არჩევნების გარდა სხვა გზით შეცვლილი ხელისუფლების იდეას არასდროს ვეთანხმებოდი და არც დავეთანხმები – დავით უსუფაშვილი

“ვინც არ უნდა თქვას, რა სახელისა და გვარის ადამიანმა, რომ არჩევნების გარდა რაიმე სხვა გზით შეცვლილი ხელისუფლება ქვეყანას წაადგება, მე ამას არ დავეთანხმები”, – ასე აფასებს “2020NEWS” -თან საუბარში “შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი ნიკა გვარამიას მოწოდებას, ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით.

როგორც უსუფაშვილი აცხადებს, ის ამ სცენარით მოვლენების განვითარებას არ ელოდება და თუ ვინმე რევოლუციური გზით მოინდომებს მთავრობის შეცვლას, ის მათთან არ ითანამშრომლებს. “არ მგონია ქვეყანაში ის ვითარება იყოს, რომ პოლიტიკოსები მსგავსი უსაგნო ლაპარაკებითა და კონტრ-პასუხებით  უნდა დავკავდეთ,  ვინც არ უნდა თქვას, რა სახელისა და გვარის ადამიანმა, რომ არჩევნების გარდა რაიმე სხვა გზით შეცვლილი ხელისუფლება ქვეყანას წაადგება, მე ამას არ დავეთანხმები, ვერ დავეთანხმები და არც არასდროს ვეთანხმებოდი და არც მომავალში დავეთანხმები.

არ მინახავს ზუსტად რა თქვა გვარამიამ, თუმცა სიმართლე გითხრათ არც მაინტერესებს, მე ვიცი რას ამბობს “შენების მოძრაობა”, მე ვიცი რას ამბობენ, ჩვენი პარტნიორები “ლელოდან” და “ახალი მემარჯვენეებიდან”. მე ვიცი გაერთიანებული ძალებით ოპოზიციის მცდელობა პროპორციული არჩევნების მოსაპოვებლად, რაც სამართლიანი არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლას უკავშირდება  და არაფერს სხვას, ამიტომ დანარჩენი,  ვის რა აზრი მოუვა თავში და გაახმოვანებს,  ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“.- განაცხადა უსუფაშვილმა სააგენტოსთან საუბარში.

“2020NEWS”-ი დაინტერესდა თუ როგორ შეაფასებდა დავით უსუფაშვილი, სოციალურ ქსელში ლაშა ნაცვლიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის დაპირისპირებას თუმცა, უსუფაშვილმა აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისგან თავი შეიკავა. “თუ რაიმე სერიოზული კითხვა გაქვთ, ვისაუბროთ რამდენიც გინდათ, მსგავსი არასერიოზული საკითხებით არ ვინტერესდები, ჭორაობას ვერ დავიწყებ.”-განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, ტელეკომპანიის “მთავარს“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ, სოციალური ქსელის საშუალებით, საზოგადოებას მოუწოდა, რომ  ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება დაამხოს. ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელმა, ლაშა ნაცვლიშვილმა და ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კი, დღეს მუქარისა და შეურაცხყოფის შემცველი  პოსტები უგზავნეს ერთმანეთს სოციალურ ქსელში.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.