გამგებელი: ჩემ წინააღმდეგ აღძრული საქმე სამი წლის წინანდელ ინციდენტს ეხება

სამგორის რაიონის გამგებლის, დავით კერესელიძის ინფორმაციით, მის წინააღმდეგ აღძრული საქმე სამი წლის წინ ავტომანქანის გაჩერების გამო მეზობლისთვის მიცემულ შენიშვნას ეხება. ინფორმაციას imedinews ავრცელებს.

კერესელიძის თქმით, საქმე ეხება 3 წლის წინ მომხდარ ინცინდენტს, რომელიც მისი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ავტომანქანის არასწორად გაჩერების გამო მოხდა.

დავით კერესელიძის თქმით, ის ამ საკითხზე თბილისის მერს, კახა კალაძეს უკვე ესაუბრა და ყველაფერი დეტალურად აუხსნა.

“2015 წლის მარტში ჩემს საცხოვრებელ კორპუსთან მოხდა შემთხვევა. ჩემი მეზობლის სიძემ არაერთხელ მოახდინა პარკირება არასწორად. რამდენჯერმე მივეცი შენიშვნა, მესამე შენიშვნის შემდეგ მოგვივიდა ჩვეულებრივი, საყოფაცხოვრებო კონფლიქტი. ამ კონფლიქტის დროს არც ქონებრივი და არც ფიზიკური ზიანი არ მიგვიყენებია ერთმანეთისთვის. შემდეგ წავიდა და ამ ადამიანმა იჩივლა. მე მინდოდა, რომ ჩემი სიმართლე დამემტკიცებიდა, ამიტომ ეს პროცესი მინდინარეობს. საქმე ეხება მუქარას, ჩემმა მეზობელმა დაწერა, რომ ვემუქრებოდი. მე რომ მეჩივლა, ალბათ, მეც ასევე დავწერდი, რომ მემუქრებოდა. ეს მუხლი ითვალისწინებს 500- ლარიან ჯარიმას. მე გამგებლად 2 თვის წინ დავინიშნე. არავითარი რამდენიმე მუხლით გამოძიება არ მიმდინარეობს. მომხდარის შემდეგ ამ ადამიანმა სასამართლოს და ჩემს იურისტებს წარუდგინა წერილი, რომ მას ჩემთან არანაირი პრეტენზია არ გააჩნია და ჩვენ გვაქვს კეთილმეზობლური ურთიერთობა. პროცესი მიდის, ერთმანეთთან პრეტენზია აღარ გაგვაჩნია და ეს ნოტარიულად დადასტურებულად არსებობს, უბრალოდ, ახლა ველოდებით, რომ სასამართლომ მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება“, – განაცხადა კერესელიძემ.

მისივე თქმით, საქმეზე გამოძიება 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.

16 თებერვალს, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა დედაქალაქის მთავრობას და უმრავლესობას ორშაბათამდე მისცა ვადა, თანამდებობიდან გაათავისუფლოს კორუფციისთვის ნასამართლევი პირები და გამგებელი, რომელზეც მისი თქმით, სისხლის სამართლებრივი დევნაა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.