დასკვნები სამყაროს დაღუპვაზე – გადაჭარბებულია

ექსტრემალური ფსიქოლოგია –

როდის დამთავრდება ყველაფერი

სამყაროს დაღუპვაზე კაცობრიობა დაბადებიდანვე ფიქრობს. ამაზე მიუთითებს უკვე ცნობილი „წარღვნა“ და „მესიის მოსვლის“ მოლოდინი ასევე „წარღვნით“. მოკლედ თემა ახალი არ არის, პესიმისტებს იმედები უნდა გავუცრუოთ: პროგნოზები სამყაროს დაღუპვაზე – გადაჭარბებულია. – თვლიან ცნობილი მეცნიერები, ვისაც ვერც ოპტიმისტობას დააბრალებ და ვერც პესიმისტობას. რადგან შეხედულებებს გამოკვლევების საფუძველზე აყალიბებენ.

სტივენ ჰოკინგი – გარდა იმისა, რომ იყო მეცნიერი, მისი პიროვნება ცალკე საუბრის თემაა. ადამიანი, რომლის ტვინს სხეულის ყველა კუნთთან კავშირი გაწყვეტილი ჰქონდა სრულფასოვანი ადამიანის, მეტიც მეცნიერის და მკვლევარის ცხოვრებით ცხოვრობდა.

მიუხედავად ამისა, რომ ფუნდამენტური ფიზიკის დარგები გრავიტაცია, კოსმოლოგია, კვანტური თეორია, თერმოდინამიკა და ინფორმაციის თეორია გააერთიანა, მეოცე საუკუნის უდიდეს ფიზიკოსებს შორი მის სახელს ვერ წააწყდებით, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისი, როგორც მეცნიერის საყოველთაო აღიარებისთვის. მკაცრი კრიტიკის მიუხედავად სტივენ ჰოკინგი ისტორიას უდიდეს მეცნიერად დარჩება. მისი სიტყვებია: „ჩემი სადოქტორო დისერტაციის გასაჯაროებით ადამიანებს მინდა ვუთხრა, რომ საკუთარი ფეხების თვალიერების ნაცვლად ვარსკვლავებისკენ აიხედონ და სამყაროში საკუთარ ადგილზე დაფიქრდნენ“.

სტივენ ჰოკინგი – მსოფლიო სწავლული – სამყაროს წარმოქმნის თემაზე მუშაობდა. მხარს უჭერდა „პარალელური სამყაროების“ არსებობის თეორიას. სწავლობდა „შავი ხვრელის“ აგებულებას და თვისებებს. 1992 წელს სხვა მსოფლიო სწავლულებთან ერთად მონაწილეობდა მანიფესტში „გაფრთხილება კაცობრიობას“ სადაც მიუთითებდა, რომ თუ კაცობრიობა არ შეცვლის საქმიანობის მიმართულებას დედამიწაზე, ძლიერი განსაცდელების სახით მკაცრი გამოცდა და მოულოდნელი რყევები მოელის.

როცა ამ სიტყვებს ვკითხულობდი, გამახსენდა:

„ადამიანი რაც მეტს ძალადობს  ბუნებაზე, მით მეტია მისი შურისძიება ადამიანზე“- კარლ მარქსი.

ამ პირველი მანიფესტაციის შემდეგ  უკვე 2017 წელს იყო მორიგი იმავე ხასიათის მანიფესტაცია: „გაფრთხილება კაცობრიობას“ სახელწოდებით „მეორე გაფრთხილება კაცობრიობას“, სადაც ნათქვამი იყო, რომ ადამიანების მოქმედების განვითარების ტრაექტორია ბუნების კატასტროფული ცვლილებისკენ მიდის, რომელიც შეიძლება დამთვრდეს ნახევარი სამყაროს ამოხოცვით. მესამე: „კაცობრიობის გაფრთხილება კლიმატურ საგაგნგებო სიტუაციაზე“ – შედგა გასულ წელს და ნათქვამი იყო, რომ კლიმატური კრიზისი გაცილებით ჩქარა ვითარდება, ვიდრე სწავლულები ვარაუდობდნენ. ამიტომ, კლიმატური უბედურება გარდაუვალია.

თავად სტივენ ჰოკინგი საკუთარ ნაშრომებში სხვადასხვა საფრთხის სცენარებზე საუბრობს და ამბობს, რომ არ არის გამორიცხული, ყველა ეს სცენარი ერთდროულად განვითარდეს და კაცობრიობას ერთდროულად დაატყდეს თავს. ჩამოთვლილია სცენარები რიგითობის მიხედვით: პირველი – ბირთვული ომი. მისი აზრით ბირთვული იარაღის მწარმოებელ ქვეყნებს არც მთლად გონიერი ადამიანები მართავენ. ერთ დღეს შეიძლება ვერ  მოილაპარაკონ ერთმანეთს შორის და ომი გამართონ. იარაღებს შორის ბირთვულიც გამოიყენონ. მეორე – ხელოვნური ინტელექტი. მისი აზრით, ერთ დროს ხელოვნური ინტელექტი თვითგანვითარებას მიაღწევს და გახდება ადამიანზე აღმატებული, რის შემდეგაც ადამიანები საჭირო აღარ იქნება. ეს ზეტვინი გამოიგონებს ხერხს, თუ როგორ მოიშოროს ის თავიდან. ამ სცენარის მიხედვით ფილმი „ტერმინატორი“ მეცნიერებს არცმთლად ფანტასტიურად ეჩვენებათ. მესამე სცენარი – გენური ინჟინერული ვირუსის გამოგონება. ის ამტკიცებდა, რომ ადამიანები დიდი ხანია ამუშავებენ ბიოლოგიურ იარაღს, მაგრამ ჯერჯერობით ამ გამოგონილთაგან არცერთს არ მოყოლია დიდი სიკვდილიანობა. თუმცა, სულ მალე მიზანი მიღწეული იქნება და ნებსით თუ უნებლიედ გამოუშვებენ გარეთ. ჯინი ბოთლიდან ამოდის, მაგრამ მისი უკან შებრუნება შეუძლებელია. მაშინ მოხდება კატასტროფა – მილიონობით ადამიანი დაიღუპება და ბოლო მეოთხე სცენარი – გლობალური დათბობა. ის ამტკიცებდა, რომ ჩვენი პლანეტის ოზონის ფენა სწრაფად ვიწროვდება, თუ ეს პროცესი არ იქნა შეჩერებული,  გამოიწვევს დედამიწის „სასათბურეს ეფექტით“ გადახურებას  და ვენერას კლიმატს შექმნის. ამ პლანეტაზე ტემპერაატურა 467 გრადუსი ცელსიუსია და ამიტომაც ის საუბრობდა ხსნაზე, სხვა პლანეტის კოლონიზაციის სახით.

ამჟამად, როცა კაცობრიობას კრიზისი დაუდგა, ირკვევა, რომ ადამიანების მოდგმის გადასარჩენად და სხვა პლანეტაზე გადასასახლებლად  მეცნიერები ძალიან სერიოზულად მუშაობენ. დადასტურებულია, რომ მარსის კოლონიზაციისთვის რამდენიმე ჯგუფი უკვე შერჩეულია.

ფანტაზიას როგორი გასაქანიც არ უნდა მიეცეს, ჩვენთან ერთად თუ ჩვენს გარეშე დედამიწა ბრუნვას, კაცობრიობა არსებობას განაგრძობს.

რასაკვირველია, უმჯობესია ჩვენთან ერთად.

დასასრული თავის დროზე ყველას გვეწვევა, დედამიწა კი იბრუნებს.

იბრუნოს! იცოცხლოს და ჩვენ ვისწავლოთ როგორ გვიყვარდეს სამყარო, რათა  მასაც ვუყვარდეთ და დროზე ადრე არ მოვსპოთ ერთმანეთი!

ქეთევან ჩემია, იერუსალიმი

paqtebi.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.

ჩვენთან ყველა ინფორმაციის მიღება შეგიძლია