ევროპარლამენტი ლუკაშენკოს პრეზიდენტად არ ცნობს და მისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს

ევროპარლამენტმა ბელარუსში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. როგორც რეზოლუციის ტექსტშია ნათქვამი, ევროპარლამენტი ბელარუსში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი ბელარუსის ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს.

რეზოლუციის მიხედვით, ოფიციალურმა მინსკმა დემონსტრანტების დაღუპვის ფაქტებსა და წამებაზე დამოუკიდებელი გამოძიება უნდა ჩაატაროს. გარდა ამისა, რეზოლუციაში ბელარუსის ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალადობრივი მეთოდით დაშლასა და აქტივისტების დევნას გმობენ. რეზოლუციას მხარი 574-მა დეპუტატმა დაუჭირა, 37 კი წინააღმდეგი იყო.

უკვე მე-40 დღეა, ბელარუსში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. არჩევნების შედეგები თავისუფალი სამყაროს არც ერთ სახელმწიფოს არ უღიარებია.

ევროპული საბჭოს სხდომაზე არჩევნების შედეგები არ ცნო ევროკავშირის წევრმა არც ერთმა ქვეყანამ. ევროკავშირი პერსონალურ სანქციებს გეგმავს იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ძალადობაზე, რეპრესიებსა და არჩევნების გაყალბებაზე არიან პასუხისმგებელნი. 

ცესკოს პირველადი მონაცემებით, ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კი 10%-ის მოპოვება შეძლო. 

ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ისინი პირველად შედეგებს აპროტესტებდნენ. ანტისამთავრობო აქციაზე მომიტინგეებს სპეცრაზმი დაუპირისპირდა, რა დროსაც ათობით ადამიანი დაშავდა. მას შემდეგ ბელარუსში ლუკაშენკოს საწინააღმდეგო აქციები არ წყდება.

მომიტინგეები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ. ანტისამთავრობო აქციებზე მიღებული დაზიანებების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ათასობით კი დააკავეს.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.