ატლანტის ოკეანე ზომაში იზრდება – მკვლევართა თქმით, სიტუაცია საგანგაშოა

გლობალური ოკეანის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად თბობადი რეგიონების შემსწავლელ მეცნიერთა განცხადებით, ამ რეგიონში ცვლილებები იმდენად ვრცელი და უცაბედია, რომ მალე ატლანტის ოკეანეს დამატებითი „კიდური“ გაუჩნდება, ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში.

ბარენცის ზღვისა და სკანდინავიის ჩრდილოეთ ნაწილები, ასევე სვალბარდის არქიპელაგის აღმოსავლეთი ნაწილი უკიდურესად სწრაფად თბება. 2000 წლიდან დღემდე, ტემპერატურამ იქ 1,5°C-ით მოიმატა და დედამიწის ყველაზე სწრაფად თბობად რეგიონად იქცა.

მეცნიერები ამ ადგილს არქტიკის ცხელ წერტილსაც უწოდებენ.ნორვეგიის საზღვაო კვლევების ინსტიტუტის მკვლევარმა სიგრიდ ლინდმა და მისიმა კოლეგებმა ზაფხულში აღებულ ტემპერატურულ და მარილიანობის ნიმუშებზე დაყრდნობით დაადგინეს, რომ ამ დათბობას თან ახლავს ხასიათის სრული ცვლილება. საქმე იმაშია, რომ ამ რეგიონში ატლანტის ოკეანე იჭრება და მას ძალიან განსხვავებულ ერთეულად გარდაქმნის.

ლინდი და მისი კოლეგები ხაზს უსვამენ, რომ გაყოფა ატლანტიკასა და არქტიკას შორის მხოლოდ გეოგრაფიული როდია — ის ბუნებით უფრო ფიზიკურია.

მიუხედავად იმისა, რომ ბარენცის ზღვის სამხრეთი ნაწილი უფრო რბილია, ჩრდილოეთი ნაწილი ბოლო დრომდე ინარჩუნებდა არქტიკის ზღვის მახასიათებლებს. გამოირჩევა მოტივტივე ზღვის ყინულებით, რომელთა დნობისას, ოკეანის თავზე წარმოიქმნება ცივი, მტკნარი წყალი.

შედეგად, წიაღში არსებული სითბო ატმოსფეროში ვეღარ გარბის და ოკეანე რჩება შრეებად დაშლილი, სადაც ოკეანის ზედა ნაწილში ცივი, მტკნარი წყალია, დაბლა კი თბილი, ატლანტიკური წარმოშობის წყლები.

მაგრამ სიტუაცია იცვლება. როგორც მკვლევრებმა დაადგინეს, არქტიკის ზედა განედებიდან ბარენცის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში სულ უფრო ნაკლები ზღვის ყინული შეედინება.
ყინულის ნაკლებობის შედეგად, ბოლო დროს ამ რეგიონში სრულიად გაიხსნა ოკეანის უზარმაზარი მონაკვეთი, რომელიც ტრადიციულდ, ყინულით იყო დაფარული.

ყინულის ოდენობის შემცირებასთან ერთად, ოკეანის ზედაპირი მისი დნობისგან უფრო ნაკლებ მტკნარ წყალს იღებს.

როცა ეს ხდება, ღრმა ატლანტიკური წყლები ერევა სულ უფრო და უფრო ზედა ფენებს და ზღვას არა მხოლოდ ათბობს, არამედ უფრო მარილიანსაც ხდის.

ამის შედეგად, როგორც კვლევა იუწყება, ბოლო წლებში დრამატული ცვლილება მოხდა წყლის სვეტოვან სტრუქტურაში. არქტიკის ზედაპირის წყლები, რომელთა ტემპერატურაც ნულს გრადუსი იყო, ახლა თითქმის მთლიანად გაქრა.

„ეს რეგიონი ატლანტის ოკეანის კლიმატზე გადადის და ეს პროცესი ძალიან სწრაფად ხდება“, — ამბობს ლინდი.

როგორც კვლევის შედეგად დადგინდა, ამ მოვლენას აჩქარებს ის ფაქტი, რომ ბარენცის ზღვა არქტიკის ზედა ნაწილიდან რეგულარულად აღარ მარაგდება მოტივტივე ყინულებით.

არქტიკის ზღვის ყინული თანდათან ირღვევა და უფრო მობილური ხდება წელიწადის თბილი თვეებში. მაგრამ სულ უფრო ნაკლები მათგანი შედის და დნება ბარენცის ზღვაში. ეს კი თავის მხრივ განაპირობებს ოკეანის წყლების შრეებად დაყოფის მოშლას, რადგან ბარენცის ზღვას ამ მდგომარეობის შესანარჩუნებლად საკმარისი მტკნარი წყალი აღარ აქვს.

ამ ცვლილების შედეგად, ბარენცის ზღვის ძალიან პროდუქტიულმა მეთევზეობამ შეიძლება, უფრო ჩრდილოეთით გადაინაცვლოს. ზოგადად, ზიანი მიადგება არქტიკის ზღვის ეკოსისტემას.

გარდა ამისა, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, მთელი რიგი ცვლილებები შეეხება ამინდსაც, რაც ალბათ უკვე ხდება კიდეც.

რატგერსის უნივერსიტეტის არქტიკის ექსპერტის, ჯენიფერ ფრანცისის განცხადებით, ყინულის დანაკარგებს ბარენცისა და კარის ზღვებში, შეუძლია დააზიანოს ატმოსფერული ნაკადები. ეს კი თავის მხრივ გამოიწვევს ექსტრემალურ ამინდს ევრაზიაში, განსაკუთრებით ზამთარში.


ფრანცისის თქმით, ეს პროცესი შემდეგნაირად წარიმართება: ყინულისგან თავისუფალი ოკეანის თავზე არსებულ თბილი ატმოსფეროს შეუძლია გააძლიეროს მაღალი ატმოსფერული წნევის რეგიონი, რომელიც ამ აუზის სამხრეთით, ურალის მთების გარშემო ყალიბდება.

ეს კი უფრო დააგრძელებს პოლარული ჰაერის ნაკადს, რომელიც მაღალი წნევის რეგიონის გავლისას უფრო ღრმად გაიჭრება სამხრეთით და წარმოქმნის დაბალი წნევის ზონას.

ფრანცისის თქმით, ამ წაგრძელებულ ნაკადს შედეგად მოჰყვება ქრონიკულად ცივი პერიოდები აღმოსავლეთ აზიაში, ასევე მოიშლება სტრატოსფერული პოლარული მორევი, რაც თავის მხრივ უფრო გაზრდის ყინულის დანაკარგებს ზამთრის მიწურულს. მისივე თქმით, ასეთი რამ გასულ ზამთარში უკვე მოხდა.

მკვლევართა თქმით, ბარენცის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში ცვლილებები შესაძლოა უკვე ისე შორს არის წასული, რომ სიტუაციის გამოსწორება შეუძლებელიც იყოს.

„რა მოხდება? სავარაუდოდ, ბარენცის ზღვაში ყინული მთლიანად გაქრება და უკან აღარ დაბრუნდება“, — ამბობს ნორვეგიის საზღვაო კვლევების ინსტიტუტის მკვლევარი სიგრიდ ლინდი.

მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.

ჩვენთან ყველა ინფორმაციის მიღება შეგიძლია