აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას

ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას. ამის შესახებ აღნიშნულია ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებაში, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

„2019 წლის 28 ოქტომბერს რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს („გრუ“) სპეციალური ტექნოლოგიების მთავარმა ცენტრმა (GTsST, ასევე ცნობილი „ქვედანაყოფი 74455“ და „ჭიაყელას“ სახელით) საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი, შემაფერხებელი კიბერშეტევა განახორციელა. ინციდენტმა, რომელმაც პირდაპირ იმოქმედა საქართველოს მოსახლეობაზე, შეაფერხა საქართველოს მთავრობისა და კერძო საკუთრებაში არსებული რამდენიმე ათასი ვებ-გვერდის მუშაობა და სულ მცირე ორი მთავარი სატელევიზიო არხის ტრანსლაცია. ეს ქმედება ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობებს, რომ კიბერსივრცეში თავი პასუხისმგებლიან აქტორად წარმოაჩინოს და წარმოადგენს რუსეთის „გრუ“-ს მიერ რიგი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულ უპასუხისმგებლო კიბეროპერაციების უწყვეტ სქემას. ამ ოპერაციების მიზანია განხეთქილების შეტანა, დაუცველობის შექმნა და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები საქართველოში და სხვაგან.

„კიბერსივრცის სტაბილურობა დამოკიდებულია სახელმწიფოების პასუხისმგებლიან ქცევაზე. ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ დავიცვათ სახელმწიფოს პასუხისმგებლიანი ქცევის საერთაშორისო სისტემა კიბერსივრცეში.

ჩვენ, აგრეთვე, პირობას ვდებთ საქართველოსა და მისი ხალხის წინაშე, რომ მხარს დავუჭერთ კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში და მავნე კიბერაქტორებთან ბრძოლაში. საქართველოს საჯარო ინსტიტუტების განმტკიცებისა და მისი შესაძლებლობის გაძლიერებისთვის, ჩვენ [საქართველოს] შევთავაზებთ დამატებითი შესაძლებლობების განვითარებას და ტექნიკურ დახმარებას, მსგავსი ქმედებებისგან თავდასაცავად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს განაცხადეს, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა.

საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელდა. პრობლემები შეექმნა ასობით საიტს, მათ შორის, საქართველოს პირველი არხის ვებპორტალს და შიდა ქსელს. დროებით შეფერხდა საქართველოს რადიოს მაუწყებლობა. ასევე, გაითიშა რამდენიმე ტელევიზია და სხვადასხვა ვებპორტალი.

კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც. ვებგვერდების გახსნისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გაჩნდა, წარწერით – „მე დავბრუნდები“ (I’ll be back).

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.