არჩილ გამზარდია – „დიქტატურის ზღვარზე ვდგავართ“

ნონა ცაბაძე, “ახალი თაობა”

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, მიიჩნევს, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა დიქტატურის ზღვარზე დგას, ხელისუფლება უსაზღვრო ძალაუფლებას ფლობს და ამას არაკეთილსინდისიერად იყენებს. არჩილ გამზარდია “ახალი თაობის” კითხვებს პასუხობს.

– არჩილ, რატომ ფიქრობთ, რომ ხელისუფლება შესაძლოა ერთპიროვნულ და დიქტატორ მმართველად ჩამოყალიბდეს?

– როდესაც ცხადდება საგანგებო მდგომარეობა და კარანტინი, ამ ყველაფერს აქვს თავისი მკაცრი ზომები, თუმცა ძალაუფლების შერგების მომენტი აქვს ძალიან მძიმედ გამოხატული. არ ცდილობენ, რომ საკითხებს ინდივიდუალურად მიუდგნენ. ეფექტური მართვა ჰქვია ისეთ მართვას, რომლის დროსაც პროცესებში ხელისუფლება უსამართლოდ არ ჩაგრავს და არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს არ იღებს.

– რას გულისხმობთ?

– მაგალითად, თუ შეკრებები აკრძალულია, ეს აკრძალვა უნდა იყოს საყოველთაო. ნებისმიერ სივრცეში! მეორე, თუკი ადამიანები ერთ ოჯახში ცხოვრობენ და ამის კონტროლის მექანიზმები მარტივია, არაა სწორი,რომ ავტომობილში ცოლ-ქმარი ერთად არ დაჯდეს და ერთი ბავშვი დაისვას და დანარჩენი სახლში დატოვოს.

– ამან სერიოზული პრობლემები შექმნა?

– შექმნა, აბა რას იზამდა. ოჯახები არის, რომლებსაც რაღაცა იძულებები აქვს, ასე ხელაღებით ნუ იტყვით, რომ უნდა დარჩნენ სახლში. არის ოჯახები, რომლებსაც აუცილებლად ესაჭიროებათ გადაადგილება. ამის მართვაც ძალიან მარტივი იყო, თუნდაც ქორწინების მოწმობა, თუნდაც ბავშვის დაბადების მოწმობით. თითქმის ყველგან აჩერებენ მანქანებს და ხომ შეიძლებოდა ამ საბუთების მიღებაც და ძალიან დიდი პრობლემების არიდება ოჯახებისათვის! იძულების გარეშე არავინ არ გადის ბავშვით გარეთ.

იგივე განათლების სფერო რომ ავიღოთ, ასე თუ ისე სისტემამ გაართვა თავი ამ პროცესს, წინ მიიწევს და ხელისუფლება მაინც საუბრობს, რომ აკადემიურ წლად გამოცხადებას განიხილავს, რაც არასწორია. რაღაც პროცესები მაინც გრძელდება, ვითარდება და სახელმწიფომ ამას ხელი არ უნდა შეუშალოს. ხელისუფლებამ დღეს მოირგო ეს პოზა, რომ ტოტალიტარულად მართავს პროცესებს. ყველა სივრცეში იჭრება.

– ამით რისი თქმა გინდათ?

– ერთპიროვნულად იღებენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას და ძალიან მკაცრი ძალაუფლების რეჟიმში. არავის აზრს აღარ დაგიდევენ. როდესაც საზოგაოდების ყურადღება გადართულია ამ პრობლემებზე, რომელთაც ეს ვირუსი ქმნის, მთელი რიგი თემები მიდის და არანაირი საზოგადოებრივი კონტროლი არ არსებობს.

იგივე გაზრდილი ფასები, ლარის კურსი, რომელიც ძალიან მძიმე პირობებს ქმნის. თუნდაც ეს ფრაგმენტულად გადმოგდებული სახელმწიფოს მხარდაჭერა, რომელიც მათი კონსტიტუციური ვალდებულებაა. როდესაც ადამიანს მოქმედების თავისუფლებას უზღუდავს, ხელისუფლებამ უნდა მართოს ის პრობლემები, რომლებიც ამ შეზღუდვის შედეგად გვექმნება.

ეს კრიტერიუმებიც სრულიად გაუგებარია, რომლებიც კომუნალურ გადასახადებზე შემოგვთავაზეს. მრავალსულიანმა ოჯახებმა რა ქნან?! იმას, რასაც ბევრი ოჯახი ორი და სამი თვის წინ უპრობლემოდ იხდიდა, ახლა ვეღარ გადაიხდის, იმიტომ, რომ სამსახურები დაკარგეს!

დღეს ეს შეღავათი მასობრივად სჭირდება საზოგადოებას. როცა ამიკრძალე ყველაფერი, ვალდებულება შენ, ხელისუფლებას დაგრჩა, რომ მეტნაკლებად შემივსო ეს ზარალი. ეს აუცილებლად გასაკეთებელია.

– ამ ყველაფერს არ აკეთებს თუ ვერ აკეთებს ჩვენი ხელისუფლება?

– არ აკეთებს და რაღაცა მომენტში შეიძლება ვერც აკეთებს. არ აკეთებს იმიტომ, რომ ნება არ ჩანს. მამა-შვილი 3 ათასი ლარით დააჯარიმეს იმის გამო, რომ მათ შორის არ იყო 2 მეტრიანი დისტანცია. 4 წლის მცირეწლოვანი შვილი რომ მყავს და სახლში დამტოვებელი არავინ მყავს, პურის საყიდლად რომ მივდივარ ბავშვით, როგორ გავაგებინო 4 წლის ბავშვს, რომ 2 მეტრიანი დისტანცია დაიცვას?! ამის გამო უნდა დამაჯარიმონ?!

ასეთი მკაცრი ზომები შესაძლოა ყოფილიყო პირველ 2-3 დღეში, როდესაც გადაწყვეტილება მიიღეს. კი, უცბად გააჩერეს პროცესი, მაგრამ მერე ხომ უნდა დაწყებულიყო აქტიური მუშაობა, რომ ადამიანებს რაღაცა ნომინალური უფლებების ნაწილი მაინც შერჩენოდათ. როდესაც დღეები გადის და ხელისუფლება ამას არ ცდილობს, ეს უკვე აჩვენებს, რომ განა არ შეუძლიათ, არამედ არ თვლიან საჭიროდ.

– ანუ სრულიად უუფლებოდ დაგვტოვეს და, როგორც აწყობთ, ისე მართავენ პროცესებს?

– დიახ, სრულიად უუფლებოები ვართ ამ საგანგები რეჟიმში და იქ, სადაც ადეკვატურობის ფარგლებში მაინც შეიძლება ელემენტარული უფლებების ქონა, რომ ჩვენი ვალდებულებები განვახორციელოთ, ხელისუფლება ადეკვატურ უფლებებსაც არ გვიტოვებს, რომ შენ ამ კრიზისის პირობებში რაღაც იძულებებსა და ვალდებულებებს გაუმკლავდე.

ამიტომ მე საკმაოდ მკაცრი შეფასება მაქვს ამ ყველაფრის. თანაც ვხედავ, რომ ხელისუფლებას ეს მდგომარეობა მოეწონა. ხალხის შეკრება აკრძალულია, ე.ი. ოპოზიციური აქტივობები ვერ იქნება.

– ხელისუფლების რეიტინგმა მოიმატა?

– ვინც ამას ამბობს, მე არ ვიცი, ამ რეიტინგს რითი თვლის. ახლა რომ რეიტინგმა დავუშვათ აიწია, ეს არც უნდა გაგვიკვირდეს. ბუნებრივია, აიწევს, იმიტომ, რომ შეუდავებელი, სრული და ზეძალაუფლების ზენიტშია დღეს მმართველი პარტია.

– ოპოზიციაც აღარ ჩანს ასპარეზზე…

– ამ პირობებში ვერც იქნება. აქა იქ შესაძლოა სოცქსელში თუ სატელევიზიო ჩართვისას აზრი გამოთქვას, მაგრამ ეს პროცესი არ არის, ეს კანტიკუნტი კომენტარებია. ამ შემთხვევაში იმპერატორის როლი აქვთ პრაქტიკულად მორგებული, მონარქებად იქცნენ ხელმძღვანელი პირები, მაგრამ მთავარი პროცესი ჯერ არ დამდგარა.

ჯერ ხალხში ამუშავებენ დაშინებას ვირუსის ფაქტორით და ხვალ-ზეგ გამოწვევები გაათმაგდება, ხელისუფლების მიერ ზოგიერთ პროდუქტზე დაჭერილი ფასები გაიქცევა, ხალხს მომარაგებული პროდუქტი დაუმთავრდება, ჯერ წინ არის ეს ყველაფერი.

როგორც ჩანს, ხელისუფლებას ესეც არ აღელვებს. აწყობს ეს პროცესი, რომ სრული ძალაუფლების რეჟიმში რასაც როგორ უნდა, ისე გააკეთებს, მათ შორის ისეთ რაღაცეებს, რომელთაც ადრე მოჰყვებოდა საზოგადოებრივი რეაქცია. ეს ფაქტორი საერთოდ ჩაიხსნა და «ოცნება“ არის ზეძალაუფლების რეჟიმში.

– ამ რეჟიმში მუდმივად ხომ ვერ იქნება ხელისუფლება?

– ვერ იქნება, მაგრამ როდესაც სრული კონტროლი აიღეს პროცესებზე და სრული ძალაუფლება, შესაძლოა ეს მონსტრი, არა მხოლოდ პროპაგანდის, არამედ ძალაუფლებისაც შეიქმნას. მე იმიტომ ვთქვი, რომ ტოტალიტარიზმის ზღურბლთან ვდგავართ.

რა თქმა უნდა, ეს არ არის სრული ტოტალიტარიზმი, მაგრამ ზღურბლთან ნამდვილად ვართ. არ არის გამორიცხული, რომ ეს სისტემად ჩამოყალიბდეს. ორი დღის წინ პოლიტიკოსი გოგი წულაია დააკავეს პოლიტიკური განცხადებების გამო, ოღონდ სრულიად სხვა ფაქტორით. ესეც საკმაოდ სერიოზული ქეისია. მან გარკვეული საჯარო უკმაყოფილება გამოთქვა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს.

ასევე ვხედავთ, რა ხდება სოციალურ მედიაში, ნებისმიერ კრიტიკულ აზრს რა მდგომარეობას უქმნიან. პრაქტიკულად კრიტიკული აზრის ქონის ულფებას გვართმევენ. ეს არის უკვე ძალაუფლების მქონე მონსტრის შექმნის პროცესი. ეს პროცესი ჯერჯერობით აქეთკენ მიდის.

– საარჩევნო წელია, ჩატარდება საერთოდ არჩევნები?

– შეიძლება არჩევნები არც ჩატარდეს. გააჩნია, როგორ წავა პროცესები, ეს ხომ გლობალური პრობლემაა. თუმცა ხელისუფლებას თუ ამის საშუალება მიეცემა, შეიძლება ნაუცბათევად ჩაატაროს, სანამ რეიტინგს დაკარგავს. ეს ხელს აძლევს. პლიუს ამას შესაძლოა ეს ყველაფერი ისევ ძველი საარჩევნო მეთოდით ჩაატარონ. დაიწყებენ პროპაგანდას, რომ ვერ მოესწრო ცვლილებები და ძალიან სწრაფად გამოიყენონ ხელისუფლებაში დარჩენის შესაძლებლობა. შესაძლოა, საკუთარი თავი ისევ მოიყვანონ დიდი უმრავლესობით.

– ხელისუფლებას ხელსაყრელი გარემო შეექმნა წინასაარჩევნოდ. გაუშვებს ამ შანსს ხელიდან?

– ნამდვილად შეექმნა და მე არ მგონია, რომ გაუშვას. უბრალოდ, ჯერ ნაადრევად მიაჩნიათ ამაზე საუბარი.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.