“ამერიკელები ძალიან ერთგული პარტნიორები არიან, არაპარტნიორულ ქცევას კი ყველაზე ერთგულ პარტნიორსაც არ პატიობენ” – ბოძაშვილი

კონსტიტუციონალისტი ლევან ბოძაშვილი “2020NEWS”-თან გიგი უგულავას დაკავების ფაქტს შერჩევით სამართალის გამოვლინებად აფასებს.

კონსტიტუციონალისტის ამ მოსაზრებას უგულავას საქმის ფაქტობრივი გარემოებებიც ამყარებს.  ყოფილმა მთავარმა პროკურორმა და “ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის პირადმა ადვოკატმა,  შალვა თადუმაძემ თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას განაჩენი უკვე მოსამართლის მანტიაში გამოუტანა.

სწორედ, შალვა თადუმაძის მთავარი პროკურორობის პერიოდში პროკურატურამ თბილისის ყოფილი მერის წინააღმდეგ ბრალის დამძიმება მოითხოვა და 2019 წლის იანვარში სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

საბოლოოდ, უგულავას ერთი და იმავე საქმეზე ბრალი ორჯერ წარედგინა, ჯერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, ხოლო შემდეგ თანხის მითვისება-გაფლანგვისთვის. ორივე შემთხვევაში, სასამართლომ უგულავას პატიმრობა შეუფარდა. ჯერ 1 წლითა და 3 თვით, ხოლო შემდეგ 9 წლით, რომელიც ამნისტიის კანონის გათვალისწინებით, 3 წლამდე და ორ თვემდე შემცირდა.

უგულავას დაჭერამ საფრთხის ქვეშ დააყენა საარჩევნო თემაზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებების მომავალიც. გაბრაზებულმა ოპოზიციამ მოლაპარაკებების შეწყვეტა დაანონსა.

კონსტიტუციონალისტი ლევან ბოძაშვილის თქმით, “ქართულმა ოცნებამ“ როგორც ოპოზიციასთან, ისე სტრატეგიულ პარტნიორებთან მოლაპარაკეები თავადვე ჩაშალა.

ბოძაშვილი “ქართულ ოცნებას“ გამოფხიზლებისკენ მოუწოდეს, რადგან სხვა შემთხვევაში, დასავლეთი საქართველოზე ზეწოლას გააძლიერებს.

“ქართული ოცნების“ მიერ გაცემული დაპირებები და მმართველი პარტიის დელეგაციის მხრიდან ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებები თავიდან ბოლომდე წყალში ჩაიყარა. ბოლო პერიოდის განმავლობაში კონგრესმენები და სენატრები “ქართულ ოცნებას“ ეუბნებოდნენ, პოლიტიკურ დაკავებებს თავი დაანებეთ და სასამართლო გაათავისუფლეთო. პრაქტიკულად, ისინი პარტნიორული ურთიერთობებისთვის პირობებს გვიყენებდნენ, რაც უკვე ირღვევა.

ასეთ ვითარებაში, ამერიკას ძალიან დიდი საფუძველი ექნება იმისა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დასავლელი პარტნიორების მხრიდან არ მოახდინოს, რაც რევოლუციური სცენარის განვითარების ხელშოწყობა იქნება. რატომ მიდის “ქართული ოცნება“ ამ გზით, ჩემთვის გაუგებარია.

ამერიკელები ძალიან ერთგული პარტნიორები არიან, მაგრამ ისინი არაპარტნიორულად მოქცევას ყველაზე ერთგულ პარტნიორსაც არ პატიობენ. ასეთ შემთხვევაში, ქვეყანა ზარალდება, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა“, –  განაცხადა ლევან ბოძაშვილმა. 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.