ექსკლუზივი: 2020-ის არჩევნებისთვის ზუგდიდში ერთმანეთს გახარია და რულოვსი შეერკინებიან!

გიორგი გახარია თუ სანდრა რულოვსი –  ვინ მოიგებს  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საკვანძო და  ცხელ წერტილს – ზუგდიდს ?! ამ ეტაპის მონაცემებით,  სწორედ ეს კანდიდატები იბრძოლებენ ურთულესი ოლქის მოსაგებად! უპრეცენდენტო ბრძოლისთვის სამზადისი მმართველი ძალისა და მთავარი ოპოზიციის ორივე გუნდში უკვე დაიწყო.

მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანომ საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო და  გაფორმდა 120/30-ზე სისტემა ( 120 პროპორციული სიით გასული დეპუტატი, 30 მაჟორიტარი), მალე დაიწყება მმართველი გუნდის სამაჟორიტარო კანდიდატების საზოგადოებისთვის გაცნობა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების დღის სინათლეზე გამოტანა.

2020NEWS”-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი იმ პოლიტიკური კონფიგურაციების შესახებ, რომელსაც როგორც მმართველი გუნდი, ისე ოპოზიცია სამეგრელოს გულში გეგმავს.

როგორც სააგენტოს  „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირი უყვება, მმართველ პარტიაში ყველაზე დიდი მსჯელობა სწორედ ზუგდიდზე, როგორც ერთ-ერთ საკვანძო სამაჟორიტარო ოლქზე მიმდინარეობს! 

„ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ ყველაზე რეალური კანდიდატი, რომელსაც ზუგდიდის ურთულესი ოლქში დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვების მაღალი  შანსები და საჭირო  გავლენები აქვს,  მმართველი პარტიის საარჩევნო სიის სავარაუდო პირველი ნომერი – პრემიერი გიორგი გახარიაა. 

აღსანიშნავია, რომ გახარიას შესაძლო ზუგდიდის მაჟორიტარობის შესახებ “2020NEWS” ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში წერდა, თუმცა ამჯერად აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტოს, როგორც რეგიონში, ასევე პარტიასთან დაახლოებული არა ერთი პირი უდასტურებს.

ინფორმირებული წყაროების თქმით, რეგიონში გახარიას დასახვედრად ერთგვარი სამზადისი უკვე დაიწყო.  გახარიას, როგორც „ოცნების“ „საოცნებო ლიდერს“, ამომრჩეველთა დიდ ელექტორატს უწინასწარმეტყველებენ. 

სკანდალური პრემიერის  მთავარ „კოზირად“ არა მხოლოდ მის მეგრულ წარმომავლობას, არამედ წინა არჩევნებში, სწორედ ზუგდიდში და თანაც რულოვსის წინააღმდეგ ბრძოლისას შეძენილ-გამობრძმედილ  კავშირებსა და გავლენებს ასახელებენ.

როგორც აღმოჩნდა ოპოზიციაში კერძოდ კი,  „ნაციონალურ მოძრაობაშიც“  ზუგდიდისთვის განსაკუთრებული მზადება მიმდინარეობს. აქ საბრძოლველად პოლიტიკურ რიგნზე, სავარაუდოდ,  უკვე მეორედ ყოფილ პირველ ლედის,  სანდრა რულოვსს გაუშვებენ.

სანდო წყაროს ცნობით,  როგორც თავად „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიაში, ასევე მთელს ოპოზიციური ფლანგზე სწორედ ზუგდიდისთვის მებრძოლი  სამაჟორიტარო კანდიდატების სერიოზული დეფიციტია. ჩვენი ინფორმაციით, ზუგდიდზე უარი უკვე თქვა პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ  და „ნაცმოძრაობამ“ ამიტომ  დაასახელა ის თბილისში, გლდანის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად. 

დღევანდელი მონაცემებით, ოპოზიციის  სხვა ფლანგების  წარმომადგენლებსაც უჭირს ისეთი კანდიდატების მოძებნა, რომელიც ურთულეს საარჩევნო ქალაქში – ზუგდიდში –  პირველივე ტურში გამარჯვების მოპოვებას კი არა, საქმის მეორე ტურამდე მიყვანას მაინც მოახერხებს..

ოპოზიციაში იციან, რომ არც სანდრა რულოვსია ძლიერი კანდიდატი ზუგდიდისთვის, რადგან მან 2019 წლის ზუგდიდის მერის შუალედურ არჩევნებში საკუთარი ძალები უკვე გამოსცადა, თუმცა მმართველი პარტიის წარმომადგენელთან, გეგა შენგელიასთან სწორედ ახლანდელი პრემიერისა და მაშინდელი შს მინისტრის,  გიორგი გახარიას წყალობით დამარცხდა.

„ის ხალხი წავა სახლში, ზუგდიდელები კი დაქრჩებიან ახალ მერთან“, – ეს განცხადება  ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მეუღლის, სანდრა რულოვსის მისამართით სწორედ პრემიერ გიორგი გახარიას ეკუთვნის.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დიდი ალბათობით,  2020 წლის არჩევნების „მთავარი ხაზი“ ისევ მიხეილ სააკაშვილზე გაივლის ბიძინა ივანიშვილის თანაგუნდელებისთვის და  სანდრა რულოვსიც საბოლოოდ გადაწყვეტს, დაბრუნდეს ზუგდიდში რევანშისთვის, სწორედ იმ მოწინააღმდეგესთან  საბრძოლველად დაბრუნება მოუწევს, ვინცა ერთხელ უკვე შეუსრულა დანაქადნი.

დიდი ალბათობით, ეს ასეც მოხდება, რადგან რულოვსმა მიუხედავად მარცხისა, ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება მაშინვე დააანონსა.

„კიდევ ერთხელ შევედი ამ ომში, რადგან ბრძოლას აქვს აზრი და მე ახლა ბევრად უფრო ძლიერად ვგრძნობ თავს, რადგან ვხედავ, რომ ქვეყანა ძალიან მალე საერთოდ აღარ იარსებებს ან შეიძლება, რომელიმე დღეს ოლგარქის მიერ გადაეცეს რუსეთს ან გაიყიდოს. როგორც ჩანს, ივანიშვილი არჩევნების გზით არსად მიდის. შევდივარ ბრძოლაში, თუ დღესვე ან ხვალვე იტყვიან, რომ გეგა შენგელია გახდება ზუგდიდის მერი, მაშინ გამოვალ ასეთი ინიციატივით, რომ აქ უკვე ქვეყნის გადარჩენაზეა საუბარი. არჩევნების რწმენა არავის აღარ აქვს, მაშინ სხვა ბრძოლაში აღარ უნდა შევიდეთ. ეს ნიშნავს, რომ მზად ვარ, ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ავიღო იარაღი ხელში და ეს არის ხალხის ძალა, ამ იარაღს აუცილებლად გავაძლიერებ“, – განაცხადა რულოვსმა.

ასეა თუ ისე, ზუგდიდისთვის ბრძოლის სხვა რეალური კანდიდატები ამ ეტაპზე არც მმართველ ძალაში ჩანან და არც ოპოზიციაში. ვისზე შეაჩერებს მისი უდიდებულესობა ქართველი ამომრჩეველი პოლიტიკურ არჩევანს, 4 თვეში გამოჩნდება და გახარია-რულოვსიც  „წიწილებს შემოდგომაზე“ დაითვლიან.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.