არჩევნებში პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენა სავალდებულო აღარ იქნება

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის პირს ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენა აღარ მოეთხოვება.

კანონპროექტის ინიცირება , რომელიც „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებას ითვალისწინებს,  პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტის ინიციატორები უმრავლესობის წევრები გურამ მაჭარაშვილი და რატი იონათამიშვილი არიან.

თუ პირი ამ მუხლის ამოქმედებამდე პარლამენტის წევრობის კანდიდატად საარჩევნო რეგისტრაციაში არ გატარდა მხოლოდ ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარუდგენლობის გამო, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია, ამ მუხლის ამოქმედებიდან სამ დღეში გაატაროს იგი საარჩევნო რეგისტრაციაში.

ცვლილებებით კონკრეტდება, რომ არჩევნებში პარლამენტის წევრად არჩეული პირი ვალდებულია, შესაბამისი კენჭისყრის დღიდან შვიდი დღის ვადაში გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება ცესკო-ს მიერ ამ კანონის საფუძველზე განსაზღვრულ ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების უფლების მქონე დაწესებულებაში და ამავე ვადაში წარუდგინოს ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა იმ საარჩევნო კომისიას, სადაც გატარდა იგი პარლამენტის წევრობის კანდიდატად საარჩევნო რეგისტრაციაში.

კანონპროექტის ინიციატორების ინფორმაციით,  კანონპროექტის მიღების შედეგად, ნარკოლოგიური შემოწმების გავლა და ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენა არ მოუწევს სავარაუდოდ 9 000-მდე პირს.

შეგახსენებთ, მოქმედი კანონმდებლობით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის პირის მიერ ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენა სავალდებულოა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.