„დიფფეიკი“ – ახალი გამოწვევა საერთაშორისო უსაფრთხოებაში (ვიდეო)

„დიფფეიკი“ ანუ გაყალბებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ადამიანის გარეგნობის, სხეულის მოძრაობის, ლაპარაკის მანერისა და მიმიკის მიმბაძველი ტექნოლოგიაა, რომელზეც წვდომა ადრე მხოლოდ კინო-ინდუსტრიას ჰქონდა, დღეს კი უკვე ნებისმიერს შეუძლია მისი გამოყენება.

საზოგადოების ნაწილი ასეთ ვიდეოებს იუმორით უყურებს, ექსპერტებისთვის კი ეს ციფრული ტექნოლოგია საერთაშორისო უსაფრთხოების ახალი გამოწვევაა.

თუ დეზინფორმაციის გამავრცელებელი სააგენტოები და ტროლ-ქარხნები ადრე ფოტოების გაყალბებით კმაყოფილდებოდნენ, ახლა მათ შეეძლებათ, ვიდეოები შექმნან, რაც ცრუ ინფორმაციას კიდევ უფრო ადვილად დააჯერებს მომხმარებლებს. სოციალურ ქსელში  უკვე არაერთი მსგავსი ყალბი ვიდეო გავრცელდა, მათ შორის, ყველაზე ცნობილი ბარაკ ობამას მიმართვაა.

„დიფფეიკის“ ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი მსახიობი ემა უოტსონია, რომლის ციფრული თვითმარქვია სხვადასხვა პორნოსაიტზე გავრცელდა. ექსპერტები ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სწორედ სექსუალური ხასიათის შანტაჟს მიიჩნევენ.

პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ სექსუალური შინაარსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოყენება არც ჩვენი რეალობისთვისაა ახალი. მმართველი პარტია მას ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან პოლიტიკური ოპონენტების შანტაჟისათვის იყენებს.

არჩევნები ახლოვდება, „ქართული ოცნება“ პოლიტიკური და მორალური კრიზისის პიკშია. ეჭვგარეშეა, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაზე ბინძური ხერხების გამოყენებას არც ამჯერად მოერიდება.

ოპოზიციას მეტი სიფრთხილის გამოჩენა მოუწევს, კოკა ყანდიაშვილსა და მისი ტროლების ქარხანას კი მეტი სწავლა.  მსოფლიოში დეზინფორმაციის გავრცელების ახალი გზები და მეთოდები ძალიან სწრაფად ვითარდება და მისთვის ფეხის აწყობა მარტივი საქმე სულაც არ არის.

ავტორი: ბექა ყორშია

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.