ბიძინა ივანიშვილი “ოცნების“ დეპუტატებს აღარ ეხმარება – ვის შეუწყვიტა მილიარდერმა “დამსახურებული მოწყალება“?!

საქართველოს პარლამენტში ზის 7 დეპუტატი, რომელთაც საზოგადოების წინაშე გაწეული დამსახურებისათვის, “ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში აფინანსებდა.

უფრო კონკრეტულად კი, ეს ადამიანები იმ მრავალათასიან სიაში იყვნენ, ვისაც ბიძინა ივანიშვილის “დამსახურებული შემწეობა“ ანგარიშზე ყოველთვიურად ერიცხებოდათ.

დეპუტატი თეიმურაზ ჭკუასელი ბიძინა ივანიშვილისგან წლების განმავლობაში, ყოველთვიურად, 3000 ლარიან შემწეობას იღებდა; ამდენივეს იღებდნენ დეპუტატები გივი ჭიჭინაძე, შოთა ხაბარელი და ლერი ხაბელოვი; დეპუტატ თენგიზ ხუბულურს ყოველთვიურად 2500 ლარი ერიცხებოდა, ირაკლი აბუსერიძეს კი 1201 ლარი.

ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი საზოგადო მოღვაწე კი ნუკრი ქანთარია ყოფილა – ბიძინა ივანიშვილისგან „შემწეობის“ სახით იგი წლების განმავლობაში 4600 ლარს იღებდა.

როგორც „ქართული ოცნების“ აღნიშნული დეპუტატები “2020NEWS“-თან საუბარში აცხადებენ, მათ ივანიშვილის “დამსახურებული შემწეობა” გადეპუტატების შემდეგ აღარ მიუღიათ.

დეპუტატი შოთა ხაბარელი ბიძინა ივანიშვილისგან დაფინანსებას 8 წლის წინ იღებდა და დახმარება მას შემდეგ შეუწყდა, რაც პარლამენტში მოხვდა.

“დაფინანსებას 8 წლის წინ ვიღებდი, მაშინ, როცა სპორტში ვმოღვაწეობდი. ფონდი “ქართუ“ არა მარტო მე, არამედ ძალიან ბევრ ადამიანს აფინანსებდა. პარლამენტში მოვხვდი თუ არა, დაფინანსება შემიწყდა. აღნიშნული დაფინანსება 3 000 ლარს შეადგენდა“, – განაცხადა ხაბარელმა.

თენგიზ ხუბურულის ინფორმაციით, მას ფონდი “ქართუ“ 4 წლის განმავლობაში აფინანსებდა. როგორც პარლამენტარი გვიმხელს, პარლამენტში შესვლის შემდეგ, თანხა, შესაძლოა, ერთხელ აიღო.

“როცა დეპუტატი გავხდი, თანხა აღარ ამიღია. დაახლოებით, 4 წლის განმავლობაში ვიღებდი დაფინანსების სახით 2 500 ლარს. რაც დეპუტატი გავხდი, შეიძლება, ერთი თვის თანხა ავიღე. ზუსტად არ მახსოვს, მგონი, ეს 2012 წელს ერთხელ მოხდა“, – განაცხადა ხუბულურმა.

ალექსანდრე ქანთარია დაფინანსებას დახლოებით, ერთი წლის განმავლობაში იღებდა და ბიძინა ივანიშვილისგან დახმარება 2012 წლის შემდეგ აღარ მიუღია.

“თანხას ახლა, რა თქმა უნდა, არ ვიღებ. მას ვიღებდი, როგორც ხელოვნების დამახურებული მოღვაწე და სახელმწიფოს ორგზის პრემიის ლაურიატი. ეს ძალიან მოკლევადიანი დაფინანსება იყო. მას შეიძლება, ერთი წლის განმავლობაში ვიღებდი“,- განაცხადა ქანთარიამ.

ირაკლი აბუსერიძეს აღარ ახსოვს ფონდი “ქართუ“ რამდენი ხნის განმავლობაში აფინანსებდა, თუმცა აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც დეპუტატი გახდა, დახმარება აღარ მიუღია.

“ფონდი “ქართუ“ მხოლოდ მე კი არა, მთელ ნაკრებს აფინანსებდა. რამდენი ლარი იყო, ზუსტად არ მახსოვს. როცა სპორტს თავი დავანებე, მგონი, დახმარება მაშინ შემიწყდა. ფონდი “ქართუ“ რამდენი ხნის განმავლობაში მაფინანსებდა, ზუსტად არ მახსოვს, ეს ძველი თემაა“, – განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.

ბოლო მონაცემებით, ფონდი “ქართუ“ სულ 3 550 საზოგადო და ხელოვან ადამიანს აფინანსებდა. რაც შეეხება ახალ მონაცემებს, “2020NEWS”-მა ფონდი “ქართუს“ გამგეობის თავმჯოდმარე ნიკოლოზ ჩხეტიანისგან აღნიშნულთან საკითხთან დაკავშირებით პასუხი ამ დრომდე ვერ მიიღო.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.