ახალმა ხომალდმა მზეს ფოტოები ისტორიაში ყველაზე ახლო მანძილიდან გადაუღო (ფოტოკოლაჟი)

ნასას და ევროპის კოსმოსური სააგენტოს ხომალდ „სოლარ ორბიტერის“ (Solar Orbiter) მიერ გადაღებული პირველი ფოტოები უკვე საჯაროდ ხელმისაწვდომია, მათ შორის არის მზისთვის ისტორიაში ყველაზე ახლოდან გადაღებული სურათები.

სოლარ ორბიტერი ნასას და ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) საერთაშორისო პროექტია და მიზნად ისახავს ჩვენი დედავარსკვლავის — მზის შესწავლას. კოსმოსური ხომალდი 2020 წლის 9 თებერვალს გაეშვა და მზესთან პირველი ახლო გავლა ივნისის შუაში განახორციელა.

„მზის ეს უპრეცედენტო ფოტოები ყველაზე ახლოდან არის გადაღებული ამ დრომდე გადაღებულთა შორის. ეს გასაოცარი ფოტოები მეცნიერებს დაეხმარება ერთად მოუყარონ თავი მზის ატმოსფეროს შრეებს, რაც უმნიშვნელოვანესია იმის გასარკვევად, როგორ მართავს ის კოსმოსურ ამინდს დედამიწასთან ახლოს და მთელი მზის სისტემის მასშტაბით“, — ამბობს მისიის მეცნიერი ჰოლი ჯილბერტი.

ევროპის კოსმოსური სააგენტოს მხარის პროექტის მეცნიერის, დანიელ მიულერის თქმით კი, ასეთ დიდებულ შედეგებს ისინი ასე ადრე არ ელოდნენ და ფოტოები აჩვენებს, რომ სოლარ ორბიტერმა დიდებული სტარტი აიღო.

ამ წერტილამდე მისვლა სულაც არ იყო ადვილი. ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, მისიის კონტროლი ევროპის კოსმოსურ ოპერაციათა ცენტრში ერთი კვირის განმავლობაში დახურული იყო. თანამშრომელთა დიდი ნაწილი დისტანციურად, სახლიდან მუშაობდა.

თუმცა, ყველაფერი მოესწრო. ივნისის დასაწყისში ხომალდი მზად აღმოჩნდა კომეტა ATLAS-ის იონებთან და მტვრის კუდთან შესახვედრადაც. 15 ივნისს სოლარ ორბიტერმა მზეს 77 მილიონი კილომეტრის მანძილზე ჩაუარა; ამ დროს ჩართული იყო მისი ათივე ინსტრუმენტი და ხომალდმა მზეს ისტორიაში ყველაზე ახლო მანძილიდან გადაუღო ფოტოები. აღსანიშნავია, რომ პარკერის მზის ზონდი მზესთან უფრო ახლოს არის მისული, მაგრამ ფოტოები არ გადაუღია.

სოლარ ორბიტერი აღჭურვილია ვიზუალიზაციის ექვსი ინსტრუმენტით, რომელთაგან თითოეული მზის სხვადასხვა ასპექტს სწავლობს. როგორც წესი, ხომალდის პირველი ფოტოები ადასტურებს, რომ ინსტრუმენტები მუშაობს; მეცნიერები მათგან რაიმე ახლის აღმოჩენას არ ელოდებიან. თუმცა, მისი უკიდურესი ულტრაიისფერი სპექტრის ხელსაწყოს, EUI-ს მონაცემებში შენიშნეს მზის ისეთი მახასიათებლები, რომლებიც ასე დეტალურად არასოდეს გვინახავს.

ბრიუსელის სამეფო ობსერვატორიის მკვლევარი დევიდ ბერგჰმანსი ამ მახასიათებლებს მზის ზედაპირზე მიმოფანტულ „კოცონებს“ უწოდებს.

„ეს კოცონები მზის ამოფრქვევების პატარა და-ძმებია, არის მათზე მილიონობით და მილიარდობით უფრო მცირე ზომის. ახალ ფოტოებზე დაკვირვებისას შევნიშნეთ, რომ ისინი მზეზე ფაქტობრივად ყველგანაა“, — ამბობს ბერგჰმანსი.

ამ დროისთვის უცნობია, რას წარმოადგენს ეს „კოცონები“ ან როგორ შეესაბამებიან ისინი სხვა ხომალდთა მიერ შემჩნეულ მზის კაშკაშა მახასიათებლებს. შესაძლოა, ისინი მინი-აფეთქებებია, იგივე მინი-ანთებები — ყველგანმყოფი ციცქნა ნაპერწკლები, რომლებიც მეცნიერთა აზრით, მზის ზედა ატმოსფეროს, ანუ კორონას უნდა აცხელებდეს, რომლის ტემპერატურაც მზის ზედაპირზე 300-ჯერ მაღალია.

მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ხომალდის შემდეგი მონაცემები ამ საიდუმლოს ამოხსნაში დაეხმარება.

ხომალდის მიერ გადაღებული სხვა ფოტოები საკმაოდ იმედისმომცემია მისიის გვიანდელი ნაწილისთვის, როდესაც ის მზესთან კიდევ უფრო ახლოს მივა.

სოლარ ორბიტერის ერთ-ერთმა ინსტრუმენტმა გადაიღო ე. წ. ზოდიაქური ნათება, ანუ პლანეტათშორისი მტვრის მიერ არეკლილი მზის სინათლე.

იმედისმომცემია სხვა ინსტრუმენტთა შედეგებიც. მათ შორის, პოლარული და ჰელიოსეისმური მოწყობილობის (PHI) ფოტოები. ეს ინტრუმენტი რუკაზე დაიტანს მზის მაგნიტურ ველს და განსაკუთრებით ფოკუსირდება მის პოლუსებზე. ძირითად საქმიანობას ის მისიის გვიანდელ ეტაპზე დაიწყებს, როდესაც სოლარ ორბიტერი ორბიტაზე თანდათან 24 გრადუსით გადაიხრება პლანეტების სიბრტყის მიმართ და მზის პოლუსების უპრეცედენტო ხედებს შემოგვთავაზებს.

ახალი მონაცემები, მათ შორის ვიდეოები და ფოტოები დეტალური აღწერით, შეგიძლიათ სრულად იხილოთ ESA-ს გალერეაში.

მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით.

 
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.