დაყოვნების გარეშე უნდა დამტკიცდეს ეროვნული კიბერუსაფრთხოების სამოქმედო გეგმა – აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კიბერუსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობის შემდეგ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოში კიბერუსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

დეგნანმა აღნიშნა, რომ საარჩევნო პერიოდში უაღრესად მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოების გაძლიერება, რაც, მისი თქმით, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურისა და ინფორმაციის უსაფრთხოების დაცულობას გულისხმობს. 

დეგნანი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაყოვნების გარეშე მიიღოს და დაამტკიცოს ეროვნული კიბერუსაფრთხოების სამოქმედო გეგმა, რათა აღმოიფხვრას დაუცველობა და გაიზარდოს რეზისტენტულობა კიბერთავდასხმების მიმართ. 

“ის ფაქტი, რომ პრემიერმინისტრი, მინისტრები, ელჩები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებიან ამ ღონისძიებას, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს კიბერუსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელობას. აშშ მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან კიბერუსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით, რაც მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურისა და ინფორმაციის უსაფრთხოების დაცულობას გულისხმობს.

ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი საარჩევნო წელია, შესაბამისად, ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვა განსაკუთრებით საჭიროა, რათა ქართველმა ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობა იმ განცდით მიიღონ, რომ მათ შესახებ ინფორმაცია დაცული იქნება.

აშშ მოუწოდებს საქართველოს, დაყოვნების გარეშე მიიღოს და დაამტკიცოს ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ საქართველოს, მკაფიოდ განსაზღვროს პასუხისმგებლობები კიბერუსაფრთხოების სფეროში. ეს დაეხმარება საქართველოს მზადყოფნაში, შეამციროს დაუცველობა და განახორციელოს ეფექტური ქმედებები, შემდგომი თავდასხმებისას, რადგან დარწმუნებულები ვართ, რომ შემდგომი თავდასხმებიც იქნება”, – აცხადებს დეგნანი

ბოლო კიბერთავდასხმა საქართველოზე, უცხო ქვეყნის, სავარაუდოდ, რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან, მიმდინარე წლის 3 სექტემბერს განხორციელდა. შსს-ს ინფორმაციით, თავდასხმა ჯანდაცვის სამინისტროზე, ლუგარის ლაბორატორიის მონაცემთა ბაზაში დაცული სამედიცინო დოკუმენტებისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაუფლებისა და გამოყენების მიზნით განხორციელდა. უწყების ცნობით, მოპოვებული მასალა, როგორც ავთენტიკური, ისე  ფალსიფიცირებული, ერთ-ერთ უცხოურ ვებგვერდზეც კი აიტვირთა.

რუსეთის ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოზე 2019 წლის 28 ოქტომბერსაც განხორციელდა. კიბერშეტევის მსხვერპლი სახელმწიფო უწყებები და მედია ორგანიზაციები იყვნენ. 2019 წლის 28 ოქტომბრის კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ორგანიზაციების სერვერები, მართვის სისტემა და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.