აშშ-ის ელჩი: საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი გაუკვალავს მას გზას ნატოში საბოლოო წევრობისკენ

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში ნატოს სტანდარტების შესრულებაში, რომლებსაც ნატო მოითხოვს ალიანსის ყველა წევრისგან. ამის შესახებ მან „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ელჩის განცხადებით, ამასთან ერთად არსებობს ნატოში გაწევრიანებისთვის აუცილებელი პოლიტიკური ნაწილიც და აქაც ძალიან მაღალი სტანდარტები და მოლოდინებია, ამიტომ საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა ამ სტანდარტების მისაღწევად.

„ჩვენი გადაწყვეტილება საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე არის უცვლელი. ერთგული ვართ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების – საქართველო გახდება ნატოს წევრი და ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ საქართველომ უნდა შეასრულოს რთული სამუშაო, რომელიც მას ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობამდე მიიყვანს. ეს სტანდარტები არის საკმაოდ მაღალი და ძალიან ზუსტად განსაზღვრული. ვფიქრობ, საქართველომ ეს ძალიან კარგად იცის და მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში ნატოს სტანდარტების შესრულებაში, რომლებსაც ნატო მოითხოვს ალიანსის ყველა წევრისგან. თუმცა, არის ნატოში გაწევრიანებისთვის აუცილებელი პოლიტიკური ნაწილიც და აქაც ძალიან მაღალი სტანდარტები და მოლოდინებია. საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა ამ სტანდარტების მისაღწევად. აშშ კვლავაც გაუმაგრებს ზურგს საქართველოს და შესაძლებელია ჩვენ ვართ მისი ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერები და ასეც გავაგრძელებთ, რადგან ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით ავღანეთში, სხვაგანაც და ვიცით, რომ საქართველოს აქვს უნარი და ერთგულება, რაც საჭიროა უსაფრთხოების საერთაშორისო ქმედებებში ჩართვისთვის“, – აცხადებს დეგნანი

მისივე თქმით, აშშ უაღრესად მადლიერია საქართველოსი იმისთვის, რაც გააკეთა – მისი პარტნიორობისთვის, განსაკუთრებით ავღანეთში, სადაც მან მნიშვნელოვანი მსხვერპლი გაიღო – 32 ჯარისკაცის სიცოცხლე და სამასამდე დაჭრილი სამხედრო.

„საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჰელმანდში ყოფნისას და ახლა უკვე ბაგრამში. ვფიქრობ, საკმაოდ დიდ ძალისხმევას ვწევთ საქართველოსთან ერთად ერთობლივი წვრთნების ჩატარებისთვის. გუშინ ვეწვიე თბილისთან ახლოს მდებარე წვრთნისა და შეფასების ცენტრს. შესანიშნავად მომაწოდეს ინფორმაცია ქართველმა ოფიცრებმა ცენტრის შესახებ და საქართველოს ძალისხმევაზე შეექმნა უმაღლესი დონის საწვრთნელი ცენტრი, სადაც შეუძლიათ ჩამოსვლა ნატოს წევრებსა და მოკავშირეებს. კვლავ გავიმეორებ, ვხედავთ, რომ საქართველოს შეაქვს კონკრეტული წვლილი და ეს მას გაუკვალავს გზას საბოლოო წევრობისკენ ნატოში“, – განაცხადა ელჩმა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.