ამერიკული ინვესტიციის გაურკვეველი ბედი საქართველოში

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბათილად სცნო დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ბათუმში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობა დაიწყო.

ინფორმაციისთვის: ტერმინალის პროექტი უმსხვილესი ამერიკული ტრეიდული კომპანია „ტრამოს“ პირდაპირი ინვესტიციით ხორციელდება.

„ტრამოს“ ინვესტიციის მნიშვნელობაზე არაერთხელ ისაუბრეს თავად საქართველოს მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა, ასევე დამოუკიდებელმა უცხოელმა და ქართველმა ექსპერტებმა, პოლიტოლოგებმა; არაერთმა ცნობილმა უცხოურმა – ამერიკულმა და ევროპულმა მედიაგამოცემამ მიუძღვნა ვრცელი სტატიები პროექტის მნიშვნელობასა და როლს როგორც ქვეყნის, ასევე მთლიანად რეგიონის კონტექსტში. კომპანიის მნიშვნელობაზეა საუბარი ამერიკაში საქართველოს საელჩოს მიერ მომზადებულ “აშშ–საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების 2019 წლის მიმოხილვაშიც”.

„Trammo” საქართველოში 20 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს და ბათუმის პორტში ახალ ტერმინალს ააშენებს, რომელიც აზიიდან მიღებულ პროდუქციას ბათუმის პორტის გავლით ევროპულ ბაზართან დააკავშირებს. ეს არის ახალი სამუშაო ადგილები და მეტი ეკონომიკა ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველო ამერიკულ და უცხოურ ინვესტიციებს მიესალმება“ – აცხადებდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც გასულ თვეში [2020 წლის თებერვალი] ამერიკაში ოფიციალური ვიზიტის დროს „ტრამოს“ ხელმძღვანელ პირებთან გამართა შეხვედრა.

ცოტა ხნით ადრე კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა ამერიკაში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძეც. მან პროექტისა და ინვესტორის მნიშვნელობას არაერთხელ გაუსვა ხაზი.

გასულ წელს ბათუმში ტერმინალის მშენებლობის პროცესს საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფი ამერიკელი კონგრესმენები ალექსანდერ მუნი და ადამ კინზინგერი გაეცნენ.

„ამერიკული ინვესტიცია მნიშვნელოვანია ქართულ-ამერიკული თანამშრომლობისთვის. ვუყურებ რა ამ პორტს და მომავალ პოტენციალს, ვხედავ, როგორ შეგვიძლია, გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ მრავალმხრივი ურთიერთობები – იქნება ეს ეროვნული თუ ეკონომიკური უსაფრთხოება. ეს შექმნის სამუშაო ადგილებს, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას”- განაცხადა კინზინგერმა, რომელიც ამავდროულად საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის თანათავმჯდომარეცაა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში.

ბათუმის პორტში მშენებარე კარბამიდის ტერმინალი წარსულში არაერთხელ გამხდარა რუსული პროპაგანდის სამიზნე. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სასამართლოს მიერ დღეს [02.03.2020] მიღებული გადაწყვეტილება არ გამორჩენია და მეტიც, ერთ-ერთმა პირველმა გაავრცელა რუსულმა პროპაგანდისტულმა გამოცემა „სპუტნიკმა“.

სასამართლოს დღევანდელმა გადაწყვეტილებამ საზოგადოების ნაწილში გააჩინა ეჭვი, ხომ არ ცდილობენ რიგი ძალები, ანაკლიის მსგავსად, ბათუმშიც შეაჩერონ პროექტის განხორციელება. პროექტისა, რომელიც ანაკლიის პორტის მსგავსად, ქვეყნის ეკონომიკისა და უსაფრთხოებისთვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია. მსგავსი პროექტების შეჩერება/დაბლოკვა ყველაზე მეტად ხელს სწორედ რუსეთს აძლევს – ქვეყანას, რომელსაც ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. შავი ზღვის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება და საქართველოს რეგიონულ ჰაბად გადაქცევა მხოლოდ ქვეყნის მტრის ინტერესს შეიძლება, ეწინააღმდეგებოდეს.

არასახარბიელო საინვესტიციო გარემოს გათვალისწინებით, „ტრამოს“ პირდაპირი ამერიკული ინვესტიცია შეიძლება, ითქვას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, მით უფრო – ოთხი კონგრესმენის მიერ პრემიერ-მინისტრისადმი მოწერილი წერილის ფონზე, რომელშიც ამერიკული კომპანიებისთვის არასაიმედო გარემოს შექმნაზეა საუბარი:

„სამწუხაროდ, ეკონომიკური ინდიკატორები საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მკვეთრ შემცირებას გვიჩვენებს, რამდენადაც ამერიკულმა და ევროპულმა კომპანიებმა შევიწროება განიცადეს, რამაც ბევრი ბიზნეს-რისკებზე დააფიქრა“ – ვკითხულობთ წერილში, რომელსაც ხელს ადამ კინზინგერი, ჯერი კონოლი, ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკაული აწერენ.

გაჩნდა კითხვა, იყო თუ არა მოსამართლე მეშველიანი თავისუფალი, როდესაც კარბამიდის ტერმინალის მშენებლობის შეჩერების გადაწყვეტილებას იღებდა?

მნიშვნელოვანი გარემოება: გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მაშინ, როცა ტერმინალის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.

ისმის კითხვა: ხომ არ აქვს ადგილი საქართველოში ამერიკული ინვესტიციის დაბლოკვის მორიგ მცდელობას? ეს კითხვა მით უფრო აქტუალურია იმ ფონზე, რომ აღნიშნული ტერმინალის მშენებლობის ირგვლივ არაერთხელ გამოკვეთილა რუსული ინტერესები.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 4 კონგრესმენის მიერ გამოგზავნილ წერილში დასავლური ინვესტიციების კლებასთან ერთად, სასამართლო ხელისუფლების მიკერძოებულობაზეც იყო საუბარი.

ცხადია, კითხვები ლეგიტიმურია და პასუხებიც უმოკლეს დროში გაირკვევა, სწორედ მაშინ, როცა მხარედ წარმოდგენილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შემდგომ ინსტანციაში შესაგებებელ სააპელაციო სარჩელს შეიტანს .

შეგახსენებთ, რომ ბათუმის პორტში „კარბამიდის ტერმინალის” მშენებლობასთან დაკავშირებით კომპანია “Wondernet Exspress Investment Group”-სა და ამერიკულ კორპორაცია “Trammo”-ს შორის ხელშეკრულება 2019 წელს გაფორმდა. ტერმინალის ასაშენებლად 20 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციის ჩადება იგეგმება. ტერმინალი აღჭურვილი იქნება მინერალური სასუქების გადატვირთვისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიით და წლის განმავლობაში 1 200 000 ტონამდე სასუქის გადამუშავებას შეძლებს.

“აქცენტი” შეეცადა, სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომპანია “Wondernet Exspress Investment”-ისა და “ტრამოს” წარმომადგენლების შეფასებაც მოესმინა, თუმცა მათ განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე კომენტარს არ გააკეთებენ.

https://accentnews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.