„დავეხმარები იმათ, ვინც სამსახური დაკარგაო, ვინც აქამდეც უმუშევარი იყო, იმას არ უნდა დაეხმარო?“

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შესახებ,“ალიას“ ეკონომისტი, დემურ გიორხელიძე ესაუბრება.

 – შემიძლია ხატზე დავიფიცო, აბსოლუტური ემოციის გარეშე, გარდა პატივისცემისა, სხვა არაფერი მალაპარაკებს. ჩვენ ყველანი უმძიმეს მდგომარეობაში ვართ. რეალური საფრთხის წინაშე ვდგავართ და ეს საფრთხე როგორმე უნდა გავიაროთ. პრემიერ გახარიას გამოსვლაში,  მის ფრაზეოლოგიაში, საუბრის ტონალობაში, საკითხების მიმართ აქცენტირებაში ვერ ვხედავ ამ საფრთხეს. ეს საფრთხე არის უზარმაზარი, მთელი მსოფლიოს ეკონომიკაა გაჩერებული. ამერიკისა და ჩინეთის, ამ ორი უდიდესი ქვეყნის ეკონომიკის 40%–ზე მეტია გაჩერებული. ჩვენ კიდევ ეკონომიკა საერთოდ არ გვქონდა. მე სულ მაგას ვლაპარაკობდი, არ შეიძლება დღეს ეკონომიკის აღდგენაზე ლაპარაკი, თავიდან გვაქვს შესაქმნელი ეკონომიკა.  ჩვენ გვაქვს ახლა გადარჩენის  პროგრამა. გადარჩენა ხალხისა და გადარჩენა ბიზნესისა, რომელი ბიზნესის გადარჩენაც შესაძლებელია. არა პრივილეგირებული, არა ხელისუფლებასთან დაახლოებული ტიპების ბიზნესებისა, არამედ რეალურად პოტენციურად მოქმედი ბიზნესი რომ არ განადგურდეს.  დადებითი რაც არის ამ გეგმაში, ის არის, რომ გარკეული ფინანსური დახმარება გაეწევათ უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს,  სხვა და სხვა  კატეგორიებს. ეს გასაგებია, საქართველო ღარიბი ქვეყანაა. რაც ამ მომწონს ამ დახმარებებში, ეს სწორედ ადამიანების დიფერენცირებაა. რას ნიშნავს  მხოლოდ იმ ადამიანებს დავეხმარები, ვინც სამსახური დაკარგა? ვინც აქამდე უმუშევარი იყო და არ დაუკარგავს სამსახური, იმას  არ უნდა დაეხმარო?  ფორს–მაჟორში ყველას უნდა დაეხმარო. ხალხს 3–4  შვილი ჰყავს, სამუშაო არ დაკარგა იმიტომ, რომ არ  ჰქონდა. ასეთ  ხალხს როგორ არ უნდა დაეხმარო? ამ  ხალხის იგნორირება არ შეიძლება. რაც შეეხება 200 ლარიან დახმარებას იმ ხალხისთვის, ვინც სამსახური დაკარგა, ეს ძალიან  ცოტაა, ამ ფულით მხოლოდ მშიერი არ მოკვდება ადამიანი,  სხვა არაფერი. თუმცა, ეს ის არის, რომელიც სულ არაფერს სჯობს. ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი იყო პრემიერის გამოსვლაში. ბოლოს და ბოლოს, დეკლარირებულად ითქვა, ის მთავარი, რაც ყველა ქვეყანაში ცნობილია. სოფლის მეურნეობაზე, როგორც სტრატეგიული დარგზე ლაპარაკი დაიწყეს. აგრარული სექტორს აქამდე აბუჩად იგდებდნენ, არადა უზარმაზარი რესურსები გვაქვს. ვინმე იტყვის რომ ჰოლანდია აგრარული ქვეყანაა? ჰოლანდიის შემოსავალი სოფლის მეურნეობიდან,  წელიწადში 100 მილიარდი ევროა. ამ დროს, ჰოლანდია განვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა. ჩვენ ჰოლანდიაზე გაცილებით დიდი რესურსი გვაქვს, შესაბამისად, თუ მივხედავთ აგრარულ სექტორს, მაშინ სამომავლოდ იქიდან სოლიდური თანხების მობილიზება მოხდება. კი, ამ ეტაპზე სოფლის მეურნეობას გარკვეულ დახმარებას გაუწევს ხელისუფლება და ეს კარგია, გავიგე ისიც, რომ ეს მნიშვნელოვანი სფეროა და უნდა მივხედოთო, კარგია ესეც. მაგრამ ვნახოთ, შემდგომში რას იზამენ. სხვა კონკრეტული ვერაფერი გავიგე.

– თვეში 200  ლარი იმ ხალხისთვის, ვინც სამსახური დაკარგა, ძალიან, ძალიან ცოტაა.

– სამარცხვინოდ ღარიბი ქვეყანა ვართ და ეს მაგის ბრალია. ცხადია, არასწორად დაგეგმილი ბიუჯეტისა და უსაშველოდ გაზრდილ  ბიუროკრატიული ხარჯების ბრალია. კიდევ ბევრია სათქმელი. თუმცა, ის მაინც გვეცოდინება, რომ 350 000 კაცი მიიღებს ამ 200 ლარს თვეში და მშიერი არ იქნება. ვიმეორებ, მე არ მომწონს ის, რომ არაფერს აძლევენ იმათ, ვინც არ მუშაობდა. არ შეიძლება ამ ხალხის ისე დატოვება. ამ ხალხმა ხომ უნდა იარსებოს და რით იარსებოს, თუ არც აქამდე  არ ჰქონდა შემოსავალი და არც ახლა აძლევ არაფერს? არც ის შეიძლება, რაღაც ცნობები მოსთხოვო თვითდასაქმებულებს, რომელთაც შემოსავალი აღარ აქვთ.  ამგვარ ცნობებს, ბევრი ვერ მოიტანს. როგორ უნდა დაამტკიცოს ამ ხალხმა, რომ მუშაობდა? კონსულტანტი ჰყავთ, ფინანსური მრჩეველი ჰყავთ? მაგალითად, სოფლებში გამგებლებმა კარგად იციან, ვის რა შემოსავალი ჰქონდა, ადექი, გააკეთე სიები და მიეცი ამ ხალხს ის ერთჯერადი 300 ლარი და ამ უტრანსპორტობაში, ნუ არბენინებ რაღაც აბსურდული ცნობების ასაღებად. გადასახადებს ვინც არ იხდიდა, მიეცი ყველას და დაამთავრე, რა,  ეს იწილო–ბიწილო.

ლევან ჯავახიშვილი

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.