ბათუმში 4 წლის ბავშვი ცემით მოკლეს – ცხედარი პროზექტურაშია, 23 დღის წინ გარდაცვლილ გოგოს არავინ კრძალავს

ბათუმში, სოფელ გონიოში ოთხი წლის ბავშვი დედის მეგობარმა ძიძის სახლიდან გაიტაცა და შემდეგ ცემით მოკლა. 4 წლის დიანას ცხედარი ამ დრომდე ბათუმის პროზექტურაშია დასვენებული. 23 დღის წინ გარდაცვლილ ბავშვს ამ დრომდე ვერ კრძალავენ. დედა საქართველოში არ იმყოფება. ბავშვის ბიოლოგიური მამა საქართველოს მოქალაქეა და ბათუმში ცხოვრობს. ის არც შვილის მკვლელობის და არც დაკრძალვის საკითხით არ დაინტერესებულა.

4 წლის დიანა დედამ გონიოში ძიძასთან ორი თვის წინ დატოვა. ყაზახეთის მოქალაქემ დაქირავებულ მომვლელს უთხრა, რომ თურქეთში სამუშაოდ მიდიოდა.

პერიოდულად, დედის მეგობრებს 4 წლის ბავშვი სასეირნოდ მიჰყავდათ. მორიგი გასეირნების შემდეგ ბათუმში მცხოვრებმა უზბეკეთის მოქალაქემ, შაჰლოჰონჯაბობოროვამ, ბავშვი ძიძასთან აღარ დააბრუნა. მომვლელის არაერთი მცდელობის მიუხედავად, ჯაბობოროვა არ დაუკავშირდა.

„კურიერმა“ დიანას მკვლელობის საქმის მასალები მოიპოვა. ჩვენებაში ბინის მფლობელი, სადაც მკვლელობა მოხდა, ყვება, რომ უზბეკეთის მოქალაქემ მას სახლის დაქირავების დროს უთხრა, რომ ბავშვთან და მეგობართან ერთად იცხოვრებდა.

ჩვენებიდან ჩანს, რომ უზბეკეთის მოქალაქეები ღამის კლუბში მუშაობდნენ. ამ დროს კი 4 წლის ბავშვს სხვადასხვა ადამიანთან ტოვებდნენ. ასე მოხდა 13 ივნისის ღამესაც. სხვისი შვილი, სარა მირბობოიევას დაუტოვეს, რომელმაც მცირეწლოვანი სასიკვდილოდ გაიმეტა. მოქალაქე ჯაბობოროვა, რომელმაც დაქალის შვილი ძიძასთან აღარ დააბრუნა, საქმის დეტალებზე არ საუბრობს.

შემთხვევის ღამეს სახლში ორ უზბეკ ქალთან ერთად იყო იმ ბინის მფლობელიც, რომლისგან ნაქირავებ ბინაშიც ცხოვრობდა 4 წლის ბავშვი. თამარ დიასამიძე გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში აღნიშნავს, რომ ღამის საათებში ყვირილის ხმა ესმოდა, რასაც ყურადღება არ მიაქცია. მკვლელობის შესახებ კი მხოლოდ მაშინ გაიგო, როცა ადგილზე პოლიცია მივიდა.

4 წლის მოკლული დიანას დედას, რომელსაც ახლა ყველა ეძებს, „კურიერმა“ უზბეკეთში მიაგნო. ტელეფონით საუბრისას მან „რუსთავი 2-ს“ განუცხადა, რომ თურქეთში მუშაობის დროს პასპორტი ჩამოართვეს და სამშობლოში გააძევეს, ამიტომ ვერ ახერხებს ჩამოვიდეს და შვილი დაკრძალოს.

ინტერვიუდან ირკვევა, რომ მოკლული დიანა უზბეკეთის მოქალაქემ ბათუმში 4 წლის წინ გააჩინა და მისი ბიოლოგიური მამა საქართველოს მოქალაქეა.

აჭარაში მომუშავე სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ არაერთი შემთხვევა ახსოვთ, როცა უცხო ქვეყნის მოქალაქე მშობლები შვილებს ტოვებენ და სამუშაოდ სხვა ქვეყანაში მიდიან.

ავტორი: თეა ვაშალომიძე
rustavi2.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.

ჩვენთან ყველა ინფორმაციის მიღება შეგიძლია