თეირანი მიწაში საგანგაშო მაჩვენებლით იძირება – ახალი კვლევა

დასავლეთ აზიის ყველაზე ხალხმრავალი ქალაქი მიწაში საგანგაშო მაჩვენებლით იძირება.

ირანის დედაქალაქ თეირანის აგლომერაციაში დაახლოებით 15 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ახალი კვლევის მიხედვით, თეირანი დრამატული ვარდნის მსხვერპლია, რომლის შედეგადაც, ეს რეგიონი ყოველწლიურად დაახლოებით 25 სანტიმეტრით იძირება.

თანამგზავრულ მონაცემთა გამოყენებით, გერმანიის დედამიწის მეცნიერებათა კვლევითმა ცენტრმა შეისწავლა თეირანის რეგიონის ვარდნა 2003-2017 წლებში.

InSAR-ის ტექნიკის წყალობით, რომელსაც დროთა განმავლობაში მიწის ზედაპირის ოდნავი ცვლილების დაფიქსირებაც კი შეუძლია, ჯგუფმა შენიშნა სამი ისეთი ადგილი, სადაც ხმელეთი წელიწადში 25 სანტიმეტრზე დიდი მაჩვენებლით იძირება.

შედარებით საშუალო ვარდნის ზონებში, მაგალითად თეირანის საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს, ხმელეთი წელიწადში დაახლოებით 5 სანტიმეტრით იძირება.

რა განაპირობებს ასეთ არასტაბილურობას? მკვლევართა თქმით, ამის მიზეზი ძირითადად ბუნებრივი რესურსების გადაჭარბებულად მოპოვება-გამოყენება.

„ბოლო ათწლეულებში, მოსახლეობის სწრაფად ზრდამ და ურბანულმა და სამრეწველო განვითარებამ თეირანის ვაკეზე გაზარდა საჭირო წყლის ოდენობაც. მიწისქვეშა წყლების დიდი ოდენობით გამოცლის შედეგად კი, ვაკეზე ხმელეთმა სწრაფი დაძირვა დაიწყო“, — წერია კვლევაში.

თეირანის დაძირვა კვლევის საგანი წარსულშიც არაერთხელ ყოფილა, მაგრამ ეს ბოლო მონაცემები ვარდნას კიდევ უფრო დეტალურად აღწერს.

ჟურნალ Nature-ის ცნობით, ხმელეთის ვარდნის ეს მაჩვენებელი ერთ-ერთი უდიდესია მთელ მსოფლიოში.

მკვლევართა განცხადებით, 1960-იან წლებში დაწყებულ ეკონომიკისა და მოსახლეობის სწრაფ ზრდას შედეგად მოჰყვა 32 000 ახალი ჭაბურღილის გახსნა, რომლებიც აქტიურად ქაჩავენ გრუნტის წყლებს.

ამას ემატება რეგიონში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით აშენებული მრავალი დამბა, რომლებმაც ასევე გამოლიეს ქანების წყალშემცველი ფენები. ამ ყველაფერს შედეგად მოჰყვა არა მხოლოდ წყლის დეფიციტი, არამედ ქანების ვარდნის ეფექტიც.

კვლევის ავტორთა განცხადებით, 1984-2011 წლებში თეირანის მიწისქვეშა წყლების საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 12 მეტრით შემცირდა.

მათი თქმით, მიწის ბზარები, დაზიანებული შენობები, ქანების გადაადგილება, კედლების დაბზარვა, წარმოადგენს მიწისქვეშა წყლების შედეგად გამოწვეული ქანების დატკეპვნის შედეგს.

როცა წყალშემცველი ქანები ისე დეფორმირდება, როგორც ეს ირანში მოხდა, დატკეპვნა ხანდახან შეუქცევადი ხდება, მაგრამ უარესი ეფექტების თავიდან ასარიდებლად, მკვლევართა თქმით, საჭიროა სათანადო გადაწყვეტილებების მიღება შესაბამისი პირების მიერ.

მკვლევართა ჯგუფის წევრის, გეოდეზისტ მაჰდი მოთაღის განცხადებით, მეცნიერებას შეუძლია დაეხმაროს ირანის ხელისუფლებას, რათა ამ უკანასკნელმა გადახედოს წყლის მენეჯმენტის საკუთარი პოლიტიკას.

წინააღმდეგ შემთხვევაში, სარისკო სიტუაცია მომავალში კიდევ უფრო არასტაბილური გახდება.

კვლევის ავტორთა განმარტებით, თუკი ირანმა მიწისქვეშა წყლების მენეჯმენტის ეფექტიანი სისტემა არ შემოიღო, თეირანის დაძირვა ინფრასტრუქტურის სერიოზულ დაზიანებას გამოიწვევს.

კვლევა ჟურნალ Remote Sensing of Environment-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია sciencedaily.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.