ბრძოლა პატრიარქის ტახტისთვის – მეუფე შიოს რუსული “ბექგრაუნდი”

ქვეყნის პატრიარქი 27 წამში მოყვა ამბავს, რომელმაც ეკლესიის ისტორიაში ახალი ეპოქა შექმნა – ილია მეორემ პატრიარქობის 40 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ერს თანამოსაყდრე წარუდგინა, გიორგობის დღესასწაულზე ქაშუეთის ტაძრის ამბიონიდან უხუცესი პატრიარქის გზავნილმა ყველა შოკში ჩააგდო.

ამბავი, რომელიც ექვსი მაისის დილას უწმინდესმა გათქვა, იცოდა მხოლოდ სამმა ადამიანმა – თვითნ ილია მეორემ, მისმა მეკელიე მღვდელმა და მოსაყდრე შიომ. პატრიარქი მაშინ სხვას არავის ენდო, ბრძანება ხელწერილის სახით თავად მიიტანა ქაშუეთის ტაძარში.

ეკლესიის ორ ხელისუფლებიანობის ისტორია სწორედ 2017 წლიდან დაიწყო, მეუფე შიო მუჯირის მოულოდნელი გამორჩევით.

რა დამსახურებისთვის შეარჩია ილია მეორემ მღვდელმთავარი, რომელიც მანამდე არაფრით გამორჩეული სასულიერო მოღვაწე იყო, ეჭვები კიდევ უფრო გამძაფრდა. ხალხი, რომელმაც პატრიარქის კარზე ყველა საიდუმლო ამბავი კარგად იცის, ამბობს, რომ ქორეპისკოპოსი შიო დიდი ხნის წინ შეარჩიეს და საპატრიარქო ტახტისთვის მოამზადეს, დრო კი მის დასანიშნავად ხანდაზმულ კათოლიკოსს უნდა შეერჩია.

ციანიდის საქმის შემდეგ დაახლოებით სამ თვეში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შიო გამხდარიყო პატრიარქის თანამოსაყდრე. პრაქტიკულად, ათწლეულების წინ იყო დაგეგმილი შიოსთვის დღევანდელი შედეგი. უცნაურია ის, რომ რაღაცნაირად საეჭვოდ გაწმენდილია მისი ბიოგრაფია და ეს, კარგად მოგეხსენებათ, რუსულ სპეცსამსახურებს ახასიათებს, რომ წმენდენ ბიოგრაფიას და შესაბამისად, ამზადებენ რაღაცისთვის, – ამბობს საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ტარას შავშიშვილი.

სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის სასულიერო კარიერაში ყველაფერი მოულოდნელად ხდებოდა. ისიც სავარაუდოა, რომ მისი მოღვაწეობის სცენარის ავტორებს, ჯერ კიდევ წლების წინ ჰქონდათ დაგეგმილი მეთოდი, რომლითაც მღვდელმთავარი პატრიარქის ტახტს მიუახლოვდებოდა. შიო მუჯირი მოსაყდრეობამდე ორი წლით ადრე დანიშნეს პატრიარქის ქორეპისკოპოსად და ეკლესიამ მას ქართულ ჯართან ურთიერთობა ჩააბარა. 

მისი ბიოგრაფია იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ამ ადამიანს გზა გაუკაფეს ჩრდილოეთში ჩვენმა არაკეთილისმსურნე ქვეყნის სპეცსამსახურებმა, მისი ქორეპისკოპოსად დანიშვნაც კი მოულოდნელი და უცნაური იყო ყველასთვის. ქორეპისკოპოსად ნიშნავენ გამორჩეულ მღვდელმთავარს და შიო არ იყო გამორჩეული. ეს კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვებს, რომ ის მზადდებოდა დიდი ხნის წინ, ციანიდის საქმით ეს უბრალოდ დაგვირგვინდა, – ამბობს შავშიშვილი.

მოსაყდრე შიოს საეჭვო კავშირებს რუსეთის საპატრიარქოსთან მისი წარსული კიდევ უფრო ამყარებს. მაშინ როდესაც ქვეყანას ერთი ომი რუსეთთან ახალი დამთავრებული ჰქონდა, ახალგაზრდა სასულიერო პირმა განათლების მიღება მოსკოვის სასულიერო აკადემიაში გადაწყვიტა.

საქართველოში დაბრუნდა და მისი კარიერული აღმასვლაც დაიწყო. მას შემდეგ, რაც მიტროიპოლიტი შიო პატრიარქის შემდეგ პირველ პირად დასახელდა, გზა რუსეთის მოკეთე მღვდელმთავრებს გაეხსნა. ჭყონდიდის ეპარქია 46 მღვდელმთავრიდან მხოლოდ ერთს ჩააბარეს, შიო მუჯირთან რუსეთში დამეგობრებულ გრიგოლ კაციას.

ისტორიული ქუთაისის დაქვრივებულ საეპისკოპოსო ტახტზე განამწესეს მეუფე, რომელიც რუსული პოლიტიკის ღია მხარდამჭერია. იოანე გამრეკელი ქადაგებების დროს ყოველთვის გამოირჩეოდა კრემლის გზავნილებით.

მეუფე შიომ საკუთარი სტატუსით საპატრიარქოს კარზე გზა რუსულ გავლენებსაც გაუხსნა. მეუფე ანტონის უკანასკნელი სკანდალური ქადაგება ღია გზავნილი აღმოჩნდა, რომ ეკლესიის შიგნით ევროატლანტიკური კურსი და ლიბერალური ღირებულებები ეჭვქვეშ დადგა. ვანისა და ბაღდათის ეპისკოპოსის ეს ქადაგებას მეუფე შიოს დუმილმა კიდევ უფრო გაამყარა.

ქვეყნის პატრიარქმა საკუთარ მოსაყდრედ შიო მუჯირი ერთპიროვნულად დანიშნა. რატომ ეჩქარებოდა პატრიარქს, თეოლოგები ამ დრომდე ვერ ხსნიან, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ილია მეორეს საეკლესიო კანონმდებლობის დარღვევად დაუჯდა. ის რაც ეკლესიის მართვა-გამგეობაში წერია, ადასტურებს, რომ მოსაყდრე მუჯირი საპატრიარქოს კარზე არალეგიტიმური მოღვაწეა.

უხუცესი პატრიარქის შემცვლელად ეკლესიის შიგნით ყველა ილია მეორეს ძმის შვილს, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილს ასახელებდა, თუმცა ციანიდის საქმემ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის დაკავებით, პატრიარქობის მოსურნე ძმის შვილს საბოლოოდ ჩაუკეტეს გზა საპატრიარქო ტახტისკენ. ომი მეუფე შიომ სავარაუდოდ მყარი ზურგის ფასად მოიგო. 

ციანიდის საქმისა და მეუფე შიოს ასპარეზზე გამოსვლის შემდეგ, ეკლესიის შიგნით რუსული ფრთა კიდევ უფრო გააქტიურდა. მეუფე დიმიტრი კი დარწმუნდა, რომ პატრიარქის ბიძა მასზე განაწყენებული იყო და საკუთარი თავის გადასარჩენად საუბარს დუმილი ამჯობინა. ამ დუმილით მან ახალგაზრედა სასულიერო პირი გაწირა და საპატრიარქო ტახტისკენ გზა გაუხსნა ძლიერ კლანს.

მოქმედების მეორე ნაწილი უკვე პატრიარქის არჩევნები იქნება. სინოდის სხდომაზე მოსაყდრე შიოს კანდიდატურას ხმა უმრავლესობამ უნდა მისცეს. ილია მეორეს გაცხადებული სურვილი რომ მუჯირმა მისი ადგილი დაიკავოს, შესაძლოა სურვილად დარჩეს. როდესაც საქმე საბოლოო გადაწყვეტილებაზე მივა, ასპარეზზე დასავლური ღირებულებების მხარდამჭერი მღვდელმთავრები და ეკლესიის შიგნით მოღვაწე პრორუსი ძალები გამოვლენ, თუმცა დიდი ალბათობით, ბოლო სიტყვას სასულიერო პოლიტიკის მიღმა იტყვიან.  

“მთავარი”

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.