გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია – “თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო

22 ივნისს, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია – “თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო.

რეზოლუცია ასახავს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ ვითარებას და ხაზს უსვამს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო თანამეგობრობის წვდომის აუცილებლობას. რეზოლუცია გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მდგომარეობის შესახებ 44-ე სესიაზე ზეპირი და 45-ე სესიაზე წერილობითი ანგარიშის წარდგენას ავალებს.

საქართველოს მიერ 35 ქვეყანასთან ერთად მომზადებული რეზოლუციის პროექტის წარდგენა სხდომის წამყვანმა, ადამიანის უფლებათა საბჭოს თავმჯომარემ, ავსტრიელმა ელიზაბეტ ტიხი-ფისლბერგერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიას სთხოვა.

ვიდეო-კავშირის საშუალებით საბჭოს წევრებისთვის რეზოლუციის პროექტის წარდგენის დროს ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშებში ასახული ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული პირობები კიდევ უფრო გაუარესდა იმის გამო, რომ რუსეთმა, კორონავირუსის კრიზისის მიუხედავად, განაგრძო ტერიტორიების მავთულხლართებით გამიჯნა, ჩაკეტა “გადასასვლელები” და უარი თქვა სასწრაფო სამედიცინო ევაკუაციაზე.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვიდეო-მიმართვის შემდეგ საბჭოზე სიტყვით გამოვიდნენ პოლონეთის, ავსტრალიის, სომხეთის, კამერუნის, ვენესუელის, ჩეხეთის, ბრაზილიის, ბულგარეთის და დანიის წარმომადგენლები. მათმა უმეტესობამ მოიწონა რეზოლუციის პროექტი.

კენჭისყრის შემდეგ გაირკვა, რომ რეზოლუცია მიღებული იქნა 20 ხმით ორის წინააღმდეგ. 24 ქვეყანამ თავი შეიკავა, ხოლო ერთმა კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

მომხრე: ავსტრალია, ავსტრია, ბაჰამის კუნძულები, ბულგარეთი, გერმანია, დანია, ესპანეთი, იტალია, იაპონია, ლიბია, მარშალის კუნძულები, მექსიკა, ნიდერლანდები, პერუ, პოლონეთი, სლოვაკეთი, სომალი, უკრაინა, ფიჯი, ჩეხეთი.

წინააღმდეგი: ვენესუელა, კამერუნი.

თავი შეიკავა: ავღანეთი, ანგოლა, არგენტინა, ბაჰრეინი, ბანგლადეში, ბრაზილია, ბურკინა ფასო, ერიტრეა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ინდოეთი, ინდონეზია, კატარი, კორეა, მავრიტანია, ნამიბია, ნეპალი, ნიგერია, პაკისტანი, სენეგალი, სუდანი, ტოგო, ურუგვაი, ფილიპინები, ჩილე.

არ მიიღო მონაწილეობა: სომხეთი

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭომ მეოთხედ მიიღო რეზოლუცია “თანამშრომლობა საქართველოსთან”.

2017 წელს რეზოლუციას მხარი 18-მა სახელმწიფომ დაუჭირა, 24-მა თავი შეიკავა, ხოლო 5 – ბოლივია, ბურუნდი, ვენესუელა, კუბა და ჩინეთი წინააღმდეგი იყო.

2018 წელს რეზოლუციას მხარი 19-მა სახელმწიფომ დაუჭირა, 23-მა თავი შეიკავა, ხოლო 5 – ბურუნდი, ვენესუელა, კუბა, ფილიპინები და ჩინეთი წინააღმდეგი იყო.

2019 წელს რეზოლუციას ხმა მისცა 19-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი, 25-მა თავი შეიკავა, ხოლო 3 – კამერუნი, კუბა და ჩინეთი წინააღდეგი იყო.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.