გადასახადების შემცირება და თითოეულ ბავშვზე 300 ევრო – გერმანიის ფისკალური სტიმულირების პაკეტი

გერმანიის კოალიციურმა მთავრობამ რამდენიმედღიანი ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად მიაღწია შეთანხმებას 130 მილიარდი ევროს მოცულობის ფისკალური სტიმულირების პაკეტზე, რომელიც გადასახადების შემცირებას და ოჯახებისთვის თითოეულ ბავშვზე 300 ევროს გადაცემას ითვალისწინებს.
ფისკალური პაკეტის მიზანია ეკონომიკის აღდგენისთვის ხელის შეწყობა, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა.

შეგახსენებთ, გერმანია ბოლო 70 წლის მანძილზე ყველაზე ღრმა რეცესიას განიცდის, მიმდინარე წელს მშპ-ს 6.3%-ით შემცირებას ელიან.როგორც გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, დროებით უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების რიცხვი იმის დასტურია, თუ რამდენად მყიფე სიტუაციაა ქვეყანაში. გერმანიაში დაახლოებით 7 მლნ ადამიანი დროებით უმუშევარი დარჩა.

კოალიციური მთავრობის მიერ დამტკიცებული ფისკალური სტიმულირების პაკეტი მოიცავს დღგ-ს 19%-დან 16%-მდე დაწევას 1 ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. ეს ნაბიჯი მთავრობას 20 მილიარდი ევრო დაუჯდება.

გარდა ამისა, როგორც ზემოთ არის ნახსენები, ერთჯერადად თითოეულ ბავშვზე ოჯახი მიიღებს 300 ევროს დახმარებას.ასევე, მოქალაქეები, რომლებიც ელექტრომობილებს იყიდიან, მთავრობისგან ფასდაკლებას მიიღებენ, იმისათვის რომ წახალისდეს უფრო „მწვანე“ სატრანსპორტო საშუალებების შეძენა.

ახალი პაკეტის ფარგლებში ბიზნესებიც მიიღებენ სარგებელს. ის კომპანიები, რომლებიც კრიზისმა მნიშვნელოვნად დააზარალა – მათ შორის სამასპინძლო ბიზნესი, ტურიზმი და გართობის მიმართულება – მიიღებენ დახმარებას ივნისიდან აგვისტომდე, რაც 25 მილიარდ ევროს მოიცავს.

კერძოდ, რესტორნებს, სასტუმროებს და ღონისძიებების ორგანიზატორ კომპანიებს ფიქსირებული საოპერაციო დანახარჯები 80%-მდე აუნაზღაურდებათ, თუ მათი შემოსავლები 70%-ზე მეტად შემცირდა წინა წლის მონაცემებთან შედარებით.

მერკელის განცხადებით, მხარდაჭერის პროგრამა დაეხმარება ეკონომიკას ფეხზე დადგომასა და ზრდაში.

წყარო: forbes.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.