დონალდ ტრამპი ნატოში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების შეყვანის ინიციატივით გამოვიდა

დასავლური მედიის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატოში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების შეყვანის ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ ტრამპი ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ტელეფონით ესაუბრა. როგორც ტრამპა აღნიშნა, მისი შეთავაზებით სტოლტენბერგი “აღფრთოვანებული” დარჩა.

“ჩემი აზრით, ნატო უნდა გაფართოვდეს და ჩვენ ალიანსში უნდა შევიყვანოთ ახლო აღმოსავლეთი. ამას შეიძლება ვუწოდოთ ნატო + ახლო აღმოსავლეთი (NATO+ME). რა მშვენიერი სახელწოდებაა. სახელების შერჩევა კარგად გამომდის”, — განუცხადა ტრამპმა თეთრ სახლში რეპორტიორებს.

თუმცა, ტრამპს არ დაუკონკრეტებია ნატოში ახლო აღმოსავლეთის რომელი ქვეყნების გაწევრიანებაზეა საუბარი.

დონალდ ტრამპმა 8 იანვარს თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზეც განაცხადა, რომ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებში.

8 იანვარს დილით ირანმა ერაყში არსებულ ორ ამერიკულ ბაზას ბალისტიკური რაკეტებით შეუტია. აშშ-ის ცნობით, ამერიკული სამხედრო ბაზების მიმართულებით სულ მცირე 12 რაკეტა ისროლეს. თავდასხმა გასულ კვირას ირანელი გენერლის, სოლეიმანის ლიკვიდაციას უკავშირდება.

განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა აიღო. მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნებისმიერი ქვეყანა, სადაც აშშ-ის სამხედრო ბაზებია განლაგებული, შეიძლება აგრესიის სამიზნე გახდეს. გარდა ამისა, გუშაგთა კორპუსმა ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდა, მთავრობას რეგიონიდან სამხედრო ძალების გაყვანა მოსთხოვონ. ირანული სახელისუფლებო მედიის თქმით, ოპერაციას “მოწამე სოლეიმანი” უწოდეს.

ტრამპმა პირველ კომენტარი აღნიშნა, რომ ჯერ-ჯერობით ყველაფერი რიგზეია. აშშ-ს სამხედრო ძალების წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ ერაყის ბაზაზე მყოფ სამხედრო პირებს საკმარისი დრო ჰქონდათ იმისთვის, რომ ირანის სარაკეტო შეტევებს გარიდებოდნენ. მისი თქმით, ჯარისკაცებმა ბუნკერებისთვის თავის შეფარება დროულად შეძლეს.

აინ ალ-ასადის საჰაერო ბაზა ერაყში 2003 წელს, სადამ ჰუსეინის ლიკვიდაციის შემდეგ განლაგდა, შემდეგ კი ერაყში და სირიაში სამხედრო ოპერაციების დროს იყო გამოყენებული. ამ ბაზაზე აშშ-სა და მისი მოკავშირეების 1 500 ჯარისკაცი იმყოფება.

აშშ-ის ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ ერაყის, ირანის, სპარსეთის ყურისა და ომანის ყურის თავზე სამოქალაქო ფრენები შეზღუდა.

ავტორი: გურიის მოამბე

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.