დამოუკიდებლობის მომხრეები მინსკში აქციებს მართავენ – ბელარუსის რუსეთში ინტეგრაცია გადაიდო

ლუკაშენკომ და პუტინმა გაერთიანების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გრძელდება საპროტესტო აქციები რუსეთთან ქვეყნის ინტეგრაციის გეგმის წინააღმდეგ. მომიტინგეები ქუჩაში ისევ გამოვიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსის და რუსეთის პრეზიდენტების 7 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე, მოლოდინების საწინააღმდეგოდ, დოკუმენტები ორი ქვეყნის შემდგომი გაერთიანების შესახებ არ გაფორმებულა.

პროტესტი მინსკში. ფოტო: TUT.by

“არა ანშლუსს!“ და “გაუმარჯოს ბელარუსს!”

Euroradio- ს ცნობით, კვირას, 8 ოქტომბერს, მინსკში მორიგი არასანქცირებული აქცია გაიმართა რუსეთთან ბელარუსის ინტეგრაციის წინააღმდეგ. ოქტომბრის მოედანზე ასობით ადამიანი მივიდა. მთავარი ლოზუნგები იყო: “არა ანშლუსს!”, “არავითარი კავშირები იმპერიულ რუსეთთან!”, “გაუმარჯოს ბელარუსს!”

• შესაძლებელია თუ არა რუსეთის მხრიდან ბელარუსის ანექსირება?

• მოსაზრება: როგორ ემზადება რუსეთის პრეზიდენტი სამუდამო ვადისთვის

• „კომერსანტი“: მზადდება რუსეთისა და ბელარუსის კონფედერაცია

მომიტინგეებმა მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, რომელშიც მათ  ყველა შეთანხმება, რომელსაც ხელს მოაწერენ ბელარუსის და რუსეთის მოქმედი ლიდერები, არალეგიტიმურად გამოაცხადეს. მომიტინგეებმა ასევე მოუწოდეს საერთაშორისო საზოგადოებას სოლიდარობა გამოუცხადონ ბელარუსელ ხალხს, ლუკაშენკოსა და პუტინის რეჟიმებს შორის ყველა შეთანხმება არალეგიტიმურად აღიარონ და, საჭიროების შემთხვევაში, დააწესონ დამატებითი სანქციები მათ წინააღმდეგ.

აქციის მონაწილეები რუსეთის საელჩოსთან მივიდნენ, სადაც  მათ სპეცრაზმი დახვდა.

მომიტინგეები და პოლიცია მინსკში რუსეთის საელჩოსთან. ფოტო: Весна

გადადებული ინტეგრაცია

საბაბი ამ დემონსტრაციებისთვის გახდა ორი ქვეყნის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა სოჭში, 7 დეკემბერს. რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს შექმნის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის 20 წლისთავის საპატივცემულოდ, ამ შეხვედრაზე „სიღრმისეული ინტეგრაციის შესახებ“დოკუმენტების პაკეტის ხელმოწერა იგეგმებოდა.

ძირითადად, პაკეტი ბაზრების გაერთიანებას და საერთო ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკას ითვალისწინებს . ამასთან, შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, ზოგიერთ მედიაში გაჩნდა ცნობები, რომ დაგეგმილი იყო შეთანხმების გაფორმება  “საერთო პარლამენტისა და მთავრობის შექმნის” შესახებ.

სწორედ ამ ინფორმაციამ გამოიწვია ინტეგრაციის მოწინააღმდეგეების აღშფოთება. 5 დეკემბერს ალექსანდრ ლუკაშენკომ ასეთი ხელშეკრულების ხელმოწერა თავად უარყო.

ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, მხარეები არ აწარმოებენ დიალოგს პოლიტიკურ საკითხებზე, მაგალითად, ერთიანი პარლამენტის შექმნის შესახებ. მან ასევე თქვა, რომ ”არავინ მოაწერს ხელს ისეთ რამეს, რაც ზიანს მოგვაყენებს”.

შედეგად, ლუკაშენკოს და პუტინს 7 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე ინტეგრაციის შესახებ რაიმე დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ და პრესასთანაც აღარ გამოსულან. ბელარუსის და რუსეთის ლიდერთა  შემდეგი შეხვედრა 20 დეკემბერს არის დაგეგმილი.

ამ დღისთვის ასევე ემზადებიან ინტეგრაციის მოწინააღმდეგეები, რომლებიც მორიგ აქციას გეგმავენ.

რას ნიშნავს საკავშირო სახელმწიფო? 

ოფიციალურად, რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფო არის რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის ზესახელმწიფოებრივი  გაერთიანებაა, რომელიც საერთო პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო, საბაჟო, სავალუტო, იურიდიული, ჰუმანიტარული და კულტურული სივრცის ეტაპობრივად შექმნას ითვალისწინებს.

მისი შექმნის შესახებ ხელშეკრულება 1999 წელს გაფორმდა. ქვეყნებს შორის შეთანხმების წყალობით, მათ შორის  საზღვარი ფაქტობრივად ღიაა და ბელარუსი სარგებლობს რიგი შეღავათებით რუსულ ენერგორესურსებზე და რუსეთის ბაზარზე.

თუმცა, დღემდე მხარეები ერთიან ვალუტასა და საერთო პოლიტიკურ სტრუქტურებზე ვერ შეთანხმდნენ.

https://jam-news.net
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.