აშშ თურქეთიდან ბირთვული იარაღის გატანას გეგმავს – რა შეიცვლება ამით რეგიონში?

აშშ-ის ხელისუფლება თურქეთის სამხრეთში მდებარე ინჯირლიკის ავიაბაზიდან ბირთვული იარაღის გატანის შესაძლებლობას განიხილავს და მიზეზი თურქეთის არმიის მიერ სირიაში მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყებაა. ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი” იტყობინება თავის წყაროებზე დაყრდნობით.

გაზეთის ცნობით, გასულ კვირას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლები, თურქეთდან ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების 50-მდე ერთეულის გატანის გეგმები განიხილეს. ეს რაკეტები უკვე მრავალი წელია აშშ-ის კონტროლის ქვეშ ინახება სამხედრო ბაზა ინჯირლიკში.

„ნიუ იორკ თაიმსის” ერთ-ერთი წყარო პირდაპირ აცხადებს, რომ ბირთვული იარაღის თურქეთიდან გატანა პრაქტიკულად აშშ-ისა და თურქეთის მოკავშირეობის დასასრულს ნიშნავს. თუმცა, ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ ამ რაკეტების თურქეთში დატოვება შეიძლება უფრო სერიოზულ პრობლემების სათავე გახდეს.

„ნიუ იორკ თაიმსი” ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა საჯაროდ გამოსვლილსას უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ თურქეთს საკუთარი ბირთვული იარაღი არ აქვს.

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშილი „რეზონანსთან” ამბობს, რომ ინჯირლიკიდან აშშ-ს მიერ ბირთვული იარაღის გატანა და შესაბამისად, აშშ-თურქეთის მოკავშირეობის დასასრული მთლიანად რეგიონის სტაბილურობაზე ნეგატიურ გავლენას იქონიებს.

„ეს გადაწყვეტილება ჯერ საბოლოო არაა. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს დაძაბულობის გაღრმავებას ნატო-ს წევრ ერთ-ერთ სახელმწიფოსა და აშშ-ს შორის. ეს მხოლოდ და მხოლოდ დესტაბილიზაციას შეუწყობს ხელს,

„მეორეს მხრივ, აშშ-მა თურქეთს მოსთხოვა (სირიაში) საომარი მოქმედებების შეწყვეტა და გადაუდებლად მოლაპარაკებების დაწყება ქურთულ მხარესთან. ეს რამდენიმე მოვლენა ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია და ეს წარმოადგენს პრობლემას. პრობლემის დასაძლევად ყველა მხარის მიერ მაქსიმალური ძალისხმევაა საჭირო, სხვა შემთხვევაში შესაძლოა მოვლენები მეტად არასასიამოვნოდ განვითარდეს”, – აცხადებს მენაღარიშვილი.

მისივე აზრით, თუკი აშშ-მა ზემოაღნიშნული ქმედება განახორციელა, ეს ზოგადად რეგიონზე და საქართველოზეც მხოლოდ ნეგატიურად აისახება.

„არ მგონია, რომ მოვლენების ამგვარმა განვითარებამ საქართველოსთვის რაიმე სასიკეთო მოიტანოს. აქ პრობლემა მოკავშირის ნაკლებობა არაა, პრობლემა ზოგადად რეგიონში სიტუაციის გაუარესებაა. როგორც არაერთი დამკვირვებელი სწორად აღნიშნავს, მოვლენათა ამგვარი განვითარების შემთხვევაში მოგებული მხოლოდ რუსეთი რჩება, რომელსაც იქ თავისი მიზნები აქვს და ამ მიზნების განხორციელებას ჯერჯერობით წარმატებით ახერხებს. ყველა დანარჩენს მხოლოდ დანაკარგები ექნება, მათ შორის თურქეთსაც, აშშ-საც ნატო-საც და ა.შ.

„თუკი მოვლენები ამ სცენარით განვითარდა, ჩვენთვის რაიმე დადებითი შედეგის პერსპექტივას ვერ ვხედავ, ნეგატიური კი უამრავი რამ შეიძლება იყოს. ჯერ ერთი, საერთოდ უწესრიგობა ევროატლანტიკურ ალიანსის შიგნით ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდაა და შემდგომ სიტუაციის დესტაბილიზაცია თავისთავად საფრთხის შემცველია ჩვენთვის”, – განაცხადა მენაღარიშვილმა.

თამთა ჩაჩანიძე

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.