თბილისი – ღარიბი ქალაქი მილიონიანი მოლებით

საქართველოს მოსახლეობისთვის სიღარიბე ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ითვლება. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ხელისუფლებებს მუდმივად იმის იმედით ირჩევდა მოსახლეობა, რომ ისინი არსებული გაჭირვების დაძლევას და ქვეყნის ეკონომიკურად გამართვას შეძლებდნენ. თუმცა, დღემდე ვერც ერთმა ხელისუფალმა ვერ შეძლო არსებული სიღარიბის მაჩვენებლის დაძლევა. ფაქტია, რომ დღესაც საქართველოში უამრავი ეკონომიკური პრობლება არსებობს, მოსახლეობის შემოსავლები არცთუ ისე მაღალი, თუმცა, მიუხედავად ამისა, თბილისში ყოველწლიურად სულ უფრო მეტი სავაჭრო ცენტრი – მასშტაბური მოლი იხსნება და არსებული მოლებიც წარმატებით აგრძელებენ საკუთარ საქმიანობას. უკვე, ფაქტობრივად თბილისის ყველა უბანში შეხვდებით დიდ სავაჭრო მოლს და ბუნებრივად ჩნდება კითხვა, როგორ ახერხებს ერთი შეხედვით გაჭირვებული ქალაქი ამდენი მოლის სრულფასოვან ფუნქციონირებას.

მას შემდეგ, რაც მსხვილი კომპანიებისთვის სავალდებულო გახდა ფინანსური ანგარიშგებების გამოქვეყნება, შესაძლებელი გახდა, რომ დავინახოთ რეალური სურათი თუ რა შემოსავლები და მოგება აქვთ თბილისში არსებულ მსხვილ სავაჭრო მოლებს.

ამ შემთხვევაში ჩვენ შევისწავლეთ თბილისის ძირითადი მოლების ფინანსური მაჩვენებლები და როგორც მათი ანგარიშგებებიდან აღმოჩნდა, თითოეულ მათგანს ყოველწლიურად საკმაოდ მაღალი შემოსავალი აქვს. თუმცა, მიუხედავად ამისა, მათი უდიდესი ნაწილი წელიწადს ზარალით ასრულებს. ამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი კი არის ის, რომ მათ გრძელვადიანი სასესხო ვალდებულებები აქვთ და, შესაბამისად, შემოსავლის უდიდესი ნაწილი სწორედ ამ სესხის დაფარვას ემსახურება.

გთავაზობთ თბილისის მსხვილი სავაჭრო მოლების ფინანსური ანგარიშგებების მოკლე ვარიანტს და მათი მფლობელების ვინაობას.

თბილისი მოლი

“თბილისი მოლს” კომპანია “რაკიინ აფთაუნ დეველოპმენტი” ფლობს. კომპანიის მიერ გამოქვეყნებული აუდიტორული ანგარიშგების მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში “თბილისი მოლის” შემოსავალმა 35 მილიონი ლარი შეადგინა. მათ შორის, კომერციული ფართის იჯარიდან მიღებული შემოსავალი 24 მლნ ლარი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 77,000 ლარით მეტია.

თუმცა, მიუხედავად მსგავსი შემოსავლისა, წლიური ანგარიშის მიხედვით, “თბილისი მოლმა” 2018 წელი 115,000 ლარის ზარალით დაასრულა.

ანგარიშგების მიხედვით, კომპანიისთვის ყველაზე დიდი ხარჯები საპროცენტო ხარჯებს უკავშირდება. კომპანიას აქვს 27 მილიონი ლარის მოცულობის გრძელვადიანი სესხი. 2018 წლის განმავლობაში “თბილისი მოლმა” ამ ვალდებულების მომსახურებისთვის 1.8 მილიონი ლარი გადაიხადა.

“თბილისი მოლის” საერთო ფართობი 206,783 კვადრატულ მეტრია, საიდანაც კომერციული – ფართი 73,027 მ2-ს შეადგენს. აუდიტორული ანგარიშგების მიხედვით, დეკემბრის მდგომარეობით იჯარით გაცემული ფართის მოცულობა 51,555 მ2-ია. მთლიანობაში “რაკიინ აფთაუნ დეველოპმენტის” აქტივების ღირებულება 142 მილიონ ლარს შეადგენს.

2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სავაჭრო კომპლექსი 126 მაღაზიას, 108 ჯიხურს და 29 საწყობს მოიცავდა.

“თბილისი მოლის” ყველაზე დიდი მეიჯარე ჰიპერმარკეტი “კარფურია”, რომელსაც სავაჭრო ცენტრში 14,296 კვადრატული მეტრის ფართი უჭირავს. 2018 წლის განმავლობაში მოიჯარეების მიერ დაკავებული მთლიანი სივრცე 6%-ით გაიზარდა, 48.7 ათასიდან 51.6 ათას კვადრატულ მეტრამდე, 2017 წელთან შედარებით. 2018 წლის განმავლობაში “თბილისი მოლის” სტუმართა რაოდენობა გაიზარდა 7%-ით, 8.0-დან 8.6 მილიონ ადამიანამდე. იგივე პერიოდის მაღაზიების გაყიდვები იყო სტაბილური. “თბილისი მოლის” სტუმართა ნაკადის სტაბილური ზრდის განაკვეთი არის სხვადასხვა მარკეტინგული საქმიანობების შედეგი, მაგალითად, ღონისძიებები, რეკლამა, კომუნიკაციები, პროექტები და ა.შ. 2016-2018 წლების განმავლობაში სტუმართა ნაკადის საშუალო ზრდის განაკვეთი წლიდან წლამდე შეადგენდა 7%-ს,”- ნათქვამია “თბილისი მოლის” მმართველობით ანგარიშგებაში.

შპს “თბილისი მოლის” წილის მფლობელები, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, არიან: 44% – ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული შეზღუდული კერძო კომპანია “ჰოლდექს ინტერსეილს კორპ.; 20% – ლაერტი ზუბადალაშვილი, 8% – ხვიჩა მაქაცარია, 12% – რევაზ ელიავა, 10% – ილონა მეტრეველი, 6% – რომან ახალაია. კომპანიის დირექტორია შალვა წიქაძე.

ისთ ფოინთი

“ისთ ფოინთი” თბილისის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო ცენტრია. 2015 წელს გახსნილი კომპლექსი 21 ჰექტარზე არის გაშლილი და მისი მთლიანი ტერიტორია 107,000 კვადრატული მეტრს შეადგენს, საიდანაც 72,000 კვადრატული მეტრი საიჯარო ფართს წარმოადგენს.

“ისთ ფოინთი” კომპანია “CBD დეველოპმენტს” ეკუთვნის, რომლის 2018 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, სავაჭრო ცენტრის აქტივების მთლიანი ღირებულება 141.4 მილიონ ლარს შეადგენს.

როგორც სავაჭრო ცენტრის 2018 წლის ანგარიშგებიდან ირკვევა, კომპანია 1-ელ კატეგორიაშია, რაც ნიშნავს, რომ კომპანიის აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს; შემოსავალი 100 მილიონ ლარს; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 250-ს აღემატება.

რაც შეეხება ფინანსურ მაჩვენებლებს, 2018 წელს “ისთ ფოინთის” მთლიანი შემოსავალი – 39 მილიონი ლარი იყო. მათ შორის, იჯარის შემოსავალი – 25.8 მლნ ლარი; მომსახურების გაწევიდან მიღებული შემოსავალი 8.5 მილიონი ლარი, სხვა საოპერაციო შემოსავალი კი 4.2 მილიონი ლარი იყო.

ანგარიშგების მიხედვით, მიუხედავად საკმაოდ მაღალი შემოსავლებისა 2018 წელი “ისთ ფოინთმა” მაინც ზარალით დაასრულა. 2018 წლის ზარალი კი 18 მილიონი ლარი იყო.

ანგარიშგების მიხედვით, კომპანიისთვის ყველაზე დიდი ხარჯები საპროცენტო ხარჯებს უკავშირდება. კომპანიას აქვს 281 მილიონი ლარის მოცულობის გრძელვადიანი სესხი. 2018 წლის განმავლობაში “CBD დეველოპმენტმა” ამ ვალდებულების მომსახურებისთვის 27.9 მილიონი ლარი გადაიხადა.

რაც შეეხება კომპანიის სხვა ხარჯებს – დასაქმებულთა სახელფასო ფონდი 2018 წელს 7.3 მილიონი ლარი, კომუნალური ტარიფების ხარჯები 3.4 მილიონი ლარი, ცვეთის და ამორტიზაციის ხარჯი 3.2 მილიონი ლარი იყო.

“ისთ ფოინთის” იურიდიული დასახელება – შპს “სი ბი დი დეველოპმენტია”, რომელიც დაფუძნდა 2010 წლის 25 მაისს. 2018 და 2017 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის უშუალო მშობელი კომპანია იყო EPGeorgia Holdings Limited (კვიპროსი), საბოლოო მაკონტროლებელი მხარე კი Quadrum Investment Management Limited (კაიმანის კუნძულები), რომელიც, თავის მხრივ, ინვესტორების სასარგებლოდ მართავს კომპანიას და საბოლოო 100%-ის მფლობელი ოლეგ პავლოვია.

“ლილო მოლი”

,,ლილო მოლი” 35 ჰექტარზე გაშენებული ამიერკავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო ცენტრია როგორც საცალო, ისე საბითუმო ვაჭრობის სფეროში. ის ახორციელებს კომერციული ცენტრის მენეჯმენტს, რაც, ძირითადად, ,მის საკუთრებაში არსებული სავაჭრო ფართების იჯარით გაცემით გამოიხატება. ამჟამად “ლილო მოლის” ტერიტორიაზე 6059 მაღაზია მოქმედებს.

რაც შეეხება “ლილო მოლის” ფინანსურ მაჩვენებლებს, როგორც კომპანიის კონსოლიდირებული ანგარიშგებიდან ირკვევა, მისი შემოსავალი 2018 წელს 2017 წელთან შედარებით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ანგარიშგება მოიცავს “ლილო მოლის” შვილობილი კომპანიების მაჩვენებლებსაც.

კონსოლიდირებული ანგარიშგების თანახმად, “ლილო მოლის” წმინდა შემოსავალი 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 34 965 973 ლარია. 2017 წელს – 31 339 413 ლარი, ხოლო 2016 წელს – 28 324 887 ლარი იყო.

რაც შეეხება მოგებას, კომპანიის წლიური წმინდა მოგება 2018 წელს – 19 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით დაახლოებით 2 მილიონი ლარით ნაკლებია, 2017 წელს “ლილო მოლის” მოგება 21 მილიონი ლარი იყო.

“ლილო მოლის” შემოსავლის ძირითად წყაროს საოპერაციო იჯარიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს, რომელიც 27 მილიონი ლარია, 2 მილიონი ლარის შემოსავალი აქვს საქყობიდა, ხოლო დაახლოებით 3 მილიონი ლარის შემოსავალი პარკინგიდან.

რაც შეეხება ხარჯებს, 2018 წელს ჯამში საოპერაციო ხარჯებმა 11 მილიონი ლარი შეადგინა. ანგარიშგების მიხედვით, კომპანია “ლილო მოლში” დასაქმებულია 365 ადამიანი. აქედან 267 არის კაცი, 98 კი ქალი. საშუალო ხელფასი შეადგენს 873 ლარს.

რაც შეეხება მფლობელებს, შპს “ლილო მოლის” 1%-იან წილებს – ლევან გაგუა, ნიკოლოზ უსანეთაშვილი, ბაჩო კაპანაძე ფლობენ. 2%-იან წილებს მარიკა გავაშელი და დავით გაგუა, 8.525%-იან წილს – კონსტანტინე კაპანაძე; 2.285%-იან წილს – დავით გავაშელი; კომპანიის 14.285% – 14.285% გია ანდღულაძესა და იოსებ საყვარელიძეს, 0.5% – ილია ბადრიაშვილს; 11.285% – გიორგი გაგუას; 11% – თენგიზ გავაშელს; 13.285% – ვაჟა უსანეთაშვილს; 13.79% – ილია შონიას და 4.76% – დავით კაპანაძეს ეკუთვნის.კომპანიის გენერალური დირექტორია გიორგი კვარაცხელია.

გალერეა თბილისი

სავაჭრო ცენტრი “გალერია თბილისი” ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის საკუთრებაა. იგი 2017 წლის ნოემბერში გაიხსნა.კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, რომელიც პწც-მ ჩაატარა, 2018 წელს “გალერია თბილისი ჯგუფის” შემოსავალი 25 მილიონი ლარი; საოპერაციო მოგება – 10,9 მილიონი. თუმცა სავაჭრო ცენტრმა 2018 წელი 1,1 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. ამასთან, საანგარიშო პერიოდში ჯგუფის საკუთრებაში იყო – 199,308 მლნ ლარის აქტივები.

კომპანია ფლობს 100%-იან წილს შვილობილ კომპანიაში – შპს რია-რია (ღია-ღია LLჩ), ბავშვთა გასართობი ცენტრი სავაჭრო ცენტრ გალერია თბილისში. ამასთან, როგორც ანგარიშგებაშია აღნიშნული, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ჯგუფი ეკუთვნის შემდეგ კომპანიებს: შპს “მოვატ ჯორჯია” (Mოწატ Gეორგია) (98.11%), სს “უნივერმაღი თბილისი” (1.7%), შპს “კაფე თბილისი-5” (0.19%). ჯგუფის საბოლოო მშობელ კომპანიას წარმოადგენს GჩF LP – შეზღუდული პარტნიორობა, რომელიც ჩამოყალიბდა კაიმანის კუნძულებზე.

გლდანი მოლი

“გლდანი მოლი” თბილისში, მეტრო “ახმეტელის თეატრის” მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული. გლდანი მოლი 7 სართულიანია და იგი ერთ სივრცეში აერთიანებს მრავალ სავაჭრო და ასევე სხვა საჭირო დანიშნულების წერტილს.

როგორც შპს “გლდანი მოლის” ფინანსური ანგარიშგებებიდან ირკვევა, კომპანიის აქტივები 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 31 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო სრული ვალდებულებები 37 მილიონ ლარს. მათ შორის აღსანიშნავია 27 მილიონიანი გრძელვადიანი სასესხო ვალდებულება.

2018 წელი “გლდანი მოლმა” დაახლოებით 2 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. რაც შეეხება შემოსავლებს, საიჯარო შემოსავალმა 3.8 მილიონი ლარი შეადგინა,

რაც შეეხება მფლობელებს, შპს “გლდანი მოლის” 100%-იანი წლის მფლობელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება კაპიტოლ რიალ ისთეითი. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ჯახუტაშვილი, მისი მოადგილე დავით შიშმანაშვილი და საბჭოს წევრი თინა კუხიანიძე, ხოლო კომპანიის დირექტორია დავით ზიბზიბაძე.

გაზეთი „ბანკები და ფინანსები“

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.