თქვენი კომპიუტერით შეგიძლიათ სტენფორდის მკვლევრებს კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმაროთ

თუკი გაქვთ განცდა, რომ მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად თქვენ, როგორც რიგით ადამიანს მეცნიერების დახმარება არაფრით შეგიძლიათ და თავს უსარგებლოდ გრძნობთ, ცდებით, რადგან შეგიძლიათ დაუყოვნებლივ გააკეთოთ ერთი პოზიტიური ქმედება — დაახმაროთ თქვენი უქმად მყოფი კომპიუტერი მკვლევრებს, რომ უფრო მალე შექმნან სამკურნალო საშუალება.

თქვენს ლეპტოპზე ან პერსონალურ კომპიუტერზე პატარა პროგრამის დაინსტალირებით, რომელიც ფონურ რეჟიმშია გაშვებული მაშინ, როდესაც თქვენ კომპიუტერთან სხვა ნებისმიერ რამეს აკეთებთ, თქვენ შეგიძლიათ ექსპერტებს დაეხმაროთ კომპლექსურ კალკულაციებში, რათა უფრო მეტი რამ გაარკვიონ კორონავირუსულ დაავადება COVID-19-ის შესახებ.

აპლიკაციას (როგორც Windows-ზე, ისე macOS-ზე) Folding@home ჰქვია და ის სტენფროდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შექმნეს. აპლიკაცია ახალი არ არის და დაავადებებისა და პრეპარატების კვლევებს უკვე 20 წელია ეხმარება.

პროექტის მთავარი სამიზნეა ცილების დაკეცვა — ბიოლოგიური პროცესი, რომლის დროსაც, უჯრედს შიგნით ცილები ფორმას იღებს. უფრო მეტი დეტალის გარკვევა იმის შესახებ, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი კონკრეტულ ვირუსულ ცილებში, შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს კონკრეტულ დაავადებათა სამკურნალო საშუალებების შექმნისთვის.

COVID-19-ის შემთხვევაში, ინფექცია ფილტვებში აღწევს, როდესაც ე. წ. წვეტი ცილები (წითელი გამონაშვერები ქვემოთ მოცემულ ფოტოზე) ეკვრის ადამიანის უჯრედის რეცეპტორს, რომელსაც ACE2-ს უწოდებენ. Ამ კავშირის დაბლოკვა დაავადების შეჩერების ერთ-ერთი პოტენციური გზაა; კომპიუტერული მოდელირება კი ერთ-ერთი საშუალებააა იმის გასარკვევად, როგორ შეიძლება, რომ ვირუსის ცილები და ადამიანის უჯრედის ეს რეცეპტორები ერთმანეთს არ დაუკავშირდეს.

როდესაც საქმე ვირუსებს ეხება, უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ ცილის ფორმის დადგენა, არამედ იმის გარკვევაც, როგორ იღებს ის ამ ფორმას — სწორედ ამ პროცესს უწოდებენ ცილების დაკეცვას.

ამ ყველაფრის ცოდნა კი სასიცოცხლოა ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ეფექტიანი პრეპარატების შესაქმნელად, რაც ამ ეტაპზე გადაუდებლად აუცილებელია, თანაც, რაც შეიძლება მალე. თქვენი კომპიუტერის სულ ცოტა თავისუფალმა დრომ კი შეიძლება, ამ მიზანთან უფრო სწრაფად მიგვიყვანოს.

„მონაცემები, რომლითაც თქვენ გვეხმარებით, მეცნიერების ღია თანამშრომლობის ფარგლებში სწრაფად და ღიად ვრცელდება მსოფლიოს მრავალ ლაბორატორიაში, რითაც მკვლევრებს ახალ ხელსაწყოებს აძლევთ სიცოცხლის გადამრჩენელი პრეპარატების შესაქმნელად“, — ამბობს Folding@home-ის დირექტორი, ბიოქიმიკოსი გრეგ ბოუმანი.

თუ გსურთ, რომ COVID-19-ის კვლევას დაეხმაროთ, აპლიკაციის დაინსტალირების შემდეგ ინტერფეისზე აირჩიეთ ველი Any Disease. აპლიკაციის გაშვება და შეჩერება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. ასევე შესაძლებელია აირჩიოთ რეჟიმი, რომლის დროსაც აპლიკაცია ავტომატურად დაპაუზდება როდესაც კომპიუტერთან თქვენ მუშაობთ, თავისუფალ დროს კი მუშაობას გააგრძელებს.

„ეს კალკულაციები უთვალავია და ყოველი პატარა ნამცეციც კი წარმოუდგენლად გვეხმარება. თითოეული სიმულაცია ლატარიის ბილეთს ჰგავს. რაც უფრო მეტი ბილეთი გაქვს ნაყიდი, მით მეტია ჯეკპოტის მოგების შანსიც“, — ამბობს ბოუმენი.

აპლიკაციის გადმოწერა და დაინსტალირება შეგიძლიათ ამ ბმულიდან.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

ავტორი – მიხეილ ჭაბუკაშვილი

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.