ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ნატოში გაწევრიანებას?

რატომ ვერ წევრიანდება საქართველო  ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, მიუხედავად ამდენწლიანი სწრაფვისა? ეს საკითხი კვლავ გააქტიურდა, ამჯერად მეზობელ სახელმწიფოში. 

ნატოს წევრი და საქართველოს მეგობარი ქვეყანა თურქეთი  ჩვენი ქვეყნის  ალიანსში  გაწევრიანებას ითხოვს, რუსეთი კი კვლავ რჩება საქართველოს ნატოში გაწევრიანების მთავარ წინაღობად.

არადა, თუ საქართველოს სჭირდება ნატო, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ნატოსაც არანაკლებ სჭირდება საქართველო.

სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით,  ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა  რეალურია, თუმცა, ალიანსის წევრთა ნაწილი, ნებით თუ უნებლიედ, რუსეთის ინტერესების გამტარებელი ხდება და ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებაზე კვლავ უარს ამბობს.

რა პერსპექტივები აქვს საქართველოს ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით  და რატომ არ სურს ალიანსის წევრთა ნაწილს ამ ორგანიზაციაში ჩვენი ქვეყნის ხილვა?

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ნიკა ჩიტაძე “2020NEWS”-თან აცხადებს, რომ ნატოს წევრი ქვეყნების ნაწილი საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას მხარს რუსეთის ფაქტორის გამო არ უჭერს.

მისივე თქმით,  ალიანსის რამდენიმე წევრი ქვეყანა მზად არ არის იმისთვის, რომ  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოლოს და რუსეთთან ომი წამოიწყოს.  

 “თურქეთი გახლავთ საქართველოს მეზობელი სახელმწიფო და საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორი. გარდა ამისა, თურქეთი, შეიარაღებული ძალების რაოდენობის მიხედვით, მეორე ადგილზეა  ნატოს წევრ წვეყნებს შორის.

თუმცა,  პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ჯერჯერობით,  ევროპის სხვა მოკავშირე სახელმწიფოები თავს იკავებენ,  არა მხოლოდ საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე, არამედ საქართველოსთვის გაწევრიანებისთვის საჭირო  სამოქმედო გეგმის, მაპის მინიჭებაზე.

საქართველოს ნატოში გაწევრიანებას შემდეგი ქვეყნები ემხრობიან: აშშ, კანადა, დიდი ბრიტანებთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი ბულგარეთი, რუმინეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი.

აქტიური მოწინაღმდეგეები არიან: გერმანია, საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, ნიდერლანდები, ნორვეგია, ლუქსემბურგი, ისლანდია, ესპანეთი.

რამდენიმე ქვეყანა ენერგეტიკულად არის რუსეთზე დამოკიდებული. ამ ქვეყნებს არ სურთ რუსეთის გაღიზიანება. მათი პრიორიტეტია, რომ საქართველო იყოს ნატოს ახლო პარტნიორი. თუ საქართველო ნატოში გაწევრიანდება, მათ მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება იმ ქვეყნის უსაფრთხოებაზე, რომელიც რუსეთთან კონფლიქტში იმყოფება“,- განაცხადა  ჩიტაძემ სააგენტოსთან საუბრისას.

ინფორმაციისთვის,  თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლეთ ჩავუშოღლუმ გერმანულ გამოცემა “ბილდთან“ ინტერვიუში საქართველოს ნატოში გაწევრიანება მოითხოვა და განაცხადა, რომ ნატოს საქართველოს მსგავსი მოკავშირე სჭირდება.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.