განგაში რუსულ არმიაში, რისთვის ამზადებენ 150 000 ჯარისკაცს – „არაა გამორიცხული რუსეთმა ჩვენც „მიგვაყოლოს” – რეიტინგდაცემული პუტინის მორიგი კუნთების თამაში?

რუსეთმა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, მოულოდნელად დაიწყო ჯარისა და ფლოტის შემოწმება სამხედრო მზადყოფნაზე. „როდესაც პუტინმა „გაინაღდა” თავისი ძალაუფლება სამუდამოდ, უკვე შესაძლებელია რუსეთი ნებისმიერ აფიორაზე წავიდეს”, – ამბობს პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია, ამ საკითხის შეფასებისას „რეზონანსთან”.

მისი თქმით, რუსეთის მიერ მსგავსი ტიპის სასწავლო წვრთნები ხშირია, თუმცა საგულისხმოა ის დეტალი, რომ ამჯერად შემოწმებაზე ბრძანება არა არმიის გენერალმა, თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, არამედ უმაღლესმა მთავარსარდალმა ვლადიმერ პუტინმა გასცა. მაისაია, წვრთნების რამდენიმე შესაძლო მიზეზეც საუბრობს.

„მსგავსი ტიპის სამხედრო წვრთნები და შემოწმებები ჩვეული მოვლენაა რუსეთის ფედერაციაში. შარშან სამჯერ მოხდა ასეთი არაგეგმიური წვრთნები და ბრძოლისუნარიანობის შემოწმება. მაგრამ, აქ ერთი ნიუანსია, ადრე ასეთი წვრთნებს ახორცილებდა თავდაცვის მინისტრი, არმიის გენერალი შოიგუ. პუტინის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის მიერ ასაეთი ტიპის არაგეგმიური წვრთნების ჩატარება უკვე სერიოზული საკითხია.

„როგორც ჩანს, ეს მოქმედებები განპირობებულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული რთული სამხედრო მდგომარეობიდან გამომდინარე. რუსეთის ფედერაციის სამხედრო-პოლიტიკური ხელისუფლება განიხილავს გარკვეულ სცენარებს თუ როგორ იქნება შესაძლებელი რუსების ჩართვა კონფლიქტში თუ სიტუაცია გართულდება.

„მეორე მხრივ, რუსეთში საკმაოდ დაიძაბა სიტუაცია განსაკუთრებით ხაბაროვსკის მხარეში, როდესაც იქაური გუბერნატორი ფურგალი დაპატიმრეს. ფაქტობრივად, მისი საკითხი ჰაერში ჰკიდია. სიტუაცია იმდენადაა გართულებული, რომ ხაბაროვსკის მხარე უარს აბობს ცენტრიდან პოლიტიკურ მართვასთან დაკავშირებით. არ არის გამორიცხული, რომ ეს მზადება უკავშირდებოდეს ამ საკითხსაც. მაგრამ მგონია, რომ ყარაბაღის კონფლიქტს უფრო უკავშირდება.

„გარდა ამისა, ძალიან საინტერესოა ის ფაქტიც, რომ რამდენიმე დღის წინ სირიაშიც დაიძაბა სიტუაცია, მოხდა თავდასხმა რუსულ სამხედრო ავტოკოლონებზე. ოპერატიულ-სტრატეგიული სარდლობა „სამხრეთი” სწორედ სირიის სამხედრო კამპანიის მთავარი ბაზაა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ სწორედ ამ სარდლობაში მოხდეს სამხედრო დახმარებაც.

„ასევე, შავი ზღვის სამხედრო აკვატორიაში ძალიან გააქტიურდნენ ნატოს სამხედრო ძალები, შესაძლებელია, ამ მიმართულებითაც გააძლიეროს რუსეთმა სამხედრო მოქმედებები”, – ამბობს მაისაია.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ რუსეთმა სამხედრო ძალა მეზობელი ქვეყნების ოკუპაციისთვის გამოიყენოს.

„არსებობს სამხედრო ხელშეკრულება, რომელიც დაიდო მიხეილ საააკაშვილის მეთაურობით საქართველს ხელისუფლებასა და რუსეთის ფედერაციას შორის, სამხედრო ტრანზიტთან დაკავშრებით. იქ საუბარია, რომ საქართველოს ხელისუფლება რთავს ნებას, რუსეთმა განახორციელოს არასაბრძოლო სახის სამხედრო დანიშნულების ტვირთებისა და ცოცხალი ძალის გადაადგილება ჩვენს ტერიტორიაზე.

“მაგრამ, თუ სამხედრო დაპირისპირება და სერიოზული ომი დაიწყო, ბუნებრივია, რუსეთი არანაირ ხელშეკრულებას ყურადღებას არ მიაქცევს, მისთვის სამართლებრივი დოკუმენტი არაფერს არ ნიშნავს. ერთადერთი გზა, რომლითაც შესაძლებელია სომხეთი მომარაგდეს, საჰაერო და სახმელეთო სივრცე არის ჩვენი ტერიტორიაა. აქედან გამომდინარე ამ ყველაფერს თავისი ფაქტორები გააჩნია. არაა გამორიცხული რუსეთმა ჩვენც „მიგვაყოლოს”.

„უკრაინასთან მიმართებით ბუნებრივია, რომ რუსეთს გააჩნია თავისი პირადი ინტერესები, იქ სიტუაცია იოლი არაა, თუნდაც დომბასის სეპარატისტულ რეგიონში და რუსეთიც აქტიურ ნაბიჯებს ახორციელებს ამ მიმართულებით.

“აქედან გამომდინარე, რუსეთისგან ყველაფერია მოსალოდნელი მით უმეტეს, როდესაც პუტინმა „გაინაღდა” თავისი ძალაუფლება სამუდამოდ. ახლა უკვე შესაძლებელია რუსეთი ნებისმიერ აფიორაზე წავიდეს. მათ შორის მეზობლების წინააღმდეგ და მოიახდინოს არამარტო, ინტერვენცია ან აგრესია, არამედ ქვეყნების ოკუპაციაც, რისი საკმაოდ მწარე გამოცდილებაც გაგვაჩნია”, – აღნიშნა მაისაიამ „რეზონანსთან”.

რუსული მედიის ცნობით ვლადიმერ პუტინმა რუსული არმიის ბრძოლისუნარიანობის მოულოდნელი შემოწმება დაიწყო.

როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ამბობს, საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების მიზნით ჩატარდება სამხედრო სწავლება, რომელშიც რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო ოლქების, ასევე წყნარი ოკეანის ფლოტისა და საჰაერო-სადესანტო ძალების 150 000 სამხედრო მოსამსახურე, 26 000-მდე სამხედრო ტექნიკა, 414 საფრენი აპარატი და 106 საზღვაო ხომალდი მიიღებს მონაწილეობას.

მისივე თქმით, სწავლების ფარგლებში უნდა შეფასდეს ჯარის შესაძლებლობა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით, სადაც „სერიოზული ტერორისტული საფრთხეები არსებობს” და ასევე დაიწყოს მზადება „კავკასია-2020″-სთვის, რომელიც სექტემბერშია დაგეგმილი.

მარიამ ნებულიშვილი

resonancedaily.com

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.