აშშ-ს ელჩი – „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტზე: “რამდენიმე რეკომენდაციაა დარჩენილი”

საქართველოში აშს–ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში პარტნიორი ქვეყნების რიგი რეკომენდაციები გათვალისწინებულია, თუმცა დარჩენილია რამდენიმე და ელჩი იმედს იტოვებს, რომ კანონმდებლები ამ რეკომენდაციებსაც გაითვალისწინებენ.

ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ის სასამართლო სისტემის მეტ გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას ემსახურება.

„დიდი სამუშაო ხორციელდება ამასთან [„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის] დაკავშირებით. პარლამენტი ატარებს სამუშაო შეხვედრებს, რათა გარკვეულ კითხვებს პასუხი გაეცეს, რომლებიც მოდის ვენეციის კომისიისგან, ევროკავშირისგან და აშშ-დან – იმ პარტნიორებისგან, რომლებიც ხელს უწყობენ საქართველოში უფრო ძლიერი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბებას. ახალ კანონპროექტში მათი ბევრი რეკომენდაცია იქნა გათვალისწინებული, დარჩენილია რამდენიმე და იმედი გვაქვს, ეს რეკომენდაციებიც იქნება გათვალისწინებული. ზოგადად, ეს კანონპროექტი ემსახურება სასამართლო სისტემის უფრო მეტ გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას, მოსამართლეთა არჩევის მეტ გამჭირვალობას და მისი მიზანია, მოსამართლეთა არჩევა მოხდეს კვალიფიკაციაზე დაყრდნობით“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტს დღეს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. დღესვე კანონპროექტს პირველი მოსმენით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.