ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით რეგულაციები მკაცრდება, სისხლის სამართლის სანქცია 100 ლარზე ქვევითაც იმოქმედებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი წარადგინა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით უნდა განხორცილდეს.

ირაკლი კობახიძის თქმით, პერიმეტრში სააგიტაციო მასალების განთავსება იკრძალება, ასევე იკრძალება 25-მეტრიან რადიუსში ადამიანის შეფერხება.

„აქ გვაქვს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ადამიანის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება იზღუდება ნებისმიერი სახით. მაგალითად, თუ ამომრჩეველს შეაფერხებთ თუნდაც იმისთვის, რომ ჰკითხოთ, ვის აძლევს ხმას, ეს იქნება უკვე დარღვევა“,- განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრევენციისა და საარჩევნო დავების განხილვის ვადების კუთხითაც მნიშვნელოვანი ცვლილებებია.

„რეგულაციები, რომლებიც ვრცელდებოდა საჯარო მოხელეებზე, გავრცელდება მაგალითად, ბაღებისა და სკოლების აღმზრდელებსა და პედაგოგებზე, ამ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი ცვლილებები. საარჩევნო დავების განხილვას რაც შეეხება, ვადები ზუსტდება და იცვლება, რაც მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განმარტებით, ერთ-ერთი ცვლილება გენდერულ კვოტებსა და პარტიების დაფინანსების წესს ეხება.

„ამჯერზე ყოველი მეოთხე, და 2028 წელს გადავალთ ყოველ მესამეზე, ხოლო თვითმმართველობის არჩევნების დროს ყოველი მეორე იქნება სავალდებულო გენდერული კვოტა. ასევე დგინდება პარტიების დაფინანსების სრულიად ახალი წესი, რომელიც ეფუძნება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასა და სამართლიანად გადანაწილდება ფინანსები პოლიტიკურ პარტიებს შორის.

პარტიების დაფინანსების მოქმედი წესი ვერ უძლებდა ვერანაირ კრიტიკას, იყო აბსოლუტურად გაუგებარი და ირაციონალური სისტემა. ჩვენ გადავდივართ მარტივი დაფინანსების სისტემაზე, რომლის მიხედვითაც, პარტიის მიერ მისაღები დაფინანსება მიბმული იქნება პირდაპირ მიღებულ ხმებზე.

იმისთვის, რომ საბაზისო კომპონენტი შევინარჩუნოთ და მცირე პარტიებს ეს წაახალისებს, გვაქვს 50 000-იანი დათქმა. პირველი 50 000 ხმისთვის პოლიტიკური პარტია იღებს 15 ლარს (თითო ხმაზე). შესაბამისად, თუ პარტია მიიღებს ზუსტად 50 000 ხმას, მას ექნება გარანტირებული 750 000-ლარიანი წლიური დაფინანსება.

ამის ზევით უკვე თითოეული ხმისთვის განკუთვნილია 5 ლარი. ანუ, მცირე პარტიებს ეძლევათ საბაზისო დაფინანსება, რაც არის მილიონამდე გენდერული დანამატის ჩათვლით, მილიონზე მეტიც შეიძლება იყოს. შემდეგ სხვა პარტიებს ეძლევათ ნაკლები თანხა, ეს რეგრესი გამიზნულია იმისთვის, რომ მცირე პარტიებს მიეცეთ მეტი შანსი მსხვილ პარტიებთან შედარებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, კობახიძის თქმით, მკაცრდება რეგულაციები ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით.

„პროექტით გათვალისწინებულია სისხლის სამართლის სანქცია 100 ლარზე ქვევითაც, დღეს სანქცია მოქმედებს 100 ლარზე ზევით მოსყიდვაზე. სიძულვილის ენას რაც შეეხება, აქ გვინდოდა უფრო მკაფიო რეგულაციების ჩაწერა, თუმცა, ამის წინააღმდეგ წავიდნენ ოპოზიციური პარტიები და უარი ითქვა აქ რაიმეს დაზუსტებაზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განმარტებით, პროექტი მთლიანად შესაბისობაშია ეუთო/ოდირის რეკომენდაციებთან და არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.