ივანიშვილისთვის არჩევნები სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, სრული მობილიზაცია აქვს გამოცხადებული გაუგებარი ომისთვის – გია ხუხაშვილი

“ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ემზადება. პარტიის წარმომადგენლების მტკიცებით, დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შემთხვევაში, მმართველი პარტია ხელისუფლებაში კვლავ უმრავლესობით მოვა.

რა “ტრიუკი“ განახორციელა “ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე?

“ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის საკვანძო თანამდებობები მისი უახლოესი გარემოცვის წევრებს გაუნაწილა და ფაქტობრივად, საკანონდმებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების სამივე შტო საკუთარი გავლენების ქვეშ მოაქცია.

მაგალითად, დღეს ხელისუფლების შტოებზე გადანაწილებული ივანიშვილის ნდობით აღჭურვილ პირთა კონფიგურაცია ნაწილობრივ ასეთია:

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ივანიშვილის დაცვის ყოფილი წევრია. ჯერ მთავარი პროკურორი იყო, ხოლო ახლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას იკავებს ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი და საპარლამენტი მდივანი შალვა თადუმაძე. ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზეა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის პირადი ექიმი ეკატერინე ტიკარაძე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ივანიშვილის კუთვნილი “ქართუ ბანკის“ ყოფილი თანამშრომელი გრიგოლ ლილუაშვილი ხელმძღვანელობს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსია ივანიშვილის დაცვის ყოფილი ხემძღვანელი ანზორ ჩუბინიძე. 

ეს ყველაფერი არ არის – საკანონმდებლო ორგანოში “ქართული ოცნების“ დეპუტატთა უმეტესი ნაწილი ივანიშვილის კუთვნილი “ქართუ ბანკის“ ყოფილი თანამშრომელია.

რისთვის ემზადება ივანიშვილი და რატომ აყალიბებს ახლო გარემოცვისგან “საომარ გვარდიას“?

როგორც “2020NEWS”-თან პოლიტიკის ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა განაცხადა, ივანიშვილისთვის არჩევნების მოგება სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, რაც იმას ნიშნავს, რომ “ქართული ოცნების“ ლიდერი არჩევნებში გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

“ქვეყანაში სერიოზული კრიზისია, რასაც ბიძინა ივანიშვილი დრამატულად არ უყურებს. ფაქტია, რომ მას სრული მობილიზაცია აქვს გამოცხადებული და რაღაც გაუგებარი ომისთვის ემზადება. ივანიშვილისთვის საარჩევნო პროცესი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი გახდა.
სჯობს ის დამშვიდდეს და ქვეყანას პოზიტიური დღისწესრიგი შესთავაზოს, ნაცვლად იმისა, რომ ქვეყანაში ყოველდღიური სიძულვილი და საზოგადოების გახლეჩა დანერგოს“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

და მაინც, რაზეა წამსვლელი ივანიშვილი არჩევნებში გამარჯვებისთვის?

ხუხაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერზეა წამსვლელი, კონკრეტულად რაზე – ამას დრო აჩვენებს.

“ბიძინა ივანიშვილი ცუდი პრაქტიკოსია. შესაბამისად, რაც დასჭირდება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერზე წავა. ძალაუფლების შენარჩუნებისთვის კონკრეტულად, რისი გამოყენება დასჭირდება, ამას უკვე დრო აჩვენებს“, -განაცხადა ხუხაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ ამერიკულ გამოცემა “The Washington Times“,- შიც გამოქვეყნებული სტატიაც ივანიშვილის მორიგი ტრიუკია?

ხუხაშვილის თქმით, “ქართული ოცნება“ დასავლეთთან პოლიტიკური ხარკის გადახდას ცდილობს, რაც ქართული მხარისთვის დადებითი შედეგის მომტანი ვერ იქნება.

“ეს არის პოლიტიკური ხარკის გადახდა. გახარიამ მშვენივრად იცის, რომ ამ ეტაპზე ნატო ჩვენს მისაღებად მზად არ არის. თუმცა გახარია ასეთი ექსტრავაგანტული ფორმით მაინც ცდილობს, რომ დასავლეთს ერთგულება დაუმტკიცოს. გახარიამ მშვენივრად იცის, რომ წაუგებელ თამაშს თამაშობს. ის ფიქრობს, ნატოში მაინც არ მიგვიღებენ და რა მენაღვლება, სათქმელს მაინც ვიტყვიო“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტის სტატია ამერიკულ გამოცემა “The Washington Times“-ში ახლახანს გამოქვეყნდა. სტატიაში აღნიშნულია, რომ “საქართველო იმსახურებს ნატო-ს წევრობას და რომ ქვეყანას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის გეოპოლიტიკური უსაფრთხოებისთვის“.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

pirveliradio.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.