არქტიკის თავზე არსებული ყველაზე დიდი ოზონის ხვრელი აღდგა (ფოტო)

“არქტიკის თავზე წარმოქმნილი ყველაზე დიდი ოზონის ხვრელი დახურულია”,— აღნიშნავს კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრის ატმოსფერის მონიტორინგის სამსახური. მეცნიერებმა მარტის ბოლოს ოზონის შრეში დიდი ზომის ხვრელის წარმოქმნის პროცესი შეამჩნიეს, რაც მათი თქმით ჩრდილოეთ პოლუსზე არსებულ დაბალ ტემპერატურას უკავშირდებოდა.

ოზონის შრე დედამიწას ფარივით იცავს მზის ულტრაიისფერი გამოსხვივებისგან, რომელიც ყველაფერთან ერთად ადამიანებში კანის კიბოს გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზიცაა. რეკორდული ზომის ოზონის ხვრელი ადამიანებისთვის საფრთხედ იმ შემთხვევაში გადაიქცეოდა, თუკი ის ადამიანებით მჭიდროდ დასახლებულ ადგილზე გადაინაცვლებდა, რისი ალბათობაც მაღალი იყო. 

Embedded video

თუმცა ხუთშაბათს, 23 აპრილს, კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრმა განაცხადა, რომ ოზონის შრეში არსებული ხვრელი დაიხურა.

აღსანიშნავია, რომ ოზონის ხვრელის აღდგენა პანდემიის გამო მსოფლიოში ჰაერის დაბინძურების შემცირებასთან კავშირში არ არის.

რატომ წარმოიშვა არქტიკის თავზე ოზონის ხვრელი?

წელს პოლარული გრიგალი უჩვეულოდ ძლიერი აღმოჩნდა, მისი ტემპერატურა კი ძალიან დაბალი. ეს მოვლენა სტრატოსფერული ღრუბლების წარმოქმნას უწყობს ხელს, რომლებიც ფრეონის გაზთან ურთიერთქმედებენ და ოზონის შრეს შლიან. აღსანიშნავია, რომ ფრეონის მოხმარება აკრძალულია მონრეალის 1987 წლის პროტოკოლით.

ბოლო დღეებში გრიგალი შესუსტდა. კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრი ვარაუდობს, რომ გრიგალი მოგვიანებით ისევ გაძლიერდება, თუმცა ოზონის შრეზე დიდ გავლენას ვეღარ იქონიებს.

“ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ოზონის შრის ასეთი დაზიანება უჩვეულოა, თუმცა წელს პოლარული გრიგალი განსაკუთრებით ძლიერი იყო, ტემპერატურა კი საკმარისად დაბალი, რის გამოც სტრატოსფეროში ღრუბლები რამდენიმე თვის განმავლობაში შენარჩუნდა”, — აცხადებს კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრის თანამშრომელი, ანტიე ინესი.

უკავშირდება თუ არა ოზონის ხვრელის წარმოქმნა კლიმატის ცვლილებას და რა შედეგები მოყვება ამას?

არქტიკის თავზე ოზონის ხვრელის წარმოქმნის დაკავშირება კლიმატის ცვლილებასთან ნაადრევია.

“ამჟამად, ჩვენთვის უცნობია, რამ გამოიწვია ასეთი უჩვეულო დინამიკა. დარწმუნებული ვარ, რომ მეცნიერები ჩაატარებენ შესაბამის კვლევებს და ამ მოვლენის მოდელირებას, რათა გაარკვიონ ამის გამომწვევი მიზეზი”, — აცხადებს ინესი.

ოზონის შრის ხვრელმა ალიასკაზე, კანადაში, გრენლანდიასა და რუსეთის ტერიტორიის ნაწილში ულტრაიისფერი გამოსხივების დონის მატება გამოიწვია. პოლარულ გრიგალი კი ოზონის ხვრელმა კიდევ უფრო გააძლიერა. მკვლევრების თქმით, ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც ევროპის კონტინენტზე ზამთარი რეკორდულად თბილი იყო.

წყარო:on.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.

ჩვენთან ყველა ინფორმაციის მიღება შეგიძლია