ადამ კინზინგერი: ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმ დემოკრატიის შესანარჩუნებლად, რომელიც საქართველოში დიდი ხნის მანძილზე იყო – კონგრესმენის საჯარო სილა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას?

კონგრესმენების მწვავე წერილების შემდეგ,  ვაშინგტონში „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების სამთავრობო ვიზიტები დაიწყო.

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ვიზიტის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე  სასწრაფო წესით, კონგრესმენებს შეხვდა.

თალაკვაძის პირველი შეხვედრა, კონგრესმენ ადამ კინზინგერთან  შედგა. კინზინგერი იყო სწორედ ის პირველი კონგრესმენი, რომელმაც პირველი მწვავე წერილი ოფიციალურ თბილისს გამოუგზავნა.

როგორც შეხვედრის შემდეგ კონგრესმენმა კინზინგერმა განაცხადა, მათ  საქართველოს მთავრობასთან გაცილებით მეტი კომუნიკაცია აკავშირებთ, ვიდრე  სხვა დანარჩენ პოლიტიკურ მხარეებთან და ამასთანავე დასძინა, რომ „ყველაფერი უნდა გაკეთდეს ქვეყანაში დემოკრატიის შესანარჩუნებლად, იმ დემოკრატიის, რომელიც საქართველოში დიდი ხნის მანძილზე იყო“.

„ჩვენ ქართველი ხალხის ერთგული ვართ. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი კომუნიკაცია იმ შეშფოთებებთან დაკავშირებით, რაც გვაწუხებს და იმედი მაქვს, რომ მალე ვნახავთ შედეგს. ჩვენ მთავრობასთან უფრო ხშირად გვაქვს კომუნიკაცია, ვიდრე სხვა დანარჩენთან. ჩვენ ვხედავთ ამ შეშფოთების მიზეზს და გამოვხატავთ მას; თუმცა, ეს ჩვენი შეშფოთება არ უნდა იყოს აღქმული, როგორც იმედგაცრუება ან ბრაზი. ეს უნდა იქნას აღქმული, როგორც მეგობრებს შორის ურთიერთობა. ჩვენ საქართველოს როლს ვხედავთ, როგორც ძალიან მნიშვნელოვანს ჩვენს მომავალში. ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ საქართველოც ასევე ხედავს ამერიკის შეერთებულ შტატებს.

მთავრობასთან გაცილებით მეტი კომუნიკაცია გვაკავშირებს, ვიდრე რომელიმე სხვა მხარესთან. ჩვენ ვხედავთ გარკვეულ საკითხებს, ვმსჯელობთ მათზე, თუმცა, ჩვენი პოზიციები, რომლებიც არსებულ საკითხებს ეხება, არ უნდა გავიაზროთ ისე, როგორც გაბრაზების, ან განაწყენების გამომხატველი გზავნილები, არამედ, როგორც მეგობრებს შორის ჯანსაღი ურთიერთდამოკიდებულების გამომხატველი ჟესტი. ჩვენ საქართველოს ჩვენი სამომავლო გეგმების ძალზე მნიშვნელოვან ნაწილად მოვიაზრებთ და იმედი მაქვს, საქართველოსაც იგივე ექნება სათქმელი ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ. ამრიგად, აღნიშნული გზავნილები ჩვენი დამოუკიდებელი და ობიექტური მოქმედების შედეგი უფროა, ვიდრე რაიმე სახის გზავნილები“, – განაცხადა კინზინგერმა.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში მიმდინარე მოვლენებით მნიშვნელოვნად დაინტერესებულია,

„ერთ-ერთი უმთავრესი, რაც საქართველოზე საუბრისას უნდა აღინიშნოს, არის დიალოგის გაგრძელების გარდაუვალი აუცილებლობა, რაც თავის მხრივ, არსებული კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლის წინაპირობაა. ჩვენ გვქონდა საკმაოდ პროდუქტიული საუბრები ყველა იმ საკითხთან მიმართებით, რაც ჩვენს საერთო ინტერესებშია და დიდ იმედს გამოვთქვამ, გადაწყვეტილების მიღების პროცესი იქნება სწრაფი და შედეგზე ორიენტირებული. საკმაოდ კარგად მიდის ჩვენი ურთიერთობა და იმედი მაქვს, შეთანხმებასაც ერთობლივად მივაღწევთ. ერთი ცხადია, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ქვეყანაში დემოკრატიის შესანარჩუნებლად, იმ დემოკრატიის, რომელიც საქართველოში დიდი ხნის მანძილზე იყო“, – განაცხადა ადამ კინზინგერმა.

რაც შეეხება არჩილ თალაკვაძეს, პარლამენტის თავმჯდომარე აუდიენციას დადებითად აფასებს. მისი თქმით, მათ კონგრესმენეს გააცნებს ის გადაწყვეტილებები, რომლის ,,მიღებასაც აპირებენ”.

თალაკვაძის განცხადებით, კონგრესმენებს სჭირდებოდათ პასუხი და საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მზადაა პასუხების გასაცემად.

„ვისაუბრებთ მიმდინარე პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებით. მათ გავაცნობთ, თუ რა გადაწყვეტილებების მიღებას ვაპირებთ. ცალსახად ფაქტია, რომ კონგრესმენებს ჩვენგან სჭირდებათ პასუხები, მეტი ინფორმაცია და ჩვენ ამ პასუხებით ვართ აქ ჩამოსული. ჩვენი მიზანი არის, რომ დროულად დავხუროთ ის საკითხები, რომელიც ჯერ კიდევ რჩება დისკუსიის საგნად პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში და დროულად დავიწყოთ არჩევნებისთვის მომზადება. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა და აუცილებლად შევასრულებთ ამ პასუხისმგებლობას, რომ არჩევნები საქართველოში ჩატარდება დემოკრატიულად, გამჭვირვალედ, მიუხედავად იმისა, თუ რა შეთანხმება შედგება არჩევნების მოდელთან დაკავშირებით ჩვენსა და ოპოზიციას შორის“, – განაცხადა  თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით,  კონგრესმენებს გააცნეს ის  წინადადება, რომელსაც ხელისუფლება ოპოზიციასა და საზოგადოებას სთავაზობს. არჩილ თალაკვაძემ ასევე აღნიშნა, რომ საპარლამენტო დელეგაცია შეძლებს, დაარწმუნოს ამერიკელი კოლეგები, რომ საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება გრძელდება და საქართველო დემოკრატიის გაძლიერების მიმართულებით თავის კურსს ზურგს არ შეაქცევს.

„როგორც გითხარით, ჩვენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს გავაცნობთ კონგრესის წევრებს, ჩვენს მეგობრებს, თუ რა გადაწყვეტილებებს ვთავაზობთ ოპოზიციასა და ჩვენს საზოგადოებას. ერთი რამ ცხადია, ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, თავისი საარჩევნო კომპანია ჩაატაროს ვაშინგტონში, მაშინ, როდესაც საზოგადოებისა და მოქალაქეების მხარდაჭერა არ აქვს საქართველოში. ეს ფაქტია. იკვეთება, რომ ისინი ქვეყნის იმიჯის დაზიანების ხარჯზე ცდილობენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მიიღონ ისეთი მხარდაჭერა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა არასოდეს აკეთებს და არ ერევა საარჩევნო საკითხებში. ჩვენ დავარწმუნებთ ჩვენს კოლეგებს, რომ საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება გრძელდება და საქართველო თავის კურსს, რომ გააძლიეროს დემოკრატია, ზურგს არასოდეს შეაქცევს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.