გორბაჩოვი: პუტინი სიმართლეს არ ამბობს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უარყო შეერთებული შტატების ბრალდება იმის თაობაზე, რომ რუსეთმა ახალი ფრთოსანი რაკეტა შეიმუშავა, რომელიც საშუალო რადიუსის ბირთვული იარაღის ხელშეკრულებას (INF) არღვევს. 18 დეკემბერს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს, პუტინმა თქვა, რომ რუსეთს არ სჭირდება ამ ახალი სახმელეთო სისტემის შემუშავება, რადგან უკვე აქვს მსგავსი საზღვაო და საჰაერო რაკეტები.

პუტინი აცხადებს, რუსეთის ახალი რაკეტები INF-ს არ არღვევს, რადგან ხელშეკრულება, რომელსაც საბჭოთა კავშირმა და ამერიკამ ცივი ომის დროს, 1987 წელს მოაწერეს ხელი, მხოლოდ სახმელეთო გატყორცნის ფრთოსან რაკეტებზე ვრცელდებოდა, საბჭოთა კავშირს კი საზღვაო და საჰერო სისტემები მაშინ არ ჰქონდა.

გორბაჩოვი: პუტინი სიმართლეს არ ამბობს

პუტინმა გორბაჩოვის მთავრობა გააკრიტიკა. მან თქვა, რომ INF-ი საბჭოთა კავშირის მხრიდან „ცალმხრივი განიარაღების“ შეთანხმება იყო და დასძინა, რომ „მხოლოდ ღმერთმა იცის, რატომ გააკეთა ეს საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ.“

მიხეილ გორბაჩოვი და რონალდ რეიგანი INF-ის ხელშეკრულებას აწერენ ხელს, 1987 წლის 8 დეკემბერი
მიხეილ გორბაჩოვი და რონალდ რეიგანი INF-ის ხელშეკრულებას აწერენ ხელს, 1987 წლის 8 დეკემბერი

რუსეთის პრეზიდენტის ამ განცხადებას მალევე გამოეხმაურა საბჭოთა კავშირის ბოლო ლიდერი მიხეილ გორბაჩოვი და თქვა, რომ როგორც ჩანს, პუტინი შეცდომაში შიყვანეს INF-ის ხელშეკრულების დეტალებთან დაკავშირებით.

„სამწუხაროდ, როგორც ჩანს, პრეზიდენტს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს. არ ყოფილა არანაირი „ცალმხრივი განიარაღება.“ ხელშეკრულების თანახმად, ასობით რაკეტა იქნა განადგურებული, როგორც ამერიკის, ასევე საბჭოთა კავშირის მხრიდან,“ თქვა გორბაჩოვმა. მან დასძინა, რომ ხელშეკრულების პირობებზე მუშაობის დროს „დეტალურად ხდებოდა მისი დამუშავება სხვადასხვა ორგანოში, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბში.“

დამოუკიდებელი რუსი სამხედრო ექსპერტი ალექსანდერ გოლცი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ „ცალმხრივი განიარაღება“ „აშკარა ტყუილია.“ მისი თქმით, „კი, საბჭოთა კავშირმა ორზე მეტჯერ შეამცირა სხვადასხვა რადიუსის რაკეტები. მაგრამ ეს გაკეთდა ძალიან კონკრეტულ სრატეგიულ სიტუაციაში. მაშინ, საშუალო რადიუსის საბჭოთა რაკეტები შეერთებულ შტატებამდე ვერ აღწევდა, ამერიკული რაკეტები კი, რომლებიც ევროპაში იყო განლაგებული, აშშ-ის სტრატეგიული პოტენციალის გასაზრდელად სერიოზული დანამატი იყო და ამ რაკეტებს რამდენიმე წუთში შეეძლო საბჭოთა კავშირის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ცენტრებამდე მიღწევა,“ განმარტა გოლცმა.

დასავლეთი რუსეთს INF-ის დარღვევაში ადანაშაულებს

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ დეკემბრის დასაწყისში რუსეთს 60 დღე მისცა იმისთვის, რომ კრემლმა INF-ის საფუძველზე ნაკისრი ყველა ვალდებულების შესრულება განაახლოს. „საჭირო ცვლილებების განხორციელების ტვირთი რუსეთს აწევს. ამ ხელშეკრულების გადარჩენა მხოლოდ მათ შეუძლიათ,” თქვა მაშინ პომპეომ.

ამერიკა აცხადებს, რომ რუსეთმა ხელშეკრულების დარღვევა 2012 წელს დაიწყო, როცა ევროპაში ფარული პროგრამით SSC-8 ტიპის ფრთოსანი რაკეტების განთავსება დაიწყო. INF-ის ხელშეკრულებით ევროპაში მსგავსი ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების განთავსება აკრძალულია მათი რადიუსის გამო. INF-ი ევროპის კონტინენტზე 500-დან 5 500 კილომეტრამდე რადიუსის მქონე რაკეტების განლაგებას კრძალავს.

მოსკოვი უწყვეტად უარყოფს ბირთვული ხელშეკრულების დარღვევას და ამბობს, რომ ხელშეკრულებას არა რუსეთი, არამედ ამერიკა არღვევს. კრემლს ამის მაგალითად პოლონეთსა და რუმინეთში განლაგებული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა მოჰყავს.

პუტინმა სამშაბათს კიდევ ერთხედ გაიმეორა საკუთარი პოზიცია და იმაზე მეტი დეტალიც კი გააჟღერა, ვიდრე აქამდე. მისი თქმით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე გამოცადა ორი სისტემა – ჰაერიდან გასატყორცნი X-101 და ზღვიდან გასატყორცნი „კალიბრი.“ ორივე მათგანის რადიუსი 4,5000 კილომეტრამდეა და მათი გამოყენება სირიაში მოხდა.

„ამან ჩვენი პარტნიორები, ალბათ, აანერვიულა, მაგრამ ეს INF-ის დარღვევა არ არის,“ თქვა მან.

პუტინმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის სტრატეგიულ ბომბდამშენებსა და გემებზე, რომლებიც გრძელ-რადიურისიანი ფრთოსანი რაკეტებით არის აღჭურვილი.

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს „კალიბრით“ აღჭურვილი წყალქვეშა გემი, თუ ბომბდამშენი გვექნება, თუ მსგავს იარაღს ხმელეთზე განვათავსებთ. 4,500 კილომეტრის მანძილზე რუსეთის ტერიტორიიდან ნებისმიერ სამიზნეში შეგვიძლია სროლა,“ თქვა პუტინმა.

პუტინმა კვლავ გაიმეორა, რომ თუ შეერთებული შტატები ბირთვულ ხელშეკრულებას დატოვებს, რუსეთი ბირთვული რაკეტების აშენებას დაიწყებს და INF-ის პირობს აღარ დაიცავს.

ვაშნგტონი კი აცხდებს, რომ რუსეთი ხელშეკრულებას უკვე უხეშად არღვევს. ამას ნატოც ადასტურებს. ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ დეკემბერში გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა “შეიმუშავა და განალაგა სარაკეტო სისტემა 9M729 [იგივე SSC-8], რაც INF-ის ხელშეკრულების დარღვევაა და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისთვის დიდ რისკს წარმოადგენს.” მინისტრებმა რუსეთს სთხოვეს “დაუყოვნებლივ” განაახლოს ხელშეკრულების სრული და შემოწმებადი დაცვა, რაც ხელშეკრულების გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა.

2012 წელს რუსეთმა კვლევისა და განვითარების პროგრამა დაიწყო. ორი წლის შემდეგ პროგრამის ფარგლებში, შემუშავებული რაკეტების ტესტირებაზე გადავიდა და კიდევ ორ წელში რაკეტების ფართო წარმოება და საველე დისლოცირება განახორციელა. როგორც ობამას, ასევე ტრამპის ადმინისტრაციამ კრემლთან დიპლომატიური მეთოდებით სცადა იმის კომუნიკაცია, რომ რუსეთი INF-ის ხელშეკრულებას არღვევდა და ეს პროცესი უნდა შეეჩერებინა. რუსეთის მხრიდან ამ მოთხოვნაზე საპასუხო რეაგირება არ ყოფილა.

თეთრი სახლის მიერ ხელშეკრულების დატოვების გადაწყვეტილება, ტრამპის ადმინისრაციის თქმით, სწორედ იმას უკავშირდება, რომ დიპლომატიური მეთოდებით რუსეთის დაყოლიება არ მოხერხდა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.