თოვუზის რეგიონის დასაბომბად სომხეთს ნაღმტყორცნები საქართველოს გავლით მიაწოდეს – აზერბაიჯანული მედია

თოვუზის რეგიონის დასაბომბად განკუთვნილი ნაღმტყორცნები, სერბეთმა სომხეთს, საქართველოს დახმარებით მიაწოდა – ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული პრო-სახელისუფლებო გამოცემა haqqin.az აქვეყნებს.

“ცნობილი ხდება, რომ  სომხეთი აზერბაიჯანზე თავდასხმას ადრეულ ეტაპზე გეგმავდა”- ნათქვამია სარედაქციო სტატიაში. 

გამოცემა ინფორმაციას სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, ასევე სამხედრო მოქმედებების მიმდინარეობის დროსაც, სერბეთიდან სომხეთში, საქართველოს გავლით, სხვადასხვა კალიბრის, დიდი რაოდენობით ნაღმტყორცნები ჩაიტანეს.

სოციალურ ქსელებში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამავე დღეებში სომხეთში, ამჯერად უკვე რუსეთიდან, მაგრამ ასევე საქართველოს გავლით, შევიდა “კამაზის” ტიპის არაერთი ავტომობილი, რომლებიც “გრადის” ტიპის იარაღითა და ნაღმტყორცნებით იყო დატვირთული.

სარედაქციო სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ თოვუზის მიმართულებით საბრძოლო მოქმედებების დროს, სომხეთი ძირითადად სხვადასხვა კალიბრის ნაღმტყორცნებს იყენებდა და სომხეთის ქვედანაყოფები ბომბავდნენ აზერბაიჯანის საზღვრისპირა სოფლებს. 

„ამ ფაქტებმა აზერბაიჯანული მხარის სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. როგორ დართო საქართველომ ნება, გამოეყენებინათ მისი ტერიტორია და მიეწოდებინათ საბრძოლო მასალები, რომლებიც აზერბაიჯანის წინააღმდეგ, სამხედრო მოქმედებებისთვის იყო განკუთვნილი”- ნათქვამია სტატიაში.

გამოცემა ხაზს უსვამს ფაქტს,  რომ საქართველო-აზერბაიჯანს შორის ყოველთვის კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობა იყო.

შეიარაღებული დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაიწყო.

გიორგი პაპავა

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.