დედამიწის ხმელეთის ნახევარი ჯერ კიდევ ხელუხლებელია და შესაძლებელია, რომ ადამიანის ხელს გადაურჩეს — ახალი კვლევა

შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ ადამიანებმა ბუნებრივი გარემოს უდიდესი ნაწილი დრამატულად შევცვალეთ და გავძარცვეთ საკუთარი მიზნებისთვის. საინტერესოა, პლანეტის ზედაპირის რა ნაწილი რჩება ჩვენი ხშირად საზიანო გავლენისგან თავისუფალი?

თუ დედამიწის ისეთ რუკას შევქმნით, სადაც ლანდშაფტზე კაცობრიობის ნაფეხურები იქნება დატანილი, ხმელეთის ზედაპირის რა ნაწილი დარჩება ისეთი, სადაც ჯერ არ არის აშენებული ქალაქები, მაღაროები, პლანტაციები, ანუ იქნება ხელუხლებელ მდგომარეობაში?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, ახალ კვლევაში მეცნიერებმა ერთმანეთს შეადარეს სივრცულ მონაცემთა ოთხი სხვადასხვა წყება. მართალია, მონაცემთა თითოეული კრებული სხვადასხვა სახის მეთოდოლოგიასა და კლასიფიკაციის სისტემას იყენებს, მაგრამ მკვლევრები მათზე დაყრდნობით აღნიშნავენ, რომ ხმელეთის დაახლოებით ნახევარს (48-56 პროცენტი) ადამიანთა დაბალი გავლენა ემჩნევა.

„ადამიანების მიერ მიწით სარგებლობა სულ უფრო დიდ საფრთხეს აყენებს დედამიწის დარჩენილ ბუნებრივ ჰაბიტატებს, განსაკუთრებით თბილ და უფრო ხელსაყრელ ზონებში, მაგრამ დედამიწის თითქმის ნახევარი მაინც ფართომასშტაბიანი მოხმარების ზონებს მიღმაა“, — ამბობს მერილნდის უნივერსიტეტის გარემოს დაცვის მეცნიერი ერლი ელისი.

მართალია, ამ რიცხვებმა შეიძლება ბევრი შთააგონოს, რადგან წარმოაჩენს საკმაო ოდენობის თითქმის ხელუხლებელ მიწას, რომლის დაცვაც შესაძლებელია, მაგრამ ეს კვლევა ასევე ნათლად აჩვენებს, დედამიწის უკვე რამხელა ნაწილი უჭირავს ადამიანთა საქმიანობას.

მკვლევართა განცხადებით, პლანეტის ყინულისგან თავისუფალი ხმელეთის ზედაპირის დაახლოებით მეოთხედს ემჩნევა ადამიანთა ძალიან დაბალი გავლენა.

ხელუხლებელი მიწა სრულად ფუნქციონირებადი ეკოსისტემებით, შეუცვლელ როლს თამაშობს ამ პლანეტაზე ჩვენი არსებობისათვის. მათ შორის, ამცირებს კლიმატის ცვლილების გავლენებს.

„პლანეტის ის ნაწილები, სადაც ადამიანთა გავლენა დაბალი და ძალიან დაბალია, ძირითადად წარმოადგენს ცივ (ტაიგა, ტუნდრა, მთის საძოვრები) ან არიდულ (უდაბნოები) ლანდშაფტებს“, — წერენ მკვლევრები.

მათივე განცხადებით, უფრო შემაშფოთებელი კი ის არის, რომ მონაცემთა უმეტეს ნაწილში, ზომიერი სარტყლების საძოვრების, ტროპიკული წიწვოვანი და ტროპიკული მშრალი ტყეების ერთ პროცენტზე ნაკლებს აქვს ადამიანთა ძალიან დაბალი გავლენა. იგივე მდგომარეობაა ტროპიკული საძოვრების, მანგროსა და მთის საძოვრების შემთხვევაშიც.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ურბანიზაციით, მეტყევეობით, სოფლის მეურნეობით ან სხვა მიზნებით, ადამიანებს უდიდესი გავლენა აქვთ ბიომრაველფეროვან ლანდშაფტებზე, რაც მათი დაუყოვნებლივი საჭიროებებით არის განპირობებული. ამ დროს იგნორირებული რჩება უდაბნოები და პლანეტის ყველაზე ცივი ადგილები.

გარდა ამისა, მკვლევრები ამბობენ, რომ მიღებული შედეგები გვაძლევს ძლიერ, აშკარა ნიშნულს, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ ამჟამინდელი და სამომავლო კონსერვაციის ძალისხმევაში; შევამციროთ დაბალი გავლენის ზონების ხელყოფა, ამავე დროს, პარალელურად აღვადგინოთ ხმელეთის ის ზონები, რომლებიც უკვე ძალიან არის ექსპლუატირებული.

„ჩვენ მიერ მიღებული შედეგები მიუთითებს, რომ პლანეტის ხმელეთის ზედაპირის დაახლოებით 50 პროცენტი ადამიანთა მხრიდან დაბალ გავლენას განიცდის და შედეგად, მისი დაცვა შესაძლებელია“, — განმარტავენ მკვლევრები.

კვლევის მიზანი იყო მეტი ინფორმაციის მიწოდება ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის შეხვედრაზე, რომელიც ჩინეთში უნდა გამართულიყო, მაგრამ COVID-19-ის პანდემიის გამო გადაიდო.

გამომდინარე იქიდან, რომ SARS-CoV-2 (COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსი) ზოონოზური პათოგენია, რომელიც ადამიანებში ცხოველებიდან გადმოვიდა, შეხვედრის გადადება კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რამდენად საჭიროა ასეთი საკონსერვაციო ღონისძიებები.

გარდა პათოგენებისგან საკუთარი თავის დაცვისა, საჭიროა რაც შეიძლება სწრაფად მოქმედება, რათა დავიცვათ ან აღვადგინოთ ხმელეთის ის ნაწილი, რომელიც ადამიანის ხელით არის დაზიანებული.

მკვლევართა განცხადებით, პლანეტის მხოლოდ 15 პროცენტია გარემოს დაცვის გარკვეული ფორმის ქვეშ, ამ ეკოსისტემებს მიღმა არსებული ხელუხლებელი ეკოსისტემები კი სწრაფად ნადგურდება.

„ამ კვლევის შემაგულიანებელი შედეგი ის არის, რომ თუ სწრაფად და ბეჯითად ვიმოქმედებთ, მაინც რჩება პატარა ფანჯარა, რომლიდანაც შეიძლება, დედამიწის ხმელეთის თითქმის ნახევარი შედარებით ხელუხლებელ მდგომარეობაში შევინარჩუნოთ“, — ამბობს კვლევის ავტორი, კალიფორნიის უნივერსიტეტის ბიოლოგი ჯეისონ რიგიო.

კვლევა ჟურნალ Global Change Biology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

 
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.