ჩიქოვანმა.
„ფორტუნა“ გარდაცვლილის ბიძას და ოჯახის ადვოკატს, მირიან ნიკოლაძეს დაუკავშირდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე საათში „საბურთალოელების“ გათავისუფლება იგეგმება. ამის შესახებ ფლობთ ინფორმაციას?
ვერ გეტყვით, ეს რამდენად იქნება შესაძლებელი, იმიტომ რომ ოჯახს პროკურატურამ გვკითხა და ჯერჯერობით ჩვენი პოზიცია არ დაგვიფიქსირებია. ოჯახი საკუთარ პოზიციას პროკურატურას დღე-დღეზე ეტყვის.
ოჯახს ამ სამი პიროვნების მიმართ პრეტენზია აქვს?
ოფიციალურად და გადაჭრით ოჯახი პოზიციას ჯერ ვერ ვამბობთ, თუმცა არაერთხელ გავაჟღერეთ, რომ რაიმე განსაკუთრებული აგრესია და სერიოზული პრეტენზია ამ პიროვნებების მიმართ არ გვქონდა. თუმცა კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ჩვენი პოზიციის იურიდიული ფორმულირება პროკურატურის წინაშე, ჯერ არ მომხდარა.
ხვალ გამოცხადდება არასრულწლოვანთა განაჩენი, რა მოლოდინი გაქვთ?
ობიექტური გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი გვაქვს. რა თქმა უნდა, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა დადგეს.
შეგახსენებთ, 19 წლის გიორგი შაქარაშვილი, რომელიც მცხეთაში, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, 19 ივნისს გაუჩინარდა. 4 დღის შემდეგ მაშველებმა მისი ცხედარი მდინარე არაგვში აღმოაჩინეს.
ამ საქმეზე პროკურატურამ 17 პირი დააკავა, მათგან 5-ს კი ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში შაქარაშვილის მკვლელობის ეპიზოდიც დაუმატა.