ბახმაროში მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელიც მთავრობამ „ორბი ჯგუფს“ 1 ლარად გადასცა, 7 მილიონ ლარზე მეტი ღირს

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში მდებარე 9 ერთეული 43269 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც „ორბი ჯგუფს“ 1 ლარად საინვესტიციო ვალდებულებით გადაეცა, 7 123 400 ლარი ღირს, – ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შეფასებით, 2018 წლის მდგომარეობით 7 123 400 ლარს შეადგენს.

ამასთან, სააგენტომ ბახმაროში 1 ლარად მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ „ორბი ჯგუფთან“ ერთად , სააგენტოს მიმართა კიდევ ერთმა კომპანიამ, რომელიც ასევე ბახმაროში ითხოვდა 1 ლარად მიწის გადაცემას.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, კონკრეტულად რომელ კომპანიასთან და რა სახის მოლაპარაკება მიმდინარეობს, სააგენტოში განმარტავენ, რომ „ორბი ჯგუფისთვის“ გადაცემული მიწის ნაკვეთის გარკვეულ ნაწილის კერძოდ, 14501 კვ.მ.-ის 1 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზნით, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილი იყო კიდევ ერთი კომპანიის განცხადება, რომელიც გამოთქვამდა მზაობას აღნიშნული ქონების პრივატიზების შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 წლის ვადაში შეექმნა სასტუმრო კომპლექსი, თუმცა შპს „ორბი ჯგუფის“ მიერ შემოთავაზებული პროექტის მასშტაბებისა და მოსალოდნელი საინვესტიციო თანხების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ „ორბი ჯგუფის“ საინვესტიციო წინადადებას მიანიჭა უპირატესობა, მეორე კომპანიასთან კი მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„გაცნობებთ, რომ მიმდინარე პერიოდში, ზემოაღნიშნული კომპანიის განცხადების საფუძველზე განიხილება კურორტ ბახმაროში მდებარე ალტერნატიული უძრავი ქონების მსხვილი საინვესტიციო პირობების ფარგლებში პრივატიზების საკითხი. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ზემოაღნიშნული პროექტი დამუშავების ეტაპზეა, ინვესტორის ინტერესების გათვალისწინებით, სააგენტოს არ მიაჩნია მიზანშეწონილად გაამხილოს კომპანიისა და მოთხოვნილი უძრავი ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემები და საინვესტიციო პირობები,“-აცხადებენ ქონების ეროვნულ სააგენტოში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ შპს „ორბი ჯგუფი ბახმაროს“ კურორტ ბახმაროში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 43,269 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები სიმბოლურ ფასად – 1 ლარად მიჰყიდა.

საპრივატიზებო პირობების თანახმად, ინვესტორმა 5 წლის ვადაში პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე მრავალფუნქციური კომპლექსი უნდა ააშენოს, რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებდეს) სასტუმროს ან სასტუმროებს არანაკლებ 120 ნომრით, ასევე, კომერციული დანიშნულების ფართებს, კვების ობიექტებს, სპორტულ მოედანს/მოედნებს და ა.შ. ამასთან, „ორბი ჯგუფმა“ პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, 5 წლის ვადაში 50 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

http://bfm.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.