გიორგი გახარია ოპოზიციის განცხადებაზე: არჩევნებსა და საპარლამენტო სავარძლებს ამ ქვეყანას ნუ გადავაყოლებთ

„დეტალურად არ ვიცი, რა გამოძიება იწყება. გავერკვევი. რა პოლიტიკურ ზეწოლაზეა საუბარი? თვითონ, რაზეც უნდა, იმაზე შეუძლია ისაუბროს. არჩევნებში ვართ. რა თქმა უნდა, ზოგი პოლიტიკურ ზეწოლაზე ისაუბრებს, ზოგი – მედიაზე ზეწოლაზე, მაგრამ არსებობს გარემო, როდესაც ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არავის არასდროს არ შეუზღუდავს, ღიად ვსაუბრობთ ყველასთან ყველაფერზე“ – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ოპოზიციის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით, კიდევ ერთ საქმეზე იწყება გამოძიება, რითაც 8 მარტის შეთანხმება დაირღვევა.

„მოდით, ასე გავაკეთოთ: არჩევნების ღირსეულად ჩატარება არაა მხოლოდ ერთი პარტიის ან საზოგადოების რაღაც ნაწილის მიზანი. ეს ყველა ჩვენგანის მიზანი უნდა იყოს, რადგან არჩევნებით რომელიმე პოლიტიკურ ძალას კი არა, ქვეყანას შეაფასებენ. ახლა, როცა გვაქვს თითქმის პროპორციული საარჩევნო სისტემა, საპარლამენტო დემოკრატია, ამ ქვეყანას შეუძლია, დემოკრატიის თვალსაზრისით, სემდგომი ნაბიჯი გადადგას და ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ. არჩევნებსა და საპარლამენტო სავარძლებს ამ ქვეყანას ნუ გადავაყოლებთ“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

იქამდე, 18-მა ოპოზიციურმა პარტიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ: „ხელისუფლებამ გადაწყვიტა ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმე „გააცოცხლოს“. ივანიშვილი ცდილობს ყველას დაანახოს, რომ მის წინააღმდეგ აქტიური პოლიტიკური პოზიციის დაკავება სახიფათოა. ამ ტიპის საქმეები აქტუალობას მაშინ იძენს როცა ეს ივანიშვილს რომელიმე ოპონენტის გასაჩუმებლად, საზოგადოების დასაშინებლად და თავისი ხელქვეითების გასამხნევებლად სჭირდება“.

ერთობლივ განცხადებას ევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია, საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება, გამარჯვებული საქართველო, ევროპული დემოკრატები, ახალი საქართველოსთვის, ემსახურე საქართველოს, მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის, საქართველო ლიდერებს შორის, ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა, რესპუბლიკური პარტია, კანონი და სამართალი, ახალი საქართველო, ქრისტიან კონსერვატიული პარტია, ედპ, ენმ, ლელო და თავისუფალი დემოკრატები ავრცელებენ.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.