არაპროფესიონალიზმი, კორუფცია და განუვითარებლობა – ფილოსოფოსი მთავრობაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს

ფილოსოფოსმა ლევან ღამბაშიძემ გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ საქართველოს ხელისუფლებაში არსებულ ხარვეზებზე ისაუბრა.

ღამბაშიძე მიიჩნევს, რომ მთავრობის სამი ძირითადი პრობლემა – არაპროფესიონალიზმი, კორუფცია და განუვითარებლობაა.

„პრინციპში ჩვენ უკვე ვჯერდებით რამდენიმე ძირითად ნიშნულზე, რითაც შეგვიძლია შევაფასოთ დღევანდელი ჩვენი მთავრობა ან მმართველობის ის ფორმა, რომელშიც ვართ. ეს არის პირველ რიგში არაპროფესიონალიზმი. ჩვენი ძალიან ცოტა პროფესიონალი ვიცით ჩვენს მთავრობაში და მის გარეთაც, რომლებიც მთავრობას პატივს სცემენ. ეს ეხება ნებისმიერ სფეროს. მეორე – ეს არის კორუფცია. დღითიდღე სულ უფრო მეტი მტკიცებულება გამოდის, რომ კორუფციით არის დაკავებული ძირითადად მმართველი გუნდი და ამით პოლიტიკა გაფუჭებულია, რადგან ის იმართება არაპოლიტიკური წესებით. მესამე – ალბათ იქნება განუვითარებლობა, რაზეც ჩვენ დაკვეთა გვქონდა 2003 წლიდან, მოქალაქეები რაზეც შევთანხმდით, ეს იყო დიდი წინსვლა იმისათვის, რომ უბრალოდ რამისთვის მიგვეღწია. ჩვენ შევეჩვიეთ იმას, რომ რაღაც მნიშვნელოვანს ვქმნიდით ჩვენი კეთილდღეობისთვისაც და ზოგად საკაცობრიოსაც. არა მხოლოდ ის, რომ ჩვენ დავფიქსირდით რუქაზე, როგორც ქვეყანა, სადაც ღირს ჩასვლა და ნახვა, რაც აგრეთვე მსოფლიოსთვის ღირებულების ნაწილია, პოლიტიკური მნიშვნელობაც შევიძინეთ. ახლა უკვე ისე ვართ, რომ რეგიონის ლიდერები იკრიბებიან და საქართველოს ხელმძღვანელები იქ არ არიან და თათბირობენ რაღაც საკითხებზე, სადაც საქართველო, როგორც ტრანზიტი შეიძლება განიხილებოდეს და ჩვენ წარმოდგენილები არ ვართ. ეს სამი მიმართულება ჩემთვის ძალიან დრამატული რამ არის“, – განაცხადა ლევან ღამბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.