ევროპარლამენტმა დაამტკიცა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ რეზოლუცია, რომელშიც ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, საქართველოს თანამშრომლობის გაფართოებული სტრატეგია შესთავაზოს

ევროპარლამენტმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა. პლენარულ სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე დოკუმენტს 507-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მის წინააღმდეგ 119-მა ევროპარლამენტარმა მისცა ხმა, 37-მა კი, თავი შეიკავა. საკითხზე მომხსენებელი პეტრას აუსტრევიჩუსი იყო.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამა არ ითვალისწინებს ევროკავშირის წევრობის მინიჭებას, თუმცა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პოლიტიკას შეუძლია, დააჩქაროს ევროკავშირში ეტაპობრივი ინტეგრაციის პროცესი.

დამტკიცებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანებისთვის კარგად უნდა იყოს მომზადებული, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყანა, ისე თავად ევროკავშირი. ამასთან, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ეტაპობრივი ინტეგრაციის გზაზე, პირველი ნაბიჯი ევროკავშირსა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის არსებული შეთანხმებების შესრულება უნდა იყოს.

ევროპარლამენტის რეზოლუციაში დეპუტატები მოუწოდებენ ევროკავშირის საბჭოს, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პოლიტიკის სტრატეგიული და მომავალზე ორიენტირებული ხედვა წარმოადგინონ, რომელიც მომავალ ათ წელზე იქნება გათვლილი. ასევე, მოუწოდებენ საბჭოს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებთან თანამშრომლობის ამბიციური დღის წესრიგი იყოს შემუშავებული.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ უნდა დარჩეს თანამშრომლობის მიმზიდველ პლატფორმად. დეპუტატები მიიჩნევენ, რომ თანამშრომლობის პროცესი უნდა შენარჩუნდეს „მეტი მეტისთვის“ პრინციპის შესაბამისად, რათა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრები იყვნენ ჩართული რეფორმების პროცესში ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

ევროპარლამენტის წევრები მოუწოდებენ ევროკავშირის საბჭოს, ინდივიდუალური მიდგომის ფარგლებში სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას შესთავაზონ თანამშრომლობის გაფართოებული სტრატეგია.

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს, დაიწყოს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებთან საერთო ეკონომიკური სივრცის შექმნის პროცესი, რომელსაც შედეგად მოჰყვება ინტეგრაცია „ოთხი თავისუფლებით“ – საქონლის, კაპიტალის, მომსახურებისა და სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილებით.

რეზოლუციაში ასევე საუბარია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის სექტორალური თანამშრომლობის გასაძლიერებლად და უფრო ღრმა ინტეგრაციისთვის აუცილებელი ზომების მიღების საჭიროებაზე.

ევროპარლამენტის წევრები ასევე ევროკავშირის საბჭოს, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების ფინანსური დახმარების გაზრდისკენ მოუწოდებენ. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ფინანსური დახმარება ადაპტირებული უნდა იყოს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნის კონკრეტული საჭიროებების მიხედვით.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, უფრო მჭიდრო პოლიტიკური პარტნიორობისა და ფინანსური დახმარების მიღებისთვის მთავარი კრიტერიუმები და პირობებია ქმედითი და მდგრადი დემოკრატიული ინსტიტუტები, კანონს უზენაესობა, კარგი მმართველობა, კორუფციისა და ნეპოტიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, მედიის თავისუფლება და ადამიანის უფლებების დაცვა.

დოკუმენტი ასევე მოიცავს მოწოდებას ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის, ასევე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრებს შორის როუმინგის გადასახადის გაუქმებას. როგორც რეზოლუციაშია ნათქვამი, როუმინგის გადასახადის გარეშე რეჟიმის რაც შეიძლება მალე შექმნა პრიორიტეტი უნდა იყოს.
დოკუმენტის თანახმად, აუცილებელია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში მიმდინარე რეფორმების სისტემატური მონიტორინგი და შეფასება.

რეზოლუციის თანახმად, ძლიერი, დამოუკიდებელი და ეფექტიანი ინსტიტუტები ცენტრალური და ადგილობრივ დონეზე არის გადამწყვეტი დემოკრატიული ანგარიშვალდებულებისთვის, დეოლიგარქიზაციისთვის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ამიტომ, საჭიროა, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრებმა დაადასტურონ სასამართლო და სახელმწიფო ადმინისტრირების კომპლექსური რეფორმების ჩატარების ვალდებულება.

რეზოლუციის ავტორები ასევე მოუწოდებენ ევროკავშირის საბჭოს, წაახალისონ პოლიტიკური ფონდების მუშაობა პოლიტიკური ლიდერების მომავალი თაობის აღზრდაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში.
ევროდეპუტატები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირმა ხელი უნდა შეუწყოს საარჩევნო რეფორმებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში თავისუფალი, სამართლიანი, კონკურენტუნარიანი და გამჭვირვალე არჩევნებისთვის.

ამას გარდა, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ევროკავშირის საბჭომ ხელი უნდა შეუწყოს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში პოლიტიკურ, საარჩევნო და სხვა დემოკრატიულ პროცესებში მესამე მხარეების ჩარევის თავიდან აცილებას.

ევროპარლამენტის წევრები ასევე გმობენ რუსეთის, როგორც აგრესორის ქმედებებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვსი წევრიდან ხუთს გადაუჭრელი ტერიტორიული კონფლიქტები აქვს.

„ამ კონფლიქტებიდან უმეტესობაში რუსეთი აგრესორის აქტიურ როლს ასრულებს, რა დროსაც იყენებს ჰიბრიდული ომის ტაქტიკას, უკანონო ოკუპაციისა და ანექსიის, კიბერთავდასხმების, პროპაგანდისა და დეზინფორმაციის პოლიტიკას“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

ევროპარლამენტი გმობს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევას და ყველა ოკუპირებული ტერიტორიებიდან უცხოური ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვს.

რეზოლუციის თანახმად, ევროკავშირის წევრებმა რუსეთთან მიმართებით უფრო მეტად კოორდინირებული პოლიტიკა უნდა გაატარონ.

ევროპარლამენტის წევრები ევროკავშირს ასევე მოუწოდებენ, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრებს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ახალი ფორმები შესთავაზოს.

ევროპარლამენტარები ასევე გამოდიან ინიციატივით, რომ ევროკავშირმა ყირიმსა და დონბასში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნოს.

ავტორი – ქეთი ჩოხელი

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.