ივანიშვილის შეკვეთით ამბოხებული დიმიტრი ხუნდაძის ქონება – მეექვსედ ფასად ნაყიდი მიწა ტურისტულ ზონაში

რა მატერიალურ სიმდიდრეს ფლობს მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე? ე.წ. „მაჟორიტარების ამბოხის“ ერთ-ერთ ინიციატორს ორ ტურისტულ ზონაში მიწები მეექვსედ ფასად აქვს ნაყიდი.

დიმიტრი ხუნდაძემ „ფორმულასთან“ ლაპარაკი არ ისურვა და კარი მოგვიხურა. გვინდოდა, გვეკითხა რას აშენებს ნაკვეთზე, რომელიც 2 წლის წინ იყიდა. 

აღმაშენებლის 13 ნომერში სახლი „ოცნების“ მაჟორიტარს მემკვიდრეობით ერგო, დეპუტატად არჩევის შემდეგ 2017 წელს ამავე მისამართზე მიწა კიდევ იყიდა და შენობა ააშენა. ამ სახლში დეპუტატი არ ცხოვრობს, მისი საცხოვრებელი აღმაშენებლის N158-შია – 110 კვ.მ ბინა მას 2005 წელს აჩუქეს.  აქვე საინტერესოა კიდევ ერთი შენაძენი –  600 კვადრატული მეტრი მიწა, რომელიც ხუნდაძემ 2010 წელს სულ რაღაც 25 ათას ლარად იყიდა. 

მცხეთა არ არის ერთადერთი ტურისტულად მიმზიდველი ადგილი, სადაც ოცნების მაჟორიტარი მიწის ნაკვეთებს ფლობს. დეკლარაციიდან ირკვევა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის უკვე ყოფილი პირადი ექიმი, ურეკის საკურორტო ზონაში საკმაოდ იაფად მიწის 5 ნაკვეთს ყიდულობს.

დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს პარლამენტის წევრი 2016 წლის არჩევნების შემდეგ გახდა და საზოგადოებას თავი ჯერ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური რევერანსებით დაამახსოვრა, შემდეგ კი თითქოსდა თავისივე ლიდერის წინააღმდეგ წავიდა, ჩააგდო გავრილოვის სისხლიანი ღამის შემდეგ ივანიშვილის მიერ დაპირებული პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივა და  პოლიტიკურ ველზე ე.წ. ამბოხებული დეპუტატის სახელი დაიმსახურა.

დიმიტრი ხუნდაძე 2020 წლის არჩევნებისთვის უკვე ემზადება. უფრო  კონკრეტულად რას აპირებს ე.წ. მეამბოხე მაჟორიტარი – ამ კითხვის დასმის საშუალება დეპუტატმა არ მოგვცა. 

“ფორმულა”

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.