ადამიანებს ძაღლები მეტად უყვართ, ვიდრე ერთმანეთი – ახალი კვლევა

ხშირად ადამიანებს ძაღლები ერთმანეთზე მეტად უყვართ — ამტკიცებს ახალი კვლევა.

ორი სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ჩვენ გაცილებით მეტ თანაგრძნობას ვიჩენთ დაუცველი ძაღლებისადმი, ვიდრე გასაჭირში მყოფი ადამიანებისადმი.

ორი წლის წინ, სამედიცინო კვლევების ორგანიზაცია Harrison’s Fund-მა ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლის მიზანი იყო შეემოწმებინათ, ხალხი ფულს ძაღლების დასახმარებლად უფრო გაიღებდა თუ ადამიანების. შედეგი ჩვენი ოთხფეხა მეგობრების სასარგებლო აღმოჩნდა.

მკვლევრებმა ორი ბროშურა დაბეჭდეს. ორივე მათგანზე დაწერილი იყო შეკითხვა: „გაიღებთ თუ არა 5 ფუნტს, რათა ჰარისონი ნელი, მტანჯველი სიკვდილისგან გადაარჩინოთ?“

ორ ბროშურას შორის ერთადერთი განსხვავება სურათი იყო — ერთ მათგანზე ჰარისონად გამოსახული იყო პატარა ბიჭუნა, მეორეზე კი ძაღლი.

უფრო მეტი შემოწირულობა ძაღლმა ჰარისონმა მიიღო.

ძაღლისადმი ადამიანთა თანაგრძნობის შესახებ ჩატარებულმა კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ უფრო მეტად გვაშფოთებს ამბები ნაცემი ან დაჭრილი ძაღლების შესახებ, ვიდრე იმავე მდგომარეობაში მყოფი ადამიანების შესახებ.

ამ კვლევის ფარგლებში, ბოსტონის ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის მკვლევრებმა, პროფესორმა ჯეკ ლევინმა და არნოლდ ერლუკმა 240 მონაწილეს აჩვენეს ოთხი საგაზეთო ყალბი სტატიიდან ერთი.

სტატიებში საუბარი იყო უცნობი პირის მიერ ბეისბოლის ჯოხით თავდასხმაზე.

„თავდასხმიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ადგილზე მისულ პოლიციელს მსხვერპლი ფეხმოტეხილი, მრავლობითი ჭრილობებით, უგონო მდგომარეობაში დახვდა“.

მაგრამ თითოეულ ვერსიაში მსხვერპლი განსხვავებული იყო — ერთი წლის ჩვილი, 30 წლის ადამიანი, ლეკვი ან ექვსი წლის ზრდასრული ძაღლი.

ტექსტის წაკითხვის შემდეგ, თანაგრძნობის დონის განსაზღვრისთვის, კვლევის მონაწილეებს სთხოვეს გადმოეცათ ემოციები, რისთვისაც სტანდარტული კითხვები დაუსვეს.

აღნიშნული კვლევა ჟურნალ Society & Animals-ში გამოქვეყნდა.

მონაწილებმა, რომლებმაც წაიკითხეს ამბავი ბავშვის, ძაღლის ან ლეკვის შესახებ, თანაგრძნობის ერთნაირი დონე აჩვენეს, რასაც ვერ ვიტყვით ზრდასრული ადამიანის შემთხვევაში, რომლისადმიც ყველაზე ნაკლები თანაგრძნობა გამოხატეს, იუწყება The Times-ი.

„რესპონდენტები გაცილებით ნაკლებად წუხდებოდნენ, როცა მსხვერპლი ზრდასრული ადამიანი იყო, თუმცა სასტიკ აღშფოთებასა და თანაგრძნობას გამოხატავდნენ ბავშვების, ლეკვებისა და ძაღლების შემთხვევაში. მხოლოდ ჩვილმა ბავშვმა მიიღო ძაღლზე ოდნავ მეტი თანაგრძნობა“, — აღნიშნავენ მკვლევრები.

მათი დასკვნით, მრავალი ადამიანი ძაღლს ოჯახის ისეთივე წევრად აღიქვამს, როგორც ადამიანს.

„ისინი თავიანთ ძაღლებს არა ცხოველებად, არამედ ბავშვებად აღიქვამენ, ოჯახის წევრი ბავშვების მსგავსად“, – წერენ მკვლევრები.

მომზადებულია The Independent-ის მიხედვით

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ჩვენთან ყველა ინფორმაციის მიღება შეგიძლია