“აფხაზეთში გაქრა ილუზია, რომ მოიპოვეს დამოუკიდებლობა” – რატომ ალაპარაკდა სოხუმი საქართველოსთან დიალოგზე

რომ მათ მოიპოვეს დამოუკიდებლობა, რასაც რუსეთი ქადაგებდა, ეს ილუზია დიდი ხანია გაქრა აფხაზეთში და ისინი მოექცნენ იზოლაციაში, შესაბამისად, ეძებენ ალტერნატიულ გზებს, ამიტომ ბჟანიას განცხადება პოზიტიურად უნდა აღვიქვათ, მითუმეტეს იმ ადამიანისგან, რომელიც დიდი ალბათობით აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი გახდება.”

ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე აფხაზეთის ოპოზიციური ლიდერის და “პრეზიდენტობის” კანდიდატის ასლან ბჟანიას განცხადებას სოხუმსა და თბილისს შორის დილოგის დაწყებასთან დაკავშირებით.

“სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს. საჭიროა ნდობის აღდგენა და ამ მიმართულებით უნდა გადაიდგას ნაბიჯები.

“პერსპექტივაში კი ორ სახელმწიოფს შორის უნდა მოხერხდეს კეთილმეზობლური თანასწორობის და ურთიერთობის დამყარება. ამ პერსპექტივას მე ვხედავ და შეიძლება მისი რეალიზება, მთავარია, ერთმანეთს მოვუსმინოთ”- აცხადებს ასლან ბჟანია “ინტერპრესთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში.

“ასლან ბჟანიას ეს განცხადება შეიძლება გალის მოსახლოების გულის მოსაგებად იყოს გაკეთებული; აფხაზურ საზოგადოებაში ალბათ აზრი გაიყოფა, თუმცა, თვითონაც ხვდება, რომ იზოლაციაში ექცევიან და მხოლოდ რუსეთზე დამოკიდებულება კარგს არაფერს მოუტანს.

“ილუზია, რომ მათ მოიპოვეს დამოუკიდებლობა, რასაც რუსეთი ქადაგებდა, ეს ილუზია გაქრა აფხაზეთში. ისინი ეძებენ ალტერნატიულ გზებს და კონტაქტებს.

“სერგეი შამბაც არ განიხილავდა საქართველოს მტრად და დიალოგს არ გამორიცხავდა, თუმცა, ეს მაშინ, როცა აღარ იყო ოფიციალური პირი, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი.

“ბჟანიას განცხადება შეიძლება პოზიტიკურად აღვიქვათ, თუ ის არ თვალთმაქცობს, რადგან ასეთი განცხადების გაკეთება შესაძლოა თავად რუსეთს აწყობდეს, ჟენევის მოლაპარკებებში აფხაზეთი გახდეს კონფლიქტის მონაწილე მხარე, რასაც ქართული მხარე არ აღიარებს და აცხადებს, რომ კონფლიქტში მონაწილე მხარეები არიან საქართველო და რუსეთი.

“რუსეთის მიზანია, დაამტკიცოს, რომ თვითონ არაფერ შუაშია. რაც შეეხება ქართულ მხარეს ბჟანიას ამ განცხადებას, უარყოფითად არ უნდა შეხვდეს, მითუმეტეს, როცა ამას ამბობს ადამიანი, რომელიც დიდი ალბათობით აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი გახდება” – განაცხადა “რეზონანსთან” ნიკა ჩიტაძემ.

ია აბულაშვილი

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.